საბა კვირკველია გრასიაზე: რას უწოდებენ რუსეთში უწესო ადამიანს?

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ვრცელი და ერთობ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ მცველთან საბა კვირკველიასთან, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ბაკოვკის ბაზასთან ახლოს თავის ოჯახთან ერთად ბინადრობს ბატონი კვირკველია, რომელსაც მშობლებმა ბიბლიური მეფის სოლომონის სახელი დაარქვეს, თუმცა მშობლიურ სამტრედიაში ამ თმაქოჩორა მაჩოს უბრალოდ, საბას ეძახიან. ასეა "ლოკომოტივშიც", რომლის ღირსებასაც თითქმის ერთი წელია იცავს.

და ის, რომ მას აქ ყველაფერი მოსწონს - ქალაქი, გუნდი, გულშემატკივრები, ახალი ბინა, ადასტურებს ოდნავ დაღლილი კაცის ღიმილი, რომელიც არ იტანჯება ხვალინდელ დღეზე ფიქრით. საუბარი კი მოულოდნელად კინოთი დავიწყეთ.

- თქვენი ისტორია რაღაცით "მიმინოს" ჰგავს. იქაც ქართული პროვინციიდან ჩამოდის ბიჭი და მოსკოვში ყველა სურვილი უსრულდება.


- მართლაც, რაღაც საერთო არის. გახსოვთ, როდესაც ფრენის გადასამზადებელ კურსებზე უშვებენ, 40 წლისაა, მე კი მხოლოდ - 25-ის. მაინც უნდა იჩქარო, რამეთუ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა.

- და როგორ შეაფასებდით განვლილ გზას?

- ციდან ვარსკვლავები არ მომიწყვიტავს, მაგრამ რაღაცის გაკეთება მოვახერხე. ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავ. "რუბინთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზე, ახლა კი ისეთ პატივცემულ გუნდში ვთამაშობ, როგორიც "ლოკოა". მთავარი კი ისაა, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვასპარეზობ. ამისთვის ჩემი მასწავლებლების მადლიერი ვარ.

- მოსკოვს მიეჩვიეთ?

- შეიძლება ითქვას - კი. თუმცა, მარშრუტს იშვიათად ვიცვლი. ხანდახან მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებში შევივლით ხოლმე.

- ჯიქია კომპანიას გიწევთ?


- როდესაც თავისუფალი დრო აქვს. მართლა, გიორგის პირველად რესტორანში შევხვდი. რამოდენიმე ფეხბურთელი ვიყავით, ძმები მირანჩუკები, დიმა ტარასოვი. ჯიქია გია გრიგალავამ გამაცნო, ჩემი გოგოს ნათლიამ.

- ავტომობილის ყიდვას აპირებთ?

- დიახ. ჯერ არ შემირჩევია, თუმცა დიდი დამჭირდება, რათა მთელი ოჯახი დავეტიოთ. მე და ანი ხომ მალე ოჯახში მატებას ველით - ვაჟიშვილს.

- "ლოკომოტივის" ფანების საყვარელი ფეხბურთელი და მეტოქეთა მეკარეების რისხვა ზაზა ჯანაშია შვებულებიდან მუდამ წონაში მომატებული ბრუნდებოდა. თქვენ არა გაქვთ მსგავსი პრობლემა?

- არასოდეს არ მქონია. ყოველთვის 91 კილოგრამს ვიწონი.

- სტუმრები ხშირად გყავთ?


- არა. აი, გაზაფხულზე მშობლებს ველი. როდესაც "ლოკომოტივი" თამაშობს, ნახევარი ქალაქი მამაჩემთან მიდის - იციან, როგორი გულშემატკივარია მერაბ კვირკველია! ის თვლის, რომ მასზე უკეთ ფეხბურთი არავის არ ესმის. მატჩის დროს ჩემს თამაშს დეტალურად არჩევს - ყვირის, ხელებს იქნევს, იგინება. მატჩის შემდეგ ვურეკავ, რათა ჩემი თამაში შემიფასოს.

- თუ ჯანოსთან და ჯიქიასთან ერთად ქართულ სუფრაზე მიმიწვევთ, მწვადს თავად შეწვავთ? ამბობენ, მწვადის შეწვა მამაკაცებს უფრო ეხერხებათო.


- არ მოგატყუებთ, ყველაფერს ქართულ რესტორანში შევუკვეთავ. მათ შორის ჩემს საყვარელ ხინკალს, რომელიც ცხვრის ხორცისგან უნდა იყოს დამზადებული.

- რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოს დალევთ?

- მართალი გითხრათ, არ მიყვარს. თუ სიტუაცია უფლებას მაძლევს, შემიძლია ცოტა ვისკი მოვსვა.

- გული არ გწყდებათ, გუნდში სხვა ქართველი რომ არაა?

- რას იზამ. სამაგიეროდ "ლოკოს" მთავარი გულშემატკივარი დემურ კირთაძეა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტრიბუნაზე კი - ნამდვილი აკადემიკოსი! როდესაც მსახიობ ვალერი ბარინოვთან ერთად ზის ტრიბუნაზე, ნამდვილი სპექტაკლი იდგმება. ასეთი ფანები არავის არა ჰყავს.

