ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.
მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე
ქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ამ ნაკრების უკვე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა გამარჯვება და მიუხედავად დამარცხებისა,ვერც ამ მატჩს ჩავთვლი პასივში.ბიჭებმა დაამტკიცეს,რომ დონით შეესაბამებიან,ევროპის ჩემპიონატის დონეს და ცოტა შემადგენლობის სიღრმეც თუ მოგვემატა,არავის დავუდებთ ტოლს.ადრე ვწერდი,ჩაკვემ,კარისკენაც უნდა გაიხედოს.ახლა მას,კვარაცხელიაც დაემატა.კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ,კარში უნდა ურტყან და არა მხოლოდ პასის მიცემაზე იფიქრონ.ვიცით,რომ ჩაკვესაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და თანდათან იბრუნებს ძველ ფორმას.ახლა უკვე ის დროა,კარშიც დაარტყას.ქება და დიდება,გიორგი ქოჩორაშვილს.ლომივით იბრძოლა და დაცვასთან ერთად,შეტევაშიც ერთერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად მოგვევლინა.საგოლე პასი,ორი ძელი და კიდევ დაახლოებით 58 წუთზე დაწყებული გარღვევა,როცა საკუთარი საჯარიმოდან დაითრია ბურთი,მერე კონტრშეტევაზე,მიქაუტაძეს უპასა და თვითონაც საჯარიმოსაკენ გაიქცა,თუმცა უკვე დაღლილმა,ბოლომდე ვეღარ ირბინა და ტემპი დააგდო.მიქაუტაძეს,რამდენიმე მცველი ეხვია გარშემო და ქოჩორას ბოლომდე რომ ერბინა,შესანიშნავ პოზიციაში მიიღებდა ბურთს,საიდანაც სავარაუდოდ,მეკარეს შანსი აღარ დარჩებოდა,თუ კარში დაარტყამდა.სამწუხაროდ ძალა აღარ ეყო და გიორგიც იძულებული გახდა,ბურთი უკან დაებრუნებინა.მექვაბიშვილმა თავი არ დაზოგა და ისე ითამაშა,მისგან რომ ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ კიტეიშვილობამდე ჯერ ვერ ქაჩავს.მთლიანობაში,წაგების მიხედავად,ამ თამაშმა გვიჩვენა,რომ კარგი გუნდი ვართ და მომატების რესურსიც საკმაოზე მეტია.ასე რომ მომავლის იმედი უნდა გვქონდეს და აქ თუ ვერა,სამომავლოდ გაცილებით უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება.ჩვენ უკვე ბ ჯგუფში ვართ და აქ მიღებული გამოცდილება,იმ გუნდებთან თამაშის პრაქტიკასთან ერთად,ორიოდე წელიწადში,გაცილებით უფრო თავდაჯერებულ გუნდს მოგვცემს.თუმცა ჯერ აქ გვაქვს სათამაშო და პირველი გამარჯვებისათვის აქ უნდა ვიბრძოლოთ.
ჩემგან კი მადლობა დღევანდელი თამაშისთვის და წარმატებები ლომებო!!!
ლოჩოშვილის შეყვანა ( მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ მას პირადად) დიდი შეცდომა იყო.უთამაშებელია, ტემპში ვერ თამაშობს,პასის მიცემა უჭირს....რა ვიცი,ბუდუმ რამე დაუშავა სანიოლს, თუ სხვები ჩაერივნენ ამ შეცვლებში. ბოლო 20-25 წუთი მაინც საჯარიმოში ჩაწოდებებით ვთამაშობდით და რა ვიცი,ბუდუს საყვარელი თამაშის სტილია .
ქოჩორაშვილმა ამ თამაშში მოირგო ლიდერის როლი და გაართვა თავი წარმატებით.
კაშიამაც შესძლო დაცვის ბურჯი ყოფილიყო.
გუნდმა (კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გამონაკლისით) დადო მაქსიმუმი.ზოგჯერ წიტაიშვილის სუსტი ფორმა გამოიკვეთა, მაგრამ ისიც ცდილობდა.
ასე თუ ისე ვულოცავ რომ გუნდმა ალბათ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში აჩვენა.