ლუკა ლოჩოშვილი: კიევის "დინამოში" გარანტიებს არავინ იძლევა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას კიევის "დინამოში" რომ გააგრძელებს.

რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის დღევანდელ რეალობაში ეს ვერაფრით იქნება რიგითი ტრანსფერი. ლოჩოშვილის თამაშს ერთხელ რომ ნახავ, არ შეიძლება არ გაგიჩნდეს იმის განცდა, რომ ის მანერით მართლაც ჰგავს კახა კალაძეს. ახლა მსგავსება კარიერული კუთხითაც თვალსაჩინოა...

ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ კიევის "დინამოში" მანაც იმხელა სახელი დატოვოს და ისევე გააგრძელოს ზრდა, როგორც ეს კალაძემ შეძლო.

"ლელო" უკრაინაში დაუკავშირდა ლუკა ლოჩოშვილს და ინტერვიუ სთხოვა...

- თავდაპირველად, კიევის "დინამოში" გადასვლა უნდა მოგილოცოთ. საინტერესოა,
თუ იყო სხვა ვარიანტები და რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც კიევის "დინამოზე", რომელსაც, თავისთავად, არაფერი დაეწუნება?
- მადლობა მოლოცვისთვის!.. იყო სხვა ვარიანტები, მაგრამ მათზე ახლა არაფერს ვიტყვი, ეს უკვე ჩავლილია, ახლა კიევის "დინამოში" ვარ და ყველაზე რეალური შემოთავაზებაც ეს იყო. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, თუ რა პირობებია ამ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების მხრივ. დავამატოთ ამას ისიც, რომ კიევის "დინამო" ისტორიულად დიდი კლუბია. ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაშობს... უბრალოდ, წელს არ გაუმართლათ...

მოკლედ, ჩემი აზრით, ეს ის კლუბია, სადაც ჩემი, როგორც ფეხბურთელის, პროგრესი გაგრძელდება.

- ალბათ, თავიდან, სანამ რეაბილიტაციას გაივლით, დუბლშემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებთ...
- იცით, რომ კიევში ტრავმირებული ჩამოვედი. ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოვირჩინო ფეხი. ამას მოჰყვება სარეაბილიტაციო პერიოდი და ფიზიკური კონდიციების ამაღლება, რადგან აქ სხვა მოთხოვნებია.

აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ვარჯიშის დაწყების მომენტში ვერ ვიქნები ოპტიმალურ ფორმაში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე მატჩს დუბლშემადგენლობაში ჩავატარებ, რათა ოპტიმალურ ფორმაში შევიდე. ამის მერე კი პირველ გუნდთან ერთად ვიქნები.

ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, კიევის "დინამოში" დიდი კონკურენციაა. აქ გარანტიებს არავინ იძლევა.

- თუ გაესაუბრეთ ახალ თანაგუნდელებს და მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ხაცკევიჩს?
- ფეხბურთელებს ვერა, მაგრამ მწვრთნელს კი ველაპარაკე. ახლა სანაკრებო პაუზაა და თითქმის ყველა ფეხბურთელი წასულია. ხაცკევიჩმა მალე გამოჯანმრთელება და ფორმაში დროულად შესვლა მისურვა.

ზოგადად, აქ ძალიან თბილად დამხვდნენ. ეს ეხება როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მთლიანად კლუბის პერსონალს. ამას კიევში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვგრძნობ.

- ზოგადად, თქვენი პირველი შთაბეჭდილებები როგორია?
- ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, კლუბის განკარგულებაშია ბაზა, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. იქ 6 მინდორია, სამედიცინო მომსახურებაც უმაღლეს დონეზეა... წარმოიდგინეთ, დღეში 5 პროცედურას ვიკეთებ ფეხზე. ამ მხრივ ისინი ჩვენზე წინ არიან.

ვფიქრობ, აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე. მიმაჩნია, რომ ამას თავდაუზოგავი შრომით შევძლებ. მთავარია, ყველა მენდობა და ჩემი ეიმედებათ. ამაზე მეტყველებს სწორედ 5-წლიანი კონტრაქტიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა გილოცავ და სულ წარმატებებს გისურვებ ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
09:27 05-09-2017
0
ყოჩაღ ასე რომ ფიქრობ, ვარჯიში და თავდადება არის წარმატების წინაპირობა და გისურვებ წარმატებებს, კალაძეზე უფრო კარგი კარიერა გქონოდეს. კალაძე არის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და მისთვის გეჯობოს. მე არ გიცნობ და არ ვიცი შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, უბრალოდ როგორც ახალგაზრდას და ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მყოფს მინდა ერთი რჩევა მოგცე: წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აზროვნება, ლოგიკა და ანალიზის უნარი, ამიტომ ამაზე იზრუნე აუცილებლად. მალე მინდა გიხილო ნაკრებში.
patrioti
21:51 04-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული