შემადგენლობა და ცვლილებები
ვილი სანიოლმა თითქოს როგორც მოკეთეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ბოლომდე დაანახა, თუ რომელ ფეხბურთელებს შეიძლება დაეყრდნოს ევროპირველობის სადებიურო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. ერთადერთი ცვლილება იძულებითი იყო, საბა კვირკველია ჯერ ბოლომდე მზად არაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების
ამხანაგურმა მატჩმა თითქოს ის ახალი ფეხბურთელებიც გამოკვეთა, სანიოლი მინდორზე შესასვლელად პირველ რიგში რომ მოუხმობს. გამოჩნდა, რატომაა გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი, რთულ მეურვეებთან აქ როტაცია საჭირო იქნება. თუკი გიორგი ჩაკვეტაძის ალტერნატივად აქამდე ზურიკო დავითაშვილი მიიჩნეოდა, იქნებ ეს მისია ახლა სანდრო ალთუნაშვილმა მოირგოს, ზურიკო კი უფრო ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იქცეს. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე შესვლის მაინც უმთავრესი კანდიდატი თუ იყო, იქნებ ეს როლი ანზორ მექვაბიშვილს (მოედანზე არსებულ ვითარებას გააჩნია) მიენიჭოს. ძალების გადანაწილება და როტაცია ასეთ ტურნირზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი შუახაზელებისგან ამ ეტაპზე არავის შეუძლია ის ფუნქციები იტვირთოს, რისი განხორციელებაც ოთარ კიტეიშვილს ხელეწიფება. მას ტრავმების გამო არასტაბილურობა ჰქონდა, თორემ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენს ნახევარმცველებს შორის ყველაზე შემოქმედებითია.
მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა...
ძალიან კარგია ის რესურსი, რაც შეტევაშია. მოწინააღმდეგეებიდან თუ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფუფუნება აქვს, სხვადასხვა ფორვარდს ენდოს. თურქეთთან გიორგი მიქაუტაძე რომ დაიწყებს, ეს უტყუარი ჩანს, მომდევნო ტურში (ჩეხეთთან) კი იქნებ პირველი წუთებიდან ბუდუ ზივზივაძე ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს მათი ერთდროულად გამოყენების საშუალებაც. ბარემ საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებასაც თუ გავიხსენებთ, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გიორგი ქვილითაია იქ კონკრეტული და შედეგიანი დავალებებით შემოვიდა.
რაც არ მოგვეწონა...
ტაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მეტი ყურადღება და შეტევაში შანსების ეფექტურად გამოყენება მართებს. მონტენეგრო "წყალწაღებული" ნამდვილად არაა, თუმცა მაინც, თურქეთის ნაკრები ამდენ შანსს არ შეგვაქმნევინებს და თავადაც უფრო უნარიანად შემოგვიტევს ამიტომ დაცვაში ყურადღებაც მეტადაა საჭირო და მომენტების რეალიზებაც. სანიოლი იტყვის, რომ დაცვა გუნდური ელემენტია და მხოლოდ მცველებს არ ევალებათო, რაშიც მართალიც იქნება, მაგრამ უკანა ხაზს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვება, მით უმეტეს, ჩეხების ათლეტური შემტევების ფონზე; კონტრშეტევაზეც უფრო უნდა გამოიყენო მომენტები, მაგრამ ყველა სახიფათო ეპიზოდი გოლად მაინც რომ ვერ იქცევა, ესეცაა.
საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდში გუნდურობა აშკარად სახეზეა, მაგრამ არ ვიცით ამხანაგური შეხვედრის თუ სხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ეპიზოდში ეგოიზმი აშკარად ჭარბად იყო. ზუსტად ვიცით, სანიოლი ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობს, ბიჭებს კი მისი გააზრების პრობლემა ისედაც არ ექნებათ.
გასაგებია, ჩვენი სტრატეგია ბურთის დათმობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მხოლოდ მეკარის გადარჩენის ამარა არ უნდა დავრჩეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო დასახვეწია!..
კიდევ ერთია ბურთის იმ ზონაში დაკარგვა, საიდანაც ხიფათი გარდაუვალია, თანაც, როცა ჩალხანოღლუსა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს ეპაექრები. კარგია, როცა შეტევაში ქაოტურად არ ამოდიხარ, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა დასაყვანი.
მცველებს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვებათ...
რაც კარგი იყო...
აშკარაა, სტანდარტულ მდგომარეობებს უფრო პროდუქტიულად ვიყენებთ, მარცხნიდან გიორგი ჩაკვეტაძის (დიდებული პასები შემოგვთავაზა და ახლა სულ მარცხნივ აღარ მიიწევდა) კუთხურები სახიფათოა. საგულისხმო იყო, რომ ლევან შენგელიას მარჯვენა ალმიდან ჩაწოდება სათანადოდ რომ არ წაუვიდა, მწვრთნელმა ეს უფლება ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა. "კვარას" ნეაპოლურმა შესანიშნავმა ჯარიმამ იმედები მოგვცა, ის ამას ნაკრებშიც შეძლებს და მცდელობა საკმაოდ კარგი იყო.
დაცვაში შეცდომების მიუხედავად, გიორგი გველესიანის შეტევაში ჩართვები ძალიან კარგი იყო. ეს ისაა, რაც ჩვენ ცენტრალურ მცველებს აშკარად აკლიათ.
ისე ჩანს, სანიოლი ფლანგელებს უპირველესად დაცვაში თამაშს ავალებს და ამ მხრივ ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას მიმართებით საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაციაა. მეტი შეტევის სურვილის შემთხვევაში ალტერნატივები აშკარად გვყავს და ეს გიორგი წიტაიშვილის მაგალითზეც ვნახეთ.
კიტეიშვილის გარეშე ბურთის კონტროლი კი გვიჭირდა, თუმცა ჩვენი ნახევარდაცვისგან მაგარი პასები ვნახეთ - ჯერ "ჩაკვეს", მერე სანდრო ალთუნაშვილის და ანზორ მექვაბიშვილმაც "დახატა". რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის ბევრს მოძრაობს და ძალიან საჭირო შუახაზელია.
განწყობა მშვენიერია, უფრო მეტს კი 18 ივნისს ვნახავთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში!..
მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]
ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს
ეს ინტრიგანია ხო?
გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება!
ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა,
მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასის გაკეთებას, რეალურად ბურთი დაკარგა და მერე არც მიულოცა,
და მესამე: 9 ნომერი მაისურა არ ეკუთვნის მაგას და მიისაკუთრა დაუსახურებლად!
მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს.
ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი.
ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს!
სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!