საქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას მუდმივად გთავაზობთ. ესპანეთთან (1:7) განადგურების შემდეგ ამისგან თავი შევიკავეთ. არა იმიტომ, რომ ვინმეს "ვზოგავდით", ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები ისედაც გაგაცანით; უბრალოდ, ნორვეგიასთან მატჩის წინ ფეხბურთელების დამატებით "მიწასთან გასწორება" არაფერს მოგვცემდა. ახლა ოსლოშიც (1:2) დავმარცხდით. კარგი სათქმელი კვლავ ბევრი არაფერია...

ორივე მატჩში მონაწილე ჩვენებურებზე ინდივიდუალურ მსჯელობას გთავაზობთ, ოღონდ ამჯერად ქულების მინიჭების გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ არაერთს ნულთან ახლოს მყოფი შეფასება უნდა მიეღო, მათგან ზოგიერთი კი დამსახურებული ვეტერანი, ზოგიერთი - საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა...

გიორგი
მამარდაშვილი
- ძალიან რთულია, როცა მეკარეს ამხელა წნეხი აქვს, მის კარს განუწყვეტლივ უტევენ და ორ შეხვედრაში ლამის იმდენ გოლს უშვებს, სეზონის განმავლობაში რომ გაუტანენ. "მამარდას" დამსახურებაა, ესპანელებთან ორნიშნა ანგარიში რომ არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება სისუსტეს, როცა გუნდი შეტევაში ასე ცუდად ამოდის, მაშინ კიპერის მხრიდან ფეხით თამაშს დიდი მნიშვნელობაა აქვს. სამწუხაროდ, "ვალენსიას" ფეხბურთელი ზუსტი პასების კომპონენტში გამორჩეული არაა.

გიორგი გოჩოლეიშვილი
- "შახტარის" ფლანგელმა ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს. თუკი ესპანეთთან გოჩოლეიშვილის სუსტი თამაში ტაქტიკას დავაბრალეთ, ნორვეგიასთან ასე არ იყო. გიორგი მეურვეებთან ძალიან დაიჩაგრა, მან აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაში მაშინ, როცა ბურთი არ აქვს, რადგან მხოლოდ შეტევითი ოპერაციებით არაფერი გამოვა.

საბა კვირკველია - გამოცდილ მცველს უამრავი შეცდომა ჰქონდა. მას დაკარგული აქვს ძველებური სისწრაფე, პოზიციურადაც ხშირად იჩაგრება, ნორვეგიასთან ერთ ეპიზოდში კი ბურთი კურიოზულად ამოიტანა.

რა თქმა უნდა, როცა შენს საჯარიმოში განუწყვეტელი ჩაწოდებებია, სულ გიტევენ და ამას ნახევარდაცვა ვერ აჩერებს, რთულია. ესპანელებთან მატჩის სტარტზე რამდენიმე ეპიზოდში საბამ ხიფათი კარგად განმუხტა, შემდეგ კი უბრალოდ თამაშიდან გამოერთო.

გურამ კაშია - კაპიტანმა ორივე შეხევდრა ჩააგდო. ის თვითკრიტიკულია და თავადაც იცის, რომ ასეა. სამწუხაროდ, ასაკი თავისას მოითხოვს. გურამს ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და სურვილი აქვს, ეს გაგრძელდეს, ვილი სანიოლი კი ამის საშუალებას აძლევს.

ირაკლი აზაროვი - იდეალური შეხვედრები არავის ჩაუტარებია, თუმცა ირაკლი აზაროვს სხვაზე მეტად გამოვარჩევთ. ის ესპანელებთანაც არ დაჩაგრულა ისე, როგორც საპირისპირო ფლანგი, ნორვეგიასთან კი შეტევისთვისაც მიაცალა და საგოლე პასი ჩაიწერა.

აზაროვს კიდევ უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს. გარდა ამისა, უნდა ეცადოს, პრესინგის პირობებშიც, ბურთი ნაკლებად დაკარგოს.

ალექსანდრე კალანდაძე
- ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული იმით იყო, რომ მესამე ცენტრალურ მცველად და მარცხენაფლანგელად ერთნაირი წარმატებით თამაშობდა, ნორვეგიასთან კი, მოწინააღმდეგეების ზეწოლის პირობებში, ნაკლებად თამამი და დამაჯერებელი იყო. სანდრომ დიდი გამოცდილება მიიღო და დავით ხოჭოლავას დაბრუნებამდე მას შეუძლია, ნაკრებში თამაშზე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს.

Sportall.Ge

ლაშა დვალი
- ესპანეთის ნაკრებთან ბოლოს ტრავმირებული აზაროვის ნაცვლად შევიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ფურია როხას" ხელი შეუშალა და ახალბედა იამალის შეჩერება მოახერხა. სამწუხაროა, რომ დვალს ბოლო წლებში რეგრესი აქვს, მისი თამაში ხომ 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული დამაჯერებელი იყო.

ვლადიმერ მამუჩაშვილი
- მაშინ, როცა ნორვეგიელებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი აიკლეს, სანიოლმა შანსი მამუჩაშვილს მისცა. ის დაცვით ფაზაში მშვენიერი იყო, ბევრი იბრძოლა, ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოიგო, ხიფათს აგვარიდა და ლოკალური ამოცანა მშვენივრად გადაჭრა.

საბა საზონოვი - მას შესაფასებლად ძალიან ცოტა დრო მიეცა, არადა, ბევრს ველოდით. სავარაუდოა, რომ ვილიმ ის სასურველ ფორმაში მყოფად არ ჩათვალა. იმედია, "ტორინოში" დამკვიდრებას მოახერხებს, ტურინულ გუნდს საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.

გიორგი აბურჯანია - სამწუხაროდ, "აბუც" მათ სიას უნდა მივაკუთვნოთ, ვისაც საუკეთესო წლები უკვე გადავლილი აქვს. მოგვეწონა მისი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში, მაგრამ ამ დონის ნახევარდაცვასთან ორთაბრძოლებს, როგორიც ესპანელებსა და ნორვეგიელებს ჰყავთ, სულ სხვა მოძრაობა, სიხისტე და ფიზიკური მომზადება სჭირდება.

ლუკა გაგნიძე - ლუკას პოტენციალი ნამდვილად აქვს, იოლად არაფერს თმობს და მოედნის ხედვა გააჩნია, თუმცა უფრო მეტი და უფრო კარგ ჩემპიონატში თუ არ ითამაშა, ისე როდრისა და გავის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.

ანზორ მექვაბიშვილი
- ჩვენს ნაკრებში მას ყველაზე განსხვავებული უნარები აქვს, მკვეთრად ჩამშლელია. ისევ მოწინააღმდეგეთა კლასს უნდა შევეხოთ, რომელთანაც ქართველ შუახაზელებს პრესინგის დაძლევა და რამდენიმე ზუსტი პასის გადაბმა უჭირდათ და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მექვაბიშვილი თბილისის "დინამოში" დარჩა და აქ რამდენად შეძლებს პროგრესს, დაველოდოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი - გამოჩნდა, რომ მას ესპანეთის მეორე ლიგაში კარგი პერიოდი შემთხვევით არ აქვს. საკმაოდ გაზრდილი მოგვეჩვენა როგორც პოზიციის შერჩევის, ასევე ართმევისა და საკუთარი შეტევების წამოწყების კუთხით. ნორვეგიელთა გამორჩეულ ნახევარმცველ ოდეგორთან გაუჭირდა, თუმცა პერსპექტივა დიდია.

ოთარ კიტეიშვილი - ოთარს განსხვავებული მატჩები ჰქონდა. თუკი ესპანელებთან შეხვედრა მანაც ჩააგდო, ნორვეგიაში გაცილებით კარგად ითამაშა, რამდენჯერმე გამოავლინა, ბურთთან ურთიერთქმედება რომ იცის. მას ფიზიკურად გაძლიერება და ბურთის იშვიათად დაკარგვა სჭირდება.

საბა ლობჟანიძე - როცა სანიოლი მას მთელ ფლანგს აბარებდა, საბა გაცილებით მობილიზებული, მებრძოლი და შეტევაში მწვავე იყო, ესპანელებთან კი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. გასაგებია, რომ ბურთი იშვიათად მისდიოდა, თუმცა, როცა მიიღო, მაშინაც არაფერი შემოუთავაზებია, თანაც, როცა კვარაცხელიაზე ყურადღება გაზრდილი იყო. ამავდროულად, გოჩოლეიშვილის დახმარება დაცვაში ვერ შეძლო.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - მოგვეწონა მისი მონდომება ორივე მატჩში და გოლის გემოს გახსენება. მიგვაჩნია, რომ მეტი დრო უნდა მიეღო. მთავარია, "ჩაკვეს" "უოტფორდში" თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს.

ზურიკო დავითაშვილი - გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის ნახევარდაცვას. ვიცით, რა "აფეთქებები" შეუძლია შეტევაში, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კი უბრალოდ დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვანახა.

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში წარმატება მაინც გუნდურობით მოდის, მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების გაბრწყინებით კი შორს წასვლა რთულია. სანამ ესპანეთის ნაკრები ძალიან არ "გაგვექცა", "კვარას" რამდენიმე მაღალი კლასის მაჩვენებელი ეპიზოდი ჰქონდა; შემდეგ კი, თანაც იმ ფონზე, როცა გუნდს აღარაფერი გამოსდიოდა, ხვიჩაც "დაიკარგა". ესპანელები კვარაცხელიას მხოლოდ კარვახალის იმედად არ ტოვებდნენ, ამ დროს კი "ნაპოლის" გარემარბი თავისუფალ პარტნიორებს ეძებდა, რომლებიც ამ სიტუაციას სათავისოდ ვერ იყენებდნენ.

ნორვეგიასთან ჩვენგან ყველაზე აქტიური მაინც კვარაცხელია იყო, გატანა კი მხოლოდ საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო.

ხვიჩა ახლა იდეალურ ფორმაში არაა, მისი დაკვირვება კი, როგორც ლიდერის, საინტერესო იყო - თანაგუნდელებს პოზიციებს ურჩევდა, ამხნევებდა, ჩაკვეტაძეს გატანა ემოციურად მიულოცა. "კვარა" პატარა და საყვარელი ბიჭი აღარაა, ის უკვე სხვა მასშტაბებზეა და შორს არაა ის დღე, როცა თავის ბრწყინვალე სანაკრებო სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟს" ასეთი ბედი დაჰყოლია, თამაშობს ნაკრებსა და გუნდებში, რომლებიც ბურთით იშვიათად ამარაგებენ. ამის გამო მინდვრის ცენტრში ჩამოსვლა ან ფლანგზე გადასვლა უწევს და მისი შედეგიანობა იკლებს. როგორ გვახარებდა, რომ ცუდი პერიოდის შემდეგ ნაკრებში მისი ინტეგრაცია და საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა შევძელით. სამწუხაროდ, ამ მატჩებში ისევ უკან დავბრუნდით.

ბუდუ ზივზივაძე - სანიოლმა მარტში კი მოიწონა, ზივზივაძე-მიქაუტაძის დუეტმა გოლი შექმნაო, ამის შემდეგ კი მათ ერთად არ ეყრდნობა. მწვრთნელმა ეს ნორვეგიასთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგაც არ გააკეთა. ჩვენს ქაოსურ შეტევებსა და მაღალ ჩაწოდებებს ბუდუ აშკარად უკეთ ერგება, ნორვეგიაში გაიტანა და დრო რომ ჰქონოდა, იქნებ მეტიც მოეხერხებინა.

ვილი სანიოლი - სანიოლის შეკრული, შეთამაშებული გუნდიდან, რომელიც მეტოქეებთან საკუთარი უპირატესობების გამოყენებას ცდილობდა, სექტემბრის მატჩებში აღარაფერი დარჩა. ფრანგს თითქოს ფანტაზია ამოეწურა, თუმცა ჯიუტად ამტკიცებს, რომ "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ ნახევარფინალში, ყაზახეთის წინააღმდეგ, გუნდი მან უნდა გაიყვანოს. ვილის უჭირს ცვლილებები, ზოგიერთ ფეხბურთელს ძველი დამსახურების გამო უფრო ათამაშებს, ვიდრე ახლანდელი მდგომარეობით; მთავარ მწვრთნელს უძნელდება, არსებული კონტინგენტით რაღაც ახალი შემოგვთავაზოს და ისე გამოჩნდა, თითქოს გუნდის განწყობა/მოტივირებაც პრობლემური გაუხდა.

რაღაც აშკარად შესაცვლელია!..

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altსად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

მკითხველის კომენტარები / 49 /
დავიწყოთ იქიდან რომ სანიოლი გასაშვებია თან ულაპარაკოთ.. მეორე ის რომ ხვიჩა ფეხებს უფრთხილდება ნათლად გამოჩნდა ერთ ეპიზოდში ბურთზე როარ იბრძოლა შეეშინდა ფეხში არ ჩაერტყათ.. მესამე ის რომ ჩაკვე სულ ეძებს ხვიჩას და ამარაგებს პასებით ხვიჩა კი არ იმჩნევს და აიგნორებს მუდამ...ჩაკვე კლასიანი მოთამაშეა და მისი დაიგნორება არ შეიძლება. ბებრებზე აღარ მაქვს საუბარი უნდა წავიდნენ კაშოც კვერკველიაც და აბურჯანია კვეკვესკირი. ის ჯობია ყველა თამაში საზონოვი გელაშვილო კალანდაძე იყვნენ სასტავში რომც წავაგოთ თამაშები გამოცდილებას მაინც შეიძენენ და ეს ბებრები ხვალ ზეგ ლურსმანზე ჩამოკიდებენ ბუცებს და ახალგაზრდა ბიჭებს რატო ვართმევთ შანსს გამოცდილება გაიღრმავონ...არაბიძე ერთი კაცი რომელიც ჯარიმას იტანს რატო არ იძახებენ? ტორპედოშია კარგი ჩამშლელი ევროთასებზე კარგად ითამაშა დაღვინებული ტექნიკური და ჟილკიანი ბიჭია 29წლისაა მგონი გვარი არ მახსოვს. გველესიანი გასატესტია... და კიდევ არიან ბიჭები რომლებსაც არ იმჩნევენ და ასე არ გამოვა ნაკრები ყველასია ყველამ უნდა იქნეს გამოძახებული ვინც იმსახურებს და არა იმის გამო იაშკას ბრატის ძმაა თუ კობი კალასი!!!! უმდაბლესი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ ბოლო 4თამაშია...... ხვიჩა გამოფხიზლდი ცოლის მოყვანა კაია მაგრამ საქმე ბიძია.... ქართველებს გვჩვევია ზედ დაკვდომა მაგით ვერავის გავაკვირვებთ და ვერც ვინმეს ამოუვსია.... დიდი იმედი მაქვს რომ გამოფხიზლდებიან და საქმეს ხელს მოკიდებენ საცოდაობა იყო ამდენი ხალხის თვალწინ ასე სამარცხვინოთ წაგება......
რონი
20:43 15-09-2023
3
მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.
Charley
17:47 15-09-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული