კანკავამ აღიარა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.
- გამოდის, სხვა არჩევანი არ გქონია, თორემ ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატისთვის არავის გვემეტება!
- საფრანგეთიდან წამოსვლისას არც მე მიფიქრია, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ყაზახეთში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ... სხვაგვარად არ გამოვიდა.
- ცუდად "რეიმსშიც" არ ყოფილხარ - არც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩიოდი და არც პოპულარობის, კლუბის ფანებმა წლის ფეხბურთელადაც კი დაგასახელეს... მაგრამ რატომ თქვა "რეიმსის" მთავარმა მწვრთნელმა მიშელ
- მწვრთნელის პრობლემა არ ყოფილა - ჯერ დერ ზაქარიანი წავიდა "რეიმსიდან" და მერე მე, მანამდე კი იმიტომ არ ვთამაშობდი, რომ რამდენიმე თვე ცუდად ვიყავი. მწვრთნელთან მაშინდელი გაუგებრობა სამიოდე კვირა გაგრძელდა და მალევე მოგვარდა. ყოველ შემთხვევაში, კლუბიდან ჩემ წამოსვლასთან ამას კავშირი არ ჰქონია. მეტიც, "რეიმსთან" ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და წამოსვლაც თავად გადავწყვიტე, რადგან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, "ლიგა-2"-ში თამაში კი აღარ მსურდა. არ დაგიმალავთ - "რეიმსიდან" ისეთი განწყობით წამოვედი, თუ სასურველი ვარიანტი არ გამოჩნდებოდა, მზად ვიყავი, ფეხბურთისთვისაც კი დამენებებინა თავი!
- რატომ ასე კატეგორიულად?
- იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ მისაღები წინადადება არ მექნებოდა, კარიერას დავასრულებდი, მაგრამ მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა, ნაკრებშიც ვითამაშე და... ახლა მზად ვარ, მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვითამაშო!
- რას ნიშნავდა "რეიმსის" პრეზიდენტის სიტყვები, კანკავას მისწრაფება კლუბის ხედვის საწინააღმდეგოაო? იმას, რომ მეორე ლიგაში თამაში არ გსურდა?
- დიახ. პირველი ლიგიდან რომ დავქვეითდით, ჯერ კიდევ მაშინ მივედი პრეზიდენტთან, თავისუფალი აგენტის სტატუსით გამიშვით-მეთქი. უარი მივიღე... მერე დაემთხვა ჩემი ცუდად ყოფნის პერიოდი და ამანაც იმოქმედა, თორემ ფიზიკურად რომ ვყოფილიყავი კარგად, ალბათ, კლუბიდანაც უფრო მარტივად წავიდოდი.
"რეიმსიდან" წამოსვლის შემდეგ "ლიგა-1"-ში მოთამაშე "ანჟე" მიწვევდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიდა. მიზეზი არ ვიცი...
- არადა, ფრანგულ ფეხბურთს უკვე მიჩვეული იყავი და არ გაგიჭირდებოდა...
- ფრანგები განსხვავებული ხალხია - დადებითიც ბევრი აქვთ და ჩემთვის მიუღებელი რაღაცებიც. ფეხბურთისთვის კი ჩინებული პირობები და ინფრასტრუქტურაა. ქვეყანას როგორ არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ყველგან ერთნაირად ვცხოვრობ: რეჟიმს ვიცავ, ვვარჯიშობ, ფეხბურთისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ასე რომ, არც საფრანგეთში შეუშლია რამეს ხელი. წამოსვლის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ "ლიგა-2"-ში დარჩენა არ მსურდა.
ვიღაც იტყვის, საფრანგეთის მეორე დივიზიონზე თქვა უარი და ყაზახეთში წავიდაო, მაგრამ ეს მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილება იყო და არა "რეიმსიდან" წამოსვლისთანავე გაკეთებული არჩევანი.
- დღეს როგორ ფიქრობ, ხომ არ შეცდი? გული არ გწყდება, როცა ხედავ, რომ ამჟამად "რეიმსი" პირველ ადგილზეა "ლიგა-2"-ში და, სავარაუდოდ, წელსვე დაუბრუნდება უმაღლეს დივიზიონს?
- გული მწყდება, მაგრამ ვიმეორებ - კარიერის დასრულებაზე რომ არ მეფიქრა, "რეიმსს" არ დავტოვებდი. არ გავრისკავდი...
- ასეთი ფიქრები ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული? შიგადაშიგ "რეიმსის" მწვრთნელები ამასაც ახსენებდნენ...
- ცუდად ყოფნის პერიოდი ამის ბრალი არ ყოფილა. როცა პრობლემა გადავლახე, ეს მწვრთნელმაც დაინახა და მათამაშა კიდეც. იყო ფსიქოლოგიური გადაღლის მომენტიც, მაგრამ მთავარი მიზეზია, რომ მაქსიმალისტი ვარ და არ მინდოდა დაბალ ლიგაში თამაში!
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე
ავტორი: რატი შელეგია