სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

AutoSharing Option
სპორტით დატვირთულ სექტემბერში ფეხბურთს თავისი დიდი ადგილი უჭირავს - საქართველოს ნაკრები ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს, მეტოქეები კი უძლიერესია, ესპანეთი და ნორვეგია. შოტლანდიის ნაკრების შესანიშნავი სტარტის შემდეგ ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეებს ქულები ძალიან სჭირდებათ. ერლინ ჰოლანსა და მის თანაგუნდელებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჟამად კი დრო "ფურია როხას" დავუთმოთ. მუდამ ფავორიტი ესპანელები დაგვიმარცხებია კიდეც, დრამატულადაც წაგვიგია, ბოლო თბილისურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ვიგებდით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი დასანანი გოლი გავუშვით (1:2).

Sportall.Ge

ვილი სანიოლის ტაქტიკა კონტრშეტევებზე საკმაოდ წარმატებული იყო, გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა,
მაგრამ ბოლო დროს მისი ხარისხიანად განხორციელებაც გვიჭირს. ობიექტურად, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი უკვე ძალიან რთულია, თუმცა ამ გზაზე ბოლო შანსებია. გაახალგაზრდავებულ ესპანელებთან ჩვენი შანსი უნდა ვეძებოთ, რომელიც მხოლოდ კვარაცხელიას ინდივიდუალიზმს არ უნდა ეფუძნებოდეს.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადი საკმაოდ გადაახალისა, ახალი სახეები არიან. აქედან გამომდინარე, სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა რთულია. "ჯვაროსნების" დამრიგებელს შუა შესარჩევში ვერც მკვეთრ გადახალისებას მოვთხოვთ და გარკვეული თაობათა ცვლის დროც დადგა. შემადგენლობას თითქმის ზუსტად ვვარაუდობთ ხოლმე და შეცდომების დაშვება არც ახლა გვსურს. თანაც, ჩვენი მიზანი უფრო სიტუაციის ობიექტური ანალიზია.

გიორგი მამარდაშვილი
- აქ სამსჯელო არაფერია, "ვალენსიას" კიპერი ბოლო ტურში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პენალტი ორჯერ მოიგერია და თავისი გუნდის სუსტი გამოსვლის მიუხედავად, კარგ ხასიათზეა.

საბა საზონოვი - საბას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი წარმატებული ჰქონდა, ახლა კი კარიერას იტალიის ჩემპიონატში აგრძელებს. უთამაშებლობა უკანასკნელ უქმეებზე და ნაკლებად დამაჯერებელი თამაში ბოლოს მოსკოვის "დინამოში" თითქოს ამის თქმის საშუალებას ნაკლებად იძლევა, რომ საზონოვი პირველივე წუთებიდან ითამაშებს, მაგრამ მისი მონდომება და კარგი ფიზიკური მონაცემები ბევრ რამეს დააბალანსებს.

გურამ კაშია - კაპიტანმა ბოლო ტურში გაიტანა და ამაღლებულ განწყობაზეა. მის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ გურამს ის უნარები აქვს, რაც ჩვენი დაცვის ხაზს ერთიანს ხდის.

Sportall.Ge

ლაშა დვალი ან ალექსანდრე კალანდაძე - თუ ისევ ვივარაუდებთ, რომ სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას აირჩევს, მაშინ მარცხნივ მას სულ ორი ვარიანტი აქვს. ხოჭოლავა ტრავმირებულია, ტაბიძე და ლოჩოშვილი ნაკრებში აღარ არიან, კვირკველია კი საზონოვის კონკურენტად უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, დიდია შანსი, "აპოელის" მცველი ლაშა დვალი ძირითადში ვიხილოთ. თუკი ვარჯიშებზე შესაბამისი შთაბეჭდილება დატოვა, იქნებ დრო 21-წლამდელთა ნაკრებში წარმატებულ კალანდაძესაც მიეცეს.

იორგი გოჩოლეიშვილი ან საბა ლობჟანიძე - ვილის მარჯვნივ საკმაოდ ბევრი ფიქრი დასჭირდება. ერთი მხრივ, გოჩოლეიშვილის ბოლოდროინდელი პროგრესი და მეორე მხარეს საბა ლობჟანიძის შესანიშნავი ფორმა და გოლები აშშ-ში. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იქნება, თუ მწვრთნელის აზრით, რომელს აქვს დაცვაში თამაშისა და კონტრშეტევებზე უპირატესობის შექმნის უკეთესი უნარები.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძე ან გიორგი ქოჩორაშვილი
- ქოჩორაშვილი ესპანეთში თამაშობს, თუმცა ამ ქვეყნის ნაკრებთან დებიუტი, თანაც შუა ხაზში, სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეტია შანსი, "ჩამშლელად" სანაკრებო გამოცდილების მქონე ლუკა გაგნიძე ვიხილოთ. თბილისის "დინამოს" საევროტურნირო წარუმატებლობა გულშემატკივრებს ძალიან აბრაზებთ, მაგრამ ამის გამო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ გამოვა და ამ პოზიციაზე ანზორ მექვაბიშვილიც გამოდის.

ოთარ კიტეიშვილი - ოთო ახლა ფორმაშია, ეს კი შესანიშნავია. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენი ნაკრების შუა ხაზში ბურთით ყველაზე კარგად ის მოქმედებს. სანიოლის სიაში გამოცდილი გიორგი აბურჯანიაცაა, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატში კარგი საგოლე პასი შემოგვთავაზა. 

ირაკლი აზაროვი - მამარდაშვილის არ იყოს, "შახტარის" ფლანგელიც მარცხნივ უალტერნატივოა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან სასტარტოში შესაძლოა არ ითამაშოს, ისაა, რომ სანიოლმა როტაციას მიმართოს, დრო წიტაიშვილს მისცეს და ირაკლი უფრო ნორვეგიისთვის შემოინახოს.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი - "ბორდოს" შემტევმა ბოლო ტურში საგოლე პასი შეასრულა. ეროვნულ გუნდის ივნისის მატჩებში ცოტა ითამაშა, ახლა კი სასტარტოში ველით და იმედია, საკუთარ დადებით მხარეებს სრულად გამოავლენს. არ დაგვავიწყდეს გიორგი ჩაკვეტაძის განაცხადში ყოფნა.

ხვიჩა კვარაცხელია - "კვარა" ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს, "მშრალი" სერიის დასრულებას და გატანას კი ესპანეთთან ეცდება. ხვიჩას წინააღმდეგ ახლა ყველა განსაკუთრებულად იბრძვის. მიუხედავად ამისა, მას გუნდისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. კვარაცხელიას "აფეთქებებს" ქართველი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან.

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟმა", ფაქტობრივად, საკუთარი მხრებით ატარა "მეცი", ამ გუნდს 4 ქულა მოუპოვა და "აიაქსში" გადავიდა. ცოტა ხანში მის გოლებს აქაც ველით. ახლა მთავარია, ჩვენმა ნაკრებმა მისი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. სანიოლმა თქვა, რომ ორ ფორვარდში ის უფრო პროდუქტიულია, მაგრამ ესპანელებთან ეს რამდენად გამოვა, ვერ ვიტყვით.

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

altსანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...

მკითხველის კომენტარები / 39 /
ისე ახალგაზრდული ნაკრები თამაშობს დღეს ქუთაისში. ვინმემ საერთოდ სადმე ახსენა? ვინმეს აინტერესებს რას იზამს ახალგაზრდული ნაკრები ან როდის თამაშობს ან ვინაა ძირითაში, ვის ეთამაშება და ასე შემდეგ? არსად მინახავს ინფორმაცია. უბრალოდ ქუთაისშია და მაგიტომ ვიცი. დარწმუნებული ვარ არცაა ბევრი ხალხი მისული სტადიონზე.
თუ წააგებენ მერე დაიწერება სადმე და ოოო დაატეხავს რისხვას ჩვენი კლავიატურის ექსპერტები.
ფარისევლები თუ არ ხართ რატო გკიდიათ ახლა ახალგაზრდული ნაკრები, ხვიჩათი რო წაიღეთ ტვინი, იიი არ ითამაშა, იიი მოღალატე:დ
ვითომ განაღვლებთ რას იზამს ახალგაზრდული ნაკრები სადმე.
უბრალოდ ხვიჩას პონტში ილანძღებოდით თორე ფეხებზე რომ გკიდიათ კარგად გამოჩნდა.
ხვიჩა არის მარტო თქვენი ინტერესის ობიექტი და ყველაფერი,რაც ხვიჩას ეხება.
რა სირცხვილია ამას რომ აღმოაჩენ
????
20:46 06-09-2023
4
როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სულ დიდი ანგარიშით რომ წავაგოთ მაინც მხარს დავუჭერ ბოლომდე, რადგან ღრმად მჯერა, რომ მხოლოდ მხარდაჭერით და მეტი გულშემატკივრობით გავალთ შედეგზე. ახლა თუ არა მოგვიანებით მაინც. უკვე გავიარეთ ის პერიოდი, როცა ყველა იგინებოდა, ყველა კარტოფილის დათესვას გაიძახოდა მოედნებზე და ყველაზე ენამოსწრებული და მაგარი ტიპები ეგონათ თავი რაც უფრო ენამახვილურად დაამცირებდნენ ნაკრებს. ამან არაფერი მოიტანა სასიკეთო და ხალხმაც ჭკუა ვერ ისწავლა. მართლა არაფერი მოიტანა წლების მანძილზე. წაგება-გინება, წაგება-გინება და ერთ წრეზე ტრიალი.
მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს. არამგონია არსებობდეს ფეხბურთელი, ვისაც მოგება და გულშემატკივრის გახარება ან თუნდაც ჰეითერების გაჩუმება არ უნდოდეს. წარმოუდგენლია ეგ, უბრალოდ ზოგჯერ სურვილები შესაძლებლობებს აღემატება და რატომაც არის დღეს ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეში, ამის დანაშაული ყველამ უნდა ეძიოს თავის თავში.
ესპანეთის ნაკრებს 44 წელი არაფერი ჰქონდა მოგებული, სანამ მაგარი თაობა არ გაეზარდა და სანამ 2008 წელი არ დადგა. რაული, ხუაკინი და უმაგრესი ფეხბურთელები ჰყავდათ მაგრამ ვერ დებდნენ შედეგს. სამაგიეროდ წამოვიდა ვილია, ტორესი, ინიესტა, ჩავი, რამოსი, ფაბრეგასი, სილვას თაობა და მოიგეს ყველაფერი ერთად.
სტადიონებზე კარტოფილის დათესვაზე რომ ეფიქრათ კი ვერ მივიდოდნენ აქამდე :)
ყველამ დაფიქრდით უბრალოდ რამხელა პროგრესი გვაქვს გასულ წლებთან შედარებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატარა ბავშვები ხვიჩას და მამარდას დანახვაზე ტირიან. აქამდე ეს გახსოვთ?
მე არა.
ჩემს ბავშვობაში ნამდვილად არ მყვდა ქართველი ფეხბურთელები კუმირებად.
პროგრესი რომ არ დაინახო ბრმა უნდა იყო მაგრამ საკმარისი არაა რათქმაუნდა...
Skeleton
21:50 06-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული