ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 9 გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
უხვგოლიანი გამოდგა უქმეები ქართული ლეგიონისთვის - ჩვენებმა 9 გოლი გაიტანეს, მესამედი კი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. ოთარ კაკაბაძის "ჟიმნასტიკი" შინ "კორდობასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი 61-ე წუთზე გამოცვალეს. მანამდე მან გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. 27-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ქართველი ცენტრფორვარდის ბენეფისი შედგა - მე-8 წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტით გახსნა ანგარიში, 49-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა. შემდეგ ერთიც გაიტანა, ოღონდ, საკუთარ კარში, მაგრამ მალევე გამოასწორა საკუთარი
შეცდომა, 89-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიშს წერტილი დაუსვა.

ეს გიორგი ქვილითაიას პირველი ჰეთ-თრიკია ავსტრიულ კარიერაში. ბოლოს ჰეთ-თრიკი მან ლანჩხუთის "გურიას" შეუსრულა 2015 წლის მაისში, როცა თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

24 წლის ფორვარდმა ავსტრიის ბუნდესლიგაში გოლების რიცხვი გააორმაგა - 6 გაიტანა. ერთიც და საკუთარ რეკორდს (7 გოლი სეზონში) გაიმეორებს, რომელიც შარშან დაამყარა.


ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" შინ "ჰერაკლესს" დაუზავდა - 0:0. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუმ" "კოვას" 1:0 მოუგო. ებრალიძე 87-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. 28-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონა" შინ "გურნიკს" დაუზავდა - 2:2. უკვე მე-2 წუთზე ქართველმა ფორვარდმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გაიტანა. 33-ე წუთზე კაჭარავა გააფრთხილეს. 63-ე წუთზე კაჭარავა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მოატყუა მეკარეც და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა - 2:0. ეს ნიკა კაჭარავას მე-7 გოლი იყო ჩემპიონატში. კაჭარავა 69-ე წუთზე გამოცვალეს (2:1-ზე).


ლაშა დვალის "პოგონმა" სტუმრად დაამარცხა ნიკა კვანტალიანის "ტერმალიცა" - 4:2. მასპინძელთა რიგებში ახალგაზრდა კვანტალიანი არ ყოფილა, აი, დვალმა კი ბენეფისი მოიწყო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. "პოგონი" 1:2 მარცხდებოდა, როცა ქართველი მცველი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა ჯარიმის შესრულებისას და ანგარიში 54-ე წუთზე გაათანაბრა. 59-ე წუთზე კი მანვე "პოგონი" წინ გაიყვანა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა. 22 წლის დვალმა სეზონში პირველად გაიტანა. ექსტრაკლასაში მას ბოლო გოლი 2016 წლის ნოემბერში ჰქონდა გატანილი ჯერ კიდევ "შლიონსკის" რიგებში. პოლონურ კარიერაში მან უკვე 4 გოლი გაიტანა.


ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "იაგელონიასთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი 61-ე წუთზე გამოცვალეს.

გიორგი მერებაშვილს ამ ტურში გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან ბრწყინვალედ ითამაშა. "შლიონსკთან" საგარეო მატჩის 34-ე წუთზე "პლოცკის" ქართველი ლიდერი ეფექტურად შეიჭრა საჯარიმოში, სადაც მოცელეს და პენალტი ჩვენებურის თანაგუნდელმა გოლად აქცია. საბოლოოდ, სტუმრებმა ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა - 1:1.

დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძე "რანდერსს" მცირე ტრავმის მერე ტრიუმფით დაუბრუნდა. "ოდენსესთან" მატჩის მე-60 წუთზე შესულმა ქართველმა ჯერ საგოლე პასი, შემდეგ კი გოლი მიითვალა. 23 წლის ქართველმა სეზონში მესამე გოლი გაიტანა. "რანდერსმა" კი "ოდენს" 4:1 გაანადგურა.


ქართველთა "სილკებორგი" 1:3 დამარცხდა შინ "კოპენჰაგენთან". დავით სხირტლაძემ 85-ე წუთამდე ითამაშა. მათე ვაწაძე 52-ე წუთზე გამოჩნდა.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ლუგანოს". ქართველი, რომელიც მცირე ტრავმით თამაშობდა, 78-ე წუთზე გამოცვალეს. "ლუცერნი" 37 ქულით მე-4 ადგილზეა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ტურნირი ორად (6-6 გუნდი) გაიყო. ლიდერთა ჯგუფში ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავა" 0:0 ეთამაშა "ჟილინას". არადა, სტუმრები თითქმის მთელი ტაიმი 10 კაცით თამაშობდნენ. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, "ტრნავა" 54 ქულით ლიდერობს.

"ტრენჩინი" "რუჟემბეროკთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. გიორგი ბერიძე, როგორც იქნა, გამოჩნდა "ტრენჩინის" შემადგენლობაში. იგი 70-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე. "ტრენჩინი" 36 ქულით მე-5 ადგილზეა.

უნგრეთი. OTP ლიგა. ქართველთა "ბალმაზივაროში" ერთ-ერთ ლიდერ "ვიდეოტონთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. ლაშა შინდაგორიძე 61-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა შეცვალა, ხოლო ირაკლი მაისურაძე 86-ე წუთზე გამოცვალეს. "ბალმაზივაროში" ბოლო ადგილზეა.

რუსეთი. პრემიერლიგა. ხაბაროვსკში უიმედო აუტსაიდერი სკა 0:3 დამარცხდა "ურალთან". ამ შეხვედრაში ქართველები სათადარიგოები იყვნენ. მასპინძელი გიორგი ნავალოვსკი არ გამოსულა, ხოლო სტუმარი გიორგი ჭანტურია მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" შინ მოულოდნელად დამარცხდა "უფასთან", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ. 22 წლის ქართველი მცველის თამაში "ჩემპიონატმა" 6,5 ქულით შეაფასა.

წინა ტურში არადამაჯერებელი თამაში სასტარტოში ადგილის დაკარგვად დაუჯდა გიორგი ლორიას, რომლის "ანჟიმ" 2:0 მოუგო "ტოსნოს". ჩვენებური სათადარიგო იყო.

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" სათადარიგო იყო სტუმრად "რუბინთან" 2:1 მოგებულ მატჩში. "სპარტაკი" ლიდერ "ლოკომოტივს" 5 ქულამდე მიუახლოვდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა "შახტარის" რიგებში, რომელმაც 3:0 მოუგო "მარიუპოლს". ქართველთა "ვორსკლა" სტუმრად კიევის "დინამოსთან" განადგურდა - 0:4. სანდრო კობახიძე მე-60 წუთზე