ჯერ კიდევ რთული გასააზრებელია, მაგრამ ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის წინ იწერება. ამ მასშტაბზე შეცდომებიც სხვა ფასისაა და მიღწეული შედეგებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და არაერთ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის არიან. შეუძლებელია, ამათ მათი საკლუბო პროგრესი არ მოჰყვეს!..
საქართველოს ნაკრებმა სტაბილური გუნდის სახე უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალ მოთხოვნებს შესაბამისად გამოეხმაურება და მიზნებს უფრო თამამად დაისახავს. ახლა მთავარია, ძალების აღდგენა და ემოციების კონტროლი მოვახერხოთ.
პორტუგალიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი ის ვნახეთ, რომ გუნდს სჯეროდა, საკუთარ უპირატესობებსა და მეტოქის სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას სათავისოდ გამოიყენებდა და სასურველ შედეგს დადებდა. ასე იწყება დიდი წარმატებისკენ სვლა. თუკი "სპორტული მორიდება" არსებობს, ის ჩვენ მიმართ უნდა ჰქონდეთ, გუნდის, რომელმაც სისწრაფეები თუ გამოიყენა, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და ენერგია სწორად წარმართა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.
"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია.
წინ ესპანეთის ნაკრებია. თუკი სანიოლზე ვამბობთ, რომ ის სწავლობს და ვითარდება, კარგად გაიაზრებს იმ შეცდომებს, რაც ესპანელების თბილისში ბოლო სტუმრობისას დავუშვით და ასევე იმასაც, როგორ ახერხებდნენ მათ პლეი-ოფიდან გამოთიშვას იმ შემთხვევებშიც, როცა "ფურიას როხას" სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. იმას გავიმეორებთ, რასაც პორტუგალიამდე ვწერდით - ესპანელებიც ისაუბრებენ ძლიერ მეტოქეზე, მაგრამ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის იქნება გარკვეული "ზემოდან ყურების" მომენტები, რომელთაც სათავისოდ გამოყენება უნდა.
გერმანიაში ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისეთივე ბევრი აღარ ჩანს. გასაგებია, ესპანელებს შეხვედრისთვის (კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე) მოსამზადებლად მეტი დრო და რესურსი ჰქონდათ. ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია ქართველი ჟურნალისტების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენი იდენტობა იქნებ ასეთ დროს უფრო ჩანს - იმის დამტკიცებაში, რომ რაოდენობრივი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია!..
ღვთისავარ ანთაძე აახენიდან
თქვენ მხოლოდ თეორეტიკოსი კი არა აქსიმატიკოსიც ბრძნდებით