წინა შეკრებაზე ვილი სანიოლის კრიტიკა გიორგი გოჩოლეიშვილის სიაში არყოფნამ გამოიწვია. მაშინაც დავწერეთ და ისევ გავიმეორებთ - გამორიცხული იყო, "გოჩო" მწვრთნელს სამომავლო პერსპექტივაში არ განეხილა. ფეხბურთელმა აშკარად სწორად შეაფასა თავისი ცუდი გამოსვლის პერიოდი და "ბარსელონასთან" შესანიშნავ დაცვით ფუნქციებშიც რომ ვნახეთ, ეს კიდევ უფრო
ამასობაში, სანიოლი დაცვის მარჯვენა ფლანგს აძლიერებს. გასულ თვეში კარგად გამოჩნდა, გარკვეულ ტაქტიკასა და სიტუაციაში ოთარ კაკაბაძეს ალტერნატივა რომ არ ჰყავს. უბრალოდ, სხვა ნომინალური მარჯვენა მცველი არ გვყავს. ის ფორმას იბრუნებს, ბევრს თამაშობს და ვნახოთ, რომელ პოზიციაზე ვიხილავთ, ფლანგზე თუ ცენტრში.
უფრო აუხსნელი საბა საზონოვის მდგომარეობაა. ის ახლა უთამაშებელია, მაგრამ იტალიაში შანსის კარგად გამოყენების შემდეგ ტრავმა მიიღო. ჩვენ თუ მარტზე ვფიქრობთ, 21 წლის მცველი მაშინ გუნდის ნაწილად უნდა განიხილებოდეს, ამისთვის კი ახლა განაცხადში ყოფნაც საკმარისი იქნებოდა. საზონოვი სექტემბერში ნაკრებთან ერთად იყო, თუმცა მინიმალური დრო მიეცა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ვილი "ერთა ლიგიდან" მონიჭებული პლეი-ოფის მატჩ(ებ)ისას აქცენტს კვლავ გამოცდილებაზე გააკეთებს. "ტორინოს" უკანახაზელის პირდაპირი კონკურენტი კი საბა კვირკველიაა. დაველოდოთ, არასატურნირო მნიშვნელობის მატჩებში, ივა გელაშვილს დრო რამდენად მიეცემა. ის უფრო კაპიტან კაშიას ალტერნატივად უნდა მოვიაზროთ. დავით ხოჭოლავას ტრავმის პირობებში კი მარცხნივ ლუკა ლოჩოშვილი და სანდრო კალანდაძე იბრძოლებენ.
სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია. შოტლანდიასა და ესპანეთთან მატჩები იმასაც გამოკვეთს, გაზაფხულისთვის სანიოლი კვლავ "ძველი გვარდიისთვის" (კვეკვესკირი/აბურჯანია) ნდობის გამოცხადებას აპირებს თუ ქოჩორაშვილსა და ალთუნაშვილს უფრო მოიაზრებს. სიაში ველოდით ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც. ფრანგი სპეციალისტი მატჩებს ესწრება, თუმცა...
ჩვენი ფორვარდები სხვადასხვა მიზეზის გამო კლუბში ცოტას თამაშობენ, ამიტომ მიქაუტაძემ და ზივზივაძემ სანაკრებო მატჩებში თავი სრულად უნდა გამოავლინონ. "აიაქსის" ფორვარდმა წინა შეხვედრებში ხასიათი გამოასწორა. რაც შეეხება ვოლკოვს - მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში სეზონში პირველი გოლი 21 ოქტომბერს გაიტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსები გადაწურული აქვს, ესპანეთი და შოტლანდია კი პირველი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან.