ქართველ ლეგიონერს "სევილია II"-ში ისე არ წაუვიდა საქმე როგორც სურდა, Sportall.ge აბურჯანიას დაუკავშირდა და მის მომავალზე ესაუბრა.
- რა ხდება შენს გარშემო? ჯერჯერობით ვერ ახერხებ კვლავ "სევილია II-ში" თავის დამკვიდრებას, ეს ტრავმებითაა გამოწვეული თუ სხვა სახის პრობლემებია?
- ჩემს გარშემო ხდება ის, რომ ველოდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას. არის სხვადასხვა მიზეზი თუმცა არ მსურს ლაპარაკი
- ანუ არის შემოთავაზებები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზამთარში კლუბს დატოვებ?
- არის მოლაპარაკებები და როგორც მე, ასევე კლუბი განვიხილავთ და მისაღებ ვარიანტზე შევჯერდებით.
- ახლანდელი გადმოსახედიდან "ხიმნასტიკიდან" წამოსვლას შეცდომად თვლი თუ წინ გადადგმულ ნაბიჯად?
- იმ მომენტში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც ველოდით.
- დაახლოებით სად უნდა ველოდოთ შენს ტრანსფერს. ისევ ესპანეთში თუ შეიძლება ეს რუსეთი ან უკრაინა იყოს?
- რუსეთს და უკრაინას გამოვრიცხავ. არის ესპანური ვარიანტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და უახლოეს მომავალში ყველაფერი გადაწყდება.
- საქართველოს ნაკრების წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი წინა საკვალიფიკაციოს. რატომ ვერ მივაღწიეთ უკეთეს შედეგს?
- ბოლო წლებს თუ გავიხსენებთ ნაკრებმა აჩვენა საუკეთესო თამაშის ხარისხი, თუმცა იგივეს სამწუხაროდ შედეგზე ვერ ვიტყვი. მთავარ პრობლემად მომენტების რეალიზება უნდა მივიჩნიოთ, რაც აუცილებლად გამოსწორდება, დარწმუნებული ვარ.
- რა პერსპექტივას ხედავ? შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუნდაც ერთა ლიგის ტურნირიდან?
- პერსპექტივა რა თქმა უნდა არის და ვფიქრობ ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი, რომ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ არ იქნება ადვილი.