- U21. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის შესარჩევისთვის ცნობილია
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრებისაგან განსხვავებით, ელოშვილის თაობაზე შედარებით ცოტა ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მწარე რეალობა გვაიძულებს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება მივაქციოთ იმ ფეხბურთელებს, რომელთა თაობაზეც არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია.
- ლევან, თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უნდა მოგილოცოთ...
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მინდა გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. ვეცდები, ბოლომდე გავამართლო სამწვრთნელო შტაბისა და ქართველი გულშემატკივრების იმედები. დამეთანხმებით, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, დაიცვას მშობლიური ქვეყნის ნაკრების ღირსება. ჩემი ოცნებაც ესაა.
- ფაქტია, ქართველმა გულშემატკივარმა შედარებით ცოტა იცის თქვენ შესახებ. მოგვიყევით, რა საფეხბურთო გზა გაიარეთ.
- მშობლებმა 7 წლის ასაკში მიმიყვანეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში". მალე ის "საბურთალოსთან" გაერთიანდა და ამის შემდეგ უკვე ავსტრიაში გაგრძელდა ჩემი კარიერა.
- საინტერესოა, როგორ მოხვდით ამ ქვეყანაში ასეთ პატარა ასაკში?
- ავსტრიაში 2013 წელს ჩამოვედი მშობლებთან ერთად და ჩავბარდით ლტოლვილად. ისე მოხდა, რომ ამ მიწაზე გაგვანაწილეს საცხოვრებლად. მითხრეს, რომ არსებობდა "კაპფენბერგის" საკმაოდ ძლიერი აკადემია და გადავწყვიტე, სინჯებზე მივსულიყავი.
- რა ვითარებაა გუნდში, რამდენად გრძნობთ ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების ნდობას? პარტნიორებს როგორ შეეგუეთ?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც კლუბის ხელმძღვანელებთან, ისე მწვრთნელებთან და პარტნიორებთან.
- რას იტყვით ავსტრიის პირველი დივიზიონის დონეზე?
- ალბათ, დამწყები ფეხბურთელისთვის ცუდი არ არის. იმედი მაქვს, მალე მეტი სათამაშო დრო მომეცემა.
- რომელია თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა?
- ძირითადად მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობ. იშვიათად მარჯვნივაც მიწევს თამაში.
- საინტერესოა, თუ გაქვთ ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობთ?
- არ მინდა, საკუთარ თავზე ზედმეტი საუბარი გამომივიდეს, მაგრამ ყოველი დილის ვარჯიშის მერე ვრჩები ბაზაზე და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.
- რას იტყვით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შანსებზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? ფაქტია, მის დაწყებას ყველა განსაკუთრებული ოპტიმიზმით ველით...
- წინასწარ რთულია რაიმეს თქმა. ფაქტია, უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით.
- რეჟიმთან როგორ ხართ?
- გულწრფელად გეტყვით, სულ ვცდილობ, რომ რეჟიმში ვიყო. ეს ყველაზე მთავარია ფეხბურთელისა და, ზოგადად, სპორტსმენისთვის.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მეტწილად შინ ვარ ხოლმე.
- საინტერესოა, თქვენი საფეხბურთო გემოვნების შესახებაც ვიცოდეთ...
- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი ვარ. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრებს ვქომაგობ და ლონდონის "არსენალს". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთი ტიერი ანრიმ შემაყვარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"