- რევაზ ჩელებაძე თქვენი აღმზრდელია?

- დიახ, მან პირველმა გამიკვლია დიდ ფეხბურთში გზა. ის რომ არ ყოფილიყო, დღეს შეიძლებოდა ჩვენი საუბარი არ შემდგარიყო.

- ის ყველგან როგორც თქვენი აგენტი ისე ფიგურირებს.

- მერე რა? ის ჯანოს საქმეებსაც წარმართავს. რატომღაც მიჩნეულია, რომ აგენტები პატიოსანი ხალხი არაა. რევაზ ვლადიმერის ძე საოცრად კეთილი და პატიოსანი ადამიანია. კარგი ფეხბურთელიც იყო, თბილისის "დინამოსთან" ერთად უეფას თასი მოიგო (ევროპის თასების მფლობელთა თასი- რედ.), ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა. ახლა მასეთი ფორვარდის მოძებნა ძნელია.

- და სად გაიცანით?

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. იქ თამაშობდა რეზოს შვილი გიორგი. სხვათა შორის, იმ გუნდიდან რუსეთის პრემიერლიგაში ჯანო (სპარტაკი), ჭანტურია (ურალი) და ოქრიაშვილი (კრასნოდარი) ასპარეზობენ. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ რეზო ვლადიმერის ძე მოვიდა და მკითხა, გინდა რუსეთში თამაშიო? მამას დავურეკე და ვუთხარი. მან მითხრა, რეზო სერიოზული კაცია, უნდა ენდოო. და გავემგზავრე თურქეთში, სადაც "ზენიტი" იყო შეკრებაზე.

- და რა პირობით მიგიყვანეს ასეთ დიდ გუნდში?

- ეს ავანტიურას ჰგავდა: 18 წლის ვიყავი, არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი რუსულად და წარმოდგენა არ მქონდა რას წარმოადგენდა ამ დონის ფეხბურთი. ყველაფერი მეტნალებად გაირკვა, როდესაც გუნდის მწვრთნელის ანატოლი დავიდოვის წინაშე წარმადგინეს. მგონი, მიხვდა რა დღეში ვიყავი, შემაგულიანა, როგორღაც ამიხსნა, რომ კარგად ვარჯიში და თამაში მევალებოდა. ეტყობა, რაღაცით მოვეწონე, ვინაიდან ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე - ექვსთვიანი.

- თქვენი პიტერული კარიერა წარმატებულად ვერ ჩაითვლება, რადგან ახალგაზრდულ გუნდში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარეთ.


- არა მგონია, დრო უქმად დამეკარგოს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთს მივეჩვიე. თანდათან ენაც ვისწავლე. ამის გარეშე "რუბინში" გამოცდას ვერ გავუძლებდი.

- ყაზანში როგორ მოხვდით?


- "ზენიტის" და "რუბინის" ახალგაზრდული გუნდების მატჩის შემდეგ, ჩემთან ჩელებაძე მოვიდა და მითხრა, შენი თამაში ყაზანელებს მოეწონათ, მზად არიან ხვალვე გაგიფორმონ კონტრაქტი, თანახმა ხარო? დაუფიქრებლად თავი დავუქნიე.

- პირობებზე და ბონუსებზე შეუთანხმებლად დათანხმდით?


- რა ბონუსი? მე მიწვევდა კლუბი, რომელმაც "ბარსელონა" დაამარცხა, შესაძლებლობა მეძლეოდა ბერდიევთან მევარჯიშა. ეს ყველა მცველის ოცნებაა. ეს ჩემი შანსი იყო. ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად გახლდათ - წლინახევრიანი კონტრაქტი და იმ დროისთვის ფანტასტიკური ხელფასი, 800 დოლარი.

- ბერდიევზე ამბობენ, ურთიერთობაში რთული ადამიანიაო.


- მეც გამეგო მსგავსი რამ და გამიკვირდა. თუ ასე შეიძლება ითქვას, მან ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერზე მეტი გააკეთა. თბილად მიმიღო. ძალიან მენდობოდა. ჩემთვის მაშინ ასეთი დამოკიდებულება ბევრს ნიშნავდა. როდესაც ევროპა ლიგაზე "ბორდოსთან" შეხვედრაში რიკოშეტით საკუთარ კარში გავიტანე გოლი, დამამშვიდა - ასეც ხდებაო.

- ყველაფერ კარგს თქვენთვის "რუბინში" ხაზი ესპანელი მწვრთნელის გრასიას მოსვლამ გადაუსვა. ასე როგორ გამოგიყვანათ წყობილებიდან, რომ ერთ ინტერვიუში ჯამბაზი უწოდეთ?

- ახლა ვნანობ.

- ?

- ვნანობ, რომ ასე რბილად ვთქვი. რას უწოდებენ რუსეთში უწესო ადამიანს?

- არამზადას.

- კარგად არ მესმის, მაგრამ ურიგოდ არ ჟღერს. მან თან მთელი გუნდი მოიყვანა და თქვა, "რუბინი" ჩემპიონი უნდა გავხადოო. მერე ხალხი იცინოდა, მიზნის მისაღწევად სულ რაღაც 30 ქულა არ ეყოო. პირველივე შეხვედრისას მითხრა:"მე შენ არ გიცნობ, შეიძლება კარგი ბიჭი და ფეხბურთელი ხარ, მაგრამ არ გათამაშებ". გაშვება ვთხოვე, მან კი არაფერი მიპასუხა და ხელები გაშალა. იმ დროს "კრასნოდარი", "როსტოვი" და "ლოკომოტივი" მეპატიჟებოდნენ. თან, გენერალური დირექტორი ფეხრიევი მიმღვრევდა წყალს: არ წახვიდე, ითამაშებო. სინამდვილეში მთელმა ხელმძღვანელობამ ზურგი მაქცია.

- და როგორ დააღწიეთ თავი ასეთ კოშმარს?

- მოულოდნელად სიომინმა დამირეკა და დაინტერესდა, მინდოდა თუ არა იჯარით მის გუნდში გადასვლა. ჩემი პასუხის შემდეგ დასძინა, ვიცი შენი პრობლემები, გადავწყვეტთო.

- იჯარით წასვლა კი მოახერხეთ, მაგრამ როდესაც საქმე ტრანსფერზე მიდგა, ისეთი ამბავი ატყდა, გინდა-არგინდა ნეიმარის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლა გაგახსენდებოდა.

- მთელი საქმე ფულში იყო. რამდენი მოითხოვა "რუბინმა" არ გეტყვით, მაგრამ როგორ შეიძლება მილიონები მოითხოვო ფეხბურთელში, რომელიც ნახევარი წელი არ ათამაშე?

- როდესაც "ლოკომოტივში" გადადიოდით, "რუბინში" ბერდიევი დაბრუნდა, ვინაც პირველი გენდოთ 19 წლის ბიჭს. ალბათ, "ლოკომ" უფრო კარგი კონტრაქტი შემოგთავაზათ?

- ეს ამბავი როდესაც შევიტყვე, ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. კურბან ბეკიევის ძეს კი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

- სამაგიეროდ, ყველა გააკვირვა თქვენმა ჟესტმა, როდესაც უკვე ბერდიევის "რუბინს" მატჩის დასასრულს საპასუხო გოლი გაუტანეთ.

- ეს ბერდიევთან არანაირ კავშირში არ იყო. ეს ჩემი მისალმება იყო გრასიასადმი: უყურეთ სენიორ, მე ვთა-მა-შობ! იქამდე კიდევ მივესალმე, როდესაც თასის ფინალში ტროფეი აღვმართე. თუმცა, არა მგონია ვენახე, რამეთუ ასეთ ხალხს ფეხბურთი კი არა, თავისი თავი უყვართ ფეხბურთში. გამიმართლა, რომ ვთამაშობ გუნდში, რომელსაც სულ სხვანაირი ადამიანი უდგას სათავეში.

- არ გეშინიათ, რომ ჩორლუკას მწყობრში ჩადგომის მერე ძირითად შემადგნლობაში მოხვედრის პრობლემა შეგექმნებათ?

- ცხოვრება გვაჩვენებს. ჩარლი დიდი ოსტატი და კარგი ბიჭია. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მთავარია, გუნდი იყოს ძლიერი.

- რომელ მომენტს გაიხსენებთ ყველაზე მეტად?

- ევროპა ლიგაზე "რუბინის" თამაშს "ლივერპულთან". პირთამდე სავსე "ენფილდის" ტრიბუნებს, ზღაპრულ მოედანს, უმდიდრესი ისტორიის მქონე გუნდთან დაპირისპირებას, რომლის შემადგენლობაში ვარსკვლავები იყვნენ. უკვე მე-15 წუთზე დევიჩმა ანგარიში გახსნა. თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ - 1:1. ასეთი რამ არ დაგავიწყდება.

- ვის გამოყოფდით მცველებიდან? გასაგებია, ჯიქიათი დაიწყებთ...

- და განა მართალი არ ვიქნები?

- აბა, "ლივერპული"?

- ასეთ მატჩებში ყველა დამნაშავეა. ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე და არაა საჭირო ვინმეს ცალკე შეფასება. ამასთან, გიორგის სალაჰთან თამაშის წესები არ დაურღვევია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯიქიასთან მეგობრობას ვერ მოგიწონებ მხოლოდ, თორემ სხვა მხრივ იდეალური პიროვნება ხარ საბა! (ჯიქიას მხოლოდ სამშობლოს არჩევაში არ შეეშალა, კიდევ დამატებით სისულეები და მავნებლური განცხადებები წამოაყრანტალა "ახალი და დიადი სამშობლოს" პრესასთან ინტერვიუში).
Dato
13:10 19-12-2017
13
კარგი ადამიანი ხარ საბა
ივერი
10:20 19-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული