იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით (1:1) დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე, ეს მაინც ლოგიკური შედეგია, მაგრამ ბოლო წუთებზე მარცხს გადავურჩით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი - Var-ის მეშვეობით დანიშნულ პენალტს.

გამოცხადებული შემადგენლობა

ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.

Sportall.Ge

როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ
დროს შემადგენლობაზე შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. გამოიკვეთა, რომ ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, მინიმუმ, 4 დღით ადრე ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი აზაროვს, რომელიც რეალურად, ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველი იყო, შესარჩევის პირველ ტურში ათამაშებდა. მანამდე სანიოლმა თქვა და ჩვენც ვიცით, რომ მას "ცრვენა ზვეზდაში" იდეალური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, მის ფორმაში შესასვლელად დამატებითი შეხვედრა ცუდი არ უნდა ყოფილიყო, უფრო პირიქით.

ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.

Sportall.Ge

სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

რა ვუყოთ ნახევარდაცვას?

მატჩამდე ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა ჩვენი ძლიერი მხარე არაა და შანსები უფრო კონტრშეტევაზე უნდა გვეცადა. ასეთ თამაშს ბურთის ჩაჭრა, მოპოვება და სწრაფი ფეხბურთელის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დროული "შემჩნევა" სჭირდება. ამის გარდა, როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, იქ ბევრი მოძრაობაა საჭირო. წინა დღეებში დავწერეთ, რომ ნიკა კვეკვესკირი მონღოლეთთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და მაშინვე მივუთითეთ, რომ ჩვენი ნახევარმცველის ასეთივე თამაში ნორვეგიის დონის გუნდთან გვჭირდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება უფრო მეტ სისწრაფესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ იქნებ თავს ვიტყუებთ, როცა "ერთა ლიგაზე" მეტოქეების ჯობნით უფრო დიდ მიზნებს იოლად ვსახავთ, თუმცა ამბიცია აუცილებელია, ნორვეგიასთან ფრით ხომ აღფრთოვანება არ შეინიშნება.

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.

როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.

კვარაცხელიას ფაქტორი

"ნაპოლის" თამაშებით ამხელა სიამოვნების მიღების ფონზე იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვაგვარადაა. "კვარა" რამდენიმე მეთვალყურის მიუხედავად ახერხებდა, თანაგუნდელები კარგი პასებით მოემარაგებინა. ნეაპოლურ კლუბში ყველაფერი ეს სხვაგვარად "ხურდავდება", ნაკრებში კი მათი გოლად ქცევა გაჭირდა. კვარაცხელიას გატანა თავადაც შეეძლო. გარდა ამისა, ის დაცვით ფაზაში ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე ნორვეგიელის მუდმივად საკუთარ ნახევარზე "მიჯაჭვით" საქართველოს ნაკრებს მასიურ იერიშებს არიდებდა.

წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..

P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია და ეს ზურიკო დავითაშვილზე მახსენდება, როცა ფენომენალური გარღვევა მოაწყო და დასარტყმელად და ალბათ საუკუნის გოლის გასატანად წამის მეასედი დააკლდა. ალბათ რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში. ნაიკის რეკლამიდან რუნის მონაკვეთი:)
უვიცი
01:54 30-03-2023
1
კვარაცხელიაზე ცუდის თქმებს არ ვართ, მაგრამ ნორვეგიასთან კვარა იყო რიგითი ფეხბურთელი მაღალი კლასით, რაც პრინციპში მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ სამჯერ გააკეთა საფირმო შემოწევა ცენტრში და დაარტყა კარისკენ, თუმცა ერთხელ ძალიან უხეიროდ, ერთხელ ნაკლებ უხეიროდ და ერთხელაც კარგად, როდესაც ერთი მეტრით აცდა ბურთი კარს.
უვიცი
01:38 30-03-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული