საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჰოლკინგმა და ფეხბურთელმა ბორდინ ფალამ კომენტარი გააკეთეს.
ალექსანდრ ჰოლკინგი: "გვიხარია აქ ყოფნა, ამ დონის ნაკრებთან თამაში. საქართველო დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. გერმანიაში ვთამაშობდი და უშუალოდ მინახავს ქართველების თამაში, მათ შორის, ლევან კობიაშვილის - გელზერკირხენის "შალკეში". უკვე 11 წელია, ტაილანდში ვცხოვრობ. ამ პერიოდში აქაური ფეხბურთი ძალიან სწრაფად განვითარდა და სწორ გზაზეა. გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელი. აზიაში კარგი შედეგები ძლიერ ნაკრებებთანაც გვქონდა. ჩვენი საბოლოო მიზანი
და ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, ამას ვცდილობთ და ამაზე ვფიქრობთ.
ხვიჩას საკმაოდ რთული გვარი აქვს, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი შედარება ბრაზილიელებთან შესაძლებელია, ისეთი ტექნიკური ელემენტებიც აქვს, როგორც ნეიმარს. მას უკვე დიდი მიღწევები გააჩნია და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოტივაციაა. კვარაცხელიას წინააღდმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევაა.
დახვედრით და მასპინძლობით კმაყოფილი ვარ. ტაილანდელებისთვის ცოტა ცივა, ჩემთვის, როგორც ბრაზილიელისთვის კი, იდეალური ტემპერატურაა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ საკმაოდ მკაფიო ტაქტიკა გვაქვს, მაღალ პრესინგს, შეტევასა და ბურთის შენარჩუნებას ვცდილობთ. ამხანაგურ მატჩში მთავარი შედეგი არაა".
ბორდინ ფალა: "ხვალინდელი თამაში მთელი გუნდისთვის გამოცდა იქნება. საქართველო უფრო მაღლა დგას, მაგრამ წინააღმდეგობას გავუწევთ და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ. შემტევ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებულნი, თუმცა ვნახოთ, რთულ მეტოქესთან რა დავალებებს მივიღებთ."