საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსი 2:1 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, პირველი მომენტი მიქაუტაძემ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი კარს ასცდა. ამას დაცვაში ჩვენი გუნდის შეცდომა მოჰყვა, როდესაც ჯერ მამარდაშვილმა, შემდეგ კი ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშებისას კვარაცხელიამ ორჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა აღინიშნოს, მეტოქე ღრმად დაცვაში არ იყო ჩამდგარი და ჩვენი ნაკრები დიდ უპირატესობას არ ფლობდა. 27-ე წუთზე ხვიჩამ ჩინებული პასით ჩაკვეტაძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. 31-ე წუთზე
კი მიქაუტაძემ ნახევარმცველ გოგიჩის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 35-ე წუთზე ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში მოწინააღმდეგის თავდამსხმელი ანტონიუ წაიქცა და პიტასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე გოგიჩმა „კვარას“ სახეში თავი ჩაარტყა და მსაჯმა მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა. ცოტა ხანში კვიპროსელებმა კინაღამ მეორე გოლი გაგვიტანეს - კორეამ ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლის შეგირდები თამაშის დალაგებას და შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, გუნდურად ვერ მოქმედებდნენ, ტემპი დაეცა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგმა სპეციალისტმა სამმაგი ცვლილება განახორციელა. მასპინძლებმა კი კიდევ ორი მომენტი ვერ გამოიყენეს - ჯერ მამარდაშვილმა, ხოლო შემდეგ ისევ ხარიხამ გვიხსნა. 82-ე წუთზე ხვიჩამ მიქაუტაძე მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და მან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, თუმცა მისი თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 20 ივნისს გლაზგოში ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან ჩაატარებს.

ლარნაკა. "აეკ არენა"
კვიპროსი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39, პენ), 1:2 დავითაშვილი (84)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (დვალი 87), აზაროვი, კვეკვესკირი (გაგნიძე 74), გოჩოლეიშვილი (ლობჟანიძე 74), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 74), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 87)

მკითხველის კომენტარები / 156 /
ბრავო ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ გილოცავთ გამარჯვებას !!! კარგი თამაში იყო ნამდვილად თუმცა სკოტებთან უფრო მაგრად უნდა ვითამაშოდ თქვენ ეგ შეგიძლიათ. კვარაცხელია გოლი გვინდა გოლი))
gio9
13:13 19-06-2023
0
კვეკვესკირს ბევრი შეცდომა დაუგროვდა აშკარად გაგნიძე ჯობია გუნდისთვის
irakli
21:03 18-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული