გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" კაპიტანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი სკანდინავიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში, შვედეთის "გეტებორგში" ითამაშებს.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, 23 თებერვალს კი, როდესაც ფეხბურთელი და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი შვედეთში გაემგზავრებიან, კონტრაქტს ხელი მოეწერება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის 1+2.5 სისტემით გაფორმდება.

გიორგი ხარაიშვილის მიმართ ინტერესი მუდმივად იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართველით დაინტერესებას ბელგიის, ჰოლანდიის, დანიის წამყვანი გუნდები იჩენდნენ, თუმცა "გეტებორგმა" ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატა, რის შემდეგაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას, დავით ხოჭოლავას, მამუკა კობახიძის, ლაშა პარუნაშვილის,
ჯიმი ტაბიძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი კიდევ ერთი საბურთალოელია, რომელიც კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

დედაქალაქური "საბურთალო" აგრძელებს აღებულ კურსს და ნიჭიერ ფეხბურთელებს გზას ევროპაში უკაფავს.

კახა კაშია (საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი):

"გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედაც მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით.

გეზი, რომელიც "საბურთალოს" აქვს აღებული, გრძელდება - გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში", - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.

გეტყვით, რომ გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია, 2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული, კლუბში 112 მატჩი ჩაატარა. აქედან 108 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 55 გოლი გაიტანა, 21 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. სულ კი 9509 წუთი ითამაშა.

"გეტებორგი" შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. "გეტებორგმა" 18-ჯერ მოიპოვა შვედეთის ჩემპიონობა, ორჯერ დაეუფლა უეფას თასს, შვედეთის თასი 5-ჯერ მოიგო.

გასულ წელს "გოტებორგმა" 16-გუნდიან ეროვნულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.

მომზადებულია "საბურთალოს" პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ!!! იმედია, თავს გამოიჩენს და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება!!!
tngh
16:43 22-02-2018
0
კარგია,ეხლა დიდი შრომა მართებს ამ ბიჭს,თან ტრამვებმაც არ უნდა შეაწუხოს და უკეთესი გზა გაეხსნება...
status quo
17:08 22-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული