ამ დროისთვის, ჯაბა კანკავა დუმილს ინარჩუნებს და ეს არცაა გასაკვირი. ჯერ ერთი, ის მაშინაც სიტყვაძვირი იყო, როცა კარიერაში წარმატებული პერიოდი ედგა და ახლა, მით უმეტეს, არ იწვის ლაპარაკის სურვილით. თავიდანვე უნდა დავწეროთ, რომ სიტყვაძვირობა უკმეხობაში არ უნდა აგვერიოს - ის არასოდეს საუბრობს ბევრს, თუმცა, რასაც ამბობს, ამბობს სიმართლეს და გულით.
რა თქმა
გუშინ გავიგეთ, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო ინფორმაცია - საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კარიერა დაასრულოს. ამ დროისთვის ეს არც შემდგარი ფაქტია და არც გადაწყვეტილი, მაგრამ ამის ერთობ სოლიდური შანსი არსებობს.
შევიტყვეთ ისიც, რომ ამ მომენტისთვის კანკავას გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, მაგრამ მათ შორის არ არის ისეთი შეთავაზება, ფეხბურთელის ამბიციებს რომ შეესაბამებოდეს.
წლების განმავლობაში ჯაბა ერთგულად ემსახურა საქართველოს ნაკრებს და ყველა იმ კლუბს, სადაც კი ოდესმე უთამაშია. ის ყველა გუნდში წამყვანი ფეხბურთელი იყო და, ცხადია, გამორჩეული მოთამაშე გახლდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ბუნებრივია, დიდი ფიზიკური დატვირთვების ფონზე ჩავლილი წლები იოლი გადასატანი არ არის ფეხბურთელის ორგანიზმისთვის და დგება მომენტი, როცა დაღლილობას გრძნობ. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჯაბა კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა, თუმცა, როგორ გინდა, გულში არ გაგკრას შეგრძნებამ, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და სარგებლობის მოტანა თუნდაც ჩვენი ნაკრებისთვის.
დრო ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ძალიან სწრაფად გადის. გუშინდელი დღესავით გვახსოვს, როგორ გამოჩნდა "დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი. თბილისის "დინამომ", გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ევროპალიგის ჯგუფში რომ ითამაშა, ამაში კანკავას წვლილი ძალიან დიდი იყო.
რა თქმა უნდა, უცხოურ კლუბებს თვალთახედვის არეალიდან არ გამოჰპარვიათ ქართველი ფეხბურთელის დიდი პროგრესი. მალე კანკავამ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაინაცვლა, იქიდან კი კიევის "არსენალში" აღმოჩნდა. ცხადი იყო, ჯაბასთვის ეს უკრაინული კლუბი ტრამპლინი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბში - დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" აღმოჩნდა.
გავრისკავ და ვიტყვი, რომ სწორედ ამ უკრაინულ გუნდში გაატარა ჯაბამ კარიერის საუკეთესო პერიოდი. მან თავდადებული შრომით დაიმკვიდრა ადგილი უკრაინული გუნდის შემადგენლობაში. რად ღირს თუნდაც ის, რომ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალურ მატჩში იასპარეზა. არ უნდა გამოგვრჩეს ის პერიოდიც, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე უკრაინულ "კრივბასში" იჯარით გაატარა...
კანკავას ბოლო გუნდი ფრანგული "რეიმსი" გახლდათ. ჯაბა იქ დიდი იმედებით მივიდა, თუმცა ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ფეხბურთელი ბოლომდე ვერ შეეწყო ფრანგულ რეალობას. ჯაბას "რეიმსში" ჰქონდა კარგი მატჩები, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა.
საქართველოს ნაკრებში ის 2004 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 65 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
თავის დროზე ის ნაკრების ახალგაზრდა წევრი იყო, ვინც გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობდა. მერე კი თვითონ გახდა ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - აქეთ ეხმარებოდა და ეხმარება ახალგაზრდებს, რათა ნაკრებში თავი შინაურად იგრძნონ.
...იმედს ვიტოვებთ, რომ ჯაბა კანკავა კიდევ, თუნდაც გარკვეული ხნით ითამაშებს ფეხბურთს. მით უმეტეს, ამის შანსი არსებობს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ ვიცი რას გადაწყვეტს ჯაბა,მაგრამ კარიერას თუ დაასრულებს,მასზე წარმოდგენა დამეკარგება.
ბევრი დასაფასებელი გაქვს გაკეთებული ნაკრებისთვის, მაგრამ ახლა ნამდვილად მოვიდა შენი წასვლის დრო. კარგია რომ ამისულაშვილის შეცდომას არ იმეორებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა, ჯაბა!
ნებისმიერმა ქართველმა ლეგიონერმა თავისი კარიერის ბოლო წელიწადი(თუკი ფორმაშია) უნდა გაატაროს ქართულ კლუბში და ახალგაზრდებს მოტივაცია მისცეს,ისე როგორც ეს ჰქნა იაშვილმა და სხვებმა