ნიცა-ლოკომოტივის მატჩის ანარეკლი: კვირკველიამ კლუბი უნდა შეიცვალოს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" საფრანგეთში 3:2 დაამარცხა "ნიცა", თუმცა ისევე შეიძლებოდა განადგურებულიყო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე "სპარტაკი" "ლივერპულთან" (0:7), რამეთუ 2:0-ზე ფრანგულ გუნდს კიდევ რამოდენიმე მომენტი ჰქონდა და რომ გამოეყენებინა, მერვედფინალისტის ვინაობა "ალიანც რივიერაზევე" გაირკვეოდა. უბრალოდ, ფრანგულ გუნდს საქმის იქვე მოსათავებლად კლასი არ ეყო.

შეგახსენებთ, ლუსიენ ფავრის გუნდი ქვეყნის ჩემპიონატზე 34 ქულით მე-9 ადგილზეა და ბოლო სამ ტურში ტურში დამარცხდა (დიჟონთან 2:3, ტულუზასთან 0:1 და მეცთან 1:2). საერთოდაც, ამ კლუბს ფინანსურად არ ულხინს და ზაფხულში წამყვანი
ფეხბურთელების და მათ შორის მარიო ბალოტელის გაშვებას გეგმავს.

დებიუტში ცხადი შეიქნა "ლოკოს" ის პრობლემები, რომლებმაც ჯერ კიდევ ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ სპარინგებზე იჩინა თავი. კერძოდ, ნორვეგიის "სტრემსგოდსეტთან" 2:2-ზე დასრულებულ შეხვედრაში. მაშინ მწვრთნელმა იური სიომინმა დაცვის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ყოველივე ეს ძვირად უჯდებათ და შემდეგ გმირული ძალისხმევით უხდებათ მათი გადალახვა. უნდა აღინიშნოს, რომ "რკინიგზელთა" წუნი მარტო მისი უკანახა ხაზის ბრალი როდია.

მეტოქე ნახევარდაცვიდან დრიბლინგით ადვილად გადადის შეტევაზე. მაგალითად, "ნიცას" ფეხბურთელებმა ბალოტელიმ, პლეამ, სერიმ და განსაკუთრებით სენ-მაქსიმენმა პირველ ტაიმში უამრავი პრობლემა შეუქმნეს "ლოკოს".

შედეგად, ფლანგზე დენისოვის შეცდომის შემდეგ ბალოტელიმ ანგარიში გახსნა. იმ მომენტში კვირკველიას დაზღვევა შეეძლო, მაგრამ მისი დადანაშაულება გაშვებულ გოლში არ შეიძლება.

მერე პეიჩინოვიჩს მოხვდა ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე და ატეხეს რუსმა ჟურნალისტებმა ერთი ამბავი - გვჩაგრავენო. არადა, მიუხედავად იმისა, რომ სერბს განზრახ არ უთამაშია ხელით, კარისკენ დარტყმულ ბურთს მიმართულება აშკარად შეუცვალა.

0:2-ზე "ლოკომოტივი" კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და გაუმართლა "ნიცამ" მესამე გოლი რომ ვერ გაიტანა, ხოლო ზედ შესვენებაზე ერთი ბურთის გაქვითვამ ძალიან უშველა. პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ნაანტრაქტევს სიომინმა პასიური დენისოვი და კოლომეიცევი რიბუსით და ფარფანით შეცვალა და თამაშის სურათიც შეიცვალა. 69-ე წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე მაპინძელთა მარცხენა მცველი კოლე გააძევა, ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ლოკომოტივმა" 3:2 გაიმარჯვა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას. ეს ორი საშუალო ევროპული კლასის გუნდის თამაში იყო. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "აჭრილი" თამაში, ორი განსხვავებული ტაიმით. აშკარაა, რასაც ადვილად ახერხებს სიომინის კრებული რუსეთის პირველობაზე, იმას ვერ შეძლებს უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან.

აღნიშნა კიდევაც ნამატჩევს სიომინმა, რომ მათ ჩემპიონატზე შესვენებაა, კარგა ხანია ოფიციალური მატჩები არ ჩაუტარებიათ და უამრავი დაშვებული შეცდომის შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანეს. ეგაა, ამდენ შეცდომას უფრო მაღალი კლასის მოწინააღმდეგე არ აპატიებს და მწარედ დასჯის.

რაც შეეხება კვირკველიას. "სპორტ - ექსპრესმა" მისი გარჯა 6 ბალით შეაფასა:"ნაწილობრივ დამნაშავეა მეორე გაშვებულ გოლში, ბურთი თავით სერის დაუგდო, მერე კი მეტოქის ფინტისას ამოვარდა ეპიზოდიდან. თუმცა, მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა".

უნდა ითქვას, საბას საუკეთესოდ ნამდვილად არ უასპარეზია, მისი უკეთესი თამაშებიც გვინახავს, დაცვაში იმდენად უხეიროდ ირჯებოდნენ პარტნიორები, რომ შეტევაშიც ვერ მიდიოდა და საერთოდ - უკვე 26 წლისაა და ამ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.

თუ პროგრესი სურს, აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე უკეთესი საფეხბურთო ლიგის კლუბში უნდა გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე დონის ფეხბურთელად დარჩება.

გასაგებია, "ლოკოში" ის თავს ყოველმხრივ კარგად გრძნობს, იქ ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ, ფინანსურ პირობებსაც არ უჩივის, მაგრამ უნდა გარისკოს. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და დრო უცბად გაირბენს.

მას შანსის გამოყენება მართებს და თუ არ გამოუვიდა, "ლოკომოტივის" დარ გუნდში ყოველთვის დაბრუნდება. გარისკავს კი?


მკითხველის კომენტარები / 10 /
ევროპული ფეხბურთისთვის არცერთი ქართველი ფეხბურთელი არაა მზად..სანამ კიდევ დროა ბავშვთა ფეხბურტში ჩაიდოს ფული..ჩამოიყვანონ კვალიფიცირებული მწვრთნელები ფიზიკური მოზადების სპეციალსიტები..ფსიქოლოგები..დაიწყონ გაზრდა 10 წლიდან ბავშვების..ნორმალურად და სწორად აღზარდონ...მერე აქვს შანსი უკვე 16-18 წლის ფეხბურთელს არა რუსეთში არამედ ევროპაში გააღწიოს..რუსეთში ფეხბურთის თამაშს ვერასოდეს ისწავლიან..
ბუჯანგა
16:18 20-02-2018
0
ავტორს ეტყობა, რომ აზროვნებს. იცის ფეხბურთი ...
Shoda
14:53 17-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული