"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
სანიოლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ისე ვეხუტებით ჩვენს საუკუნოვან ( თანაც ერთმორწმუნე) ძმებს,რომ ალბათ დროა სლუცკი ან სიომინი ჩამოვიყვანოთ ( როგორც ბევრი იძახის, უყვართ ქართველი ფეხბურთელები). თანაც ალკოჰოლზეც არ იტყვიან უარს. და ჩვენც გავიხარებთ. აბა ომი გინდათ?
ჟორა
22 თებერვალი 2024 01:07
0
1000% გაუშვით ეს უმაქნისები!
გიორგი
05 ოქტომბერი 2023 11:47
0
Სანიოლს შეეშვით.... Კობიაშვილი გასაშვებია ქართული ფეხბურთიდან!
Ზაზა
20 სექტემბერი 2023 12:19
3
უემოციოდ.. რა დონის და გამოცდილების არის მწვრთვნელი, თამაშის იმ დონეს აჩვენებს მისი გაწვრთვნილი გუნდი. რომელი თამაში გახსენდებათ, ოდნავ მაღალი დონის გუნდთთან, სადაც მაღალი ტემპი შევთავაზეთ მეტოქეს..??
დავით
16 სექტემბერი 2023 11:10
3
აუჰ..... სანიოლის გაშვება ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს რააა.
დევდარიანი
15 სექტემბერი 2023 16:00
5
ფედერაცია დამნაშავე, აბა ვინ არის? თითქმის მილიარდი დაიხარჯა და სად გვაქ პროგრესი? კლუბებს აქვთ? ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ? ეროვნულში ერთხელ ჩაკვე გამოჩნდა გაგვიყვანა ჯგუფიდან, მეორედ კი კვარა, ეგ ფედერაცის და მწვრთნელების დამსახურება არ იყო, იჭმევა დიდი ფული, არ კეთდება დიდ ქალაქებში აკადემიები, ბავშვებს არ ავარჯიშებენ ისე როგორც ევროპაში და როგორ ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთი? კიდევ ყოჩაღ ნაკრებს, რო ყველასთან არ აგებს, რამოდენიმე ფეხბურთელის წყალობით.
გოგა
15 სექტემბერი 2023 10:52
1
წინა მთავრობის დროინდელი ფედერაციის "სასტავი" ნავარდობს აქ მე მგონი...
გიორგი 11
15 სექტემბერი 2023 10:51
12
დავუშვათ გავუშვით კობიაშვილი, ამით კვირკველია რამოსის დონეზე ავა? ან აბურჯანია კაზემიროსავით გაუვალი გახდება, ან მამარდა უცებ ისწავლის ფეხით ბურთის ამოტანას? ვერ ხვდებით რომ ჩვენი ფეხბურთელების დონე არის საშუალოზე დაბალი და ეს არის მიზეზი წარუმატებლობის
მამუკა
15 სექტემბერი 2023 03:59
11
პ.ს. და კიდევ, კვირკველიაზე და აბურჯანიაზე უკეთესი ფეხბურთელები რომ გვყავს და მაგათ არ ათამაშებენ ზუსტად ეგ არის ფედერაციის და მწვრთნელის ბრალი.
dd
15 სექტემბერი 2023 09:34
1
ჩვენი ფეხბურთელების დონე რაც არის, იმ დონეზეც რომ ვერ ვთამაშობთ, ეგ არის პრობლემა. გუნდი მე-20 საუკუნეშია ჩარჩენილი და თანამედროვე ფეხბურთისგან ძალიან შორსაა.
ჩვენზე სუსტი შემადგენლობის გუნდები თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს და ჩვენ რომ ეს ვერ ან არ გამოგვდის, სწორედაც რომ ფედერაციის და მწვრთნელის ბრალია.
dd
15 სექტემბერი 2023 09:32
1
სხვაზე დაბრალება კაი ვიცით, აგერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კინაღამ ლინჩის წესით გაასამართლეს და ერთი კვირაა რაც მოხსნეს, მაგრამ ფეხბურთელებმა თავისი თამაში აჩვენეს უპრეზიდენტოდ და ნახეთ რაც ქნეს, ფეხბურთელი უნდა დარბოდეს და ბურთს რო კარში არტყავს უნდა იტანდეს, ჯერ ფეხბურთი აქვთ სასწავლი ფეხბურთელებს!!!
ლაშა
15 სექტემბერი 2023 00:51
6
აბა დამწკრივდით და მიჰყევით ყველა ზუროსს, სანამ კიდევ გაქვთ დრო!
გენერალი
14 სექტემბერი 2023 23:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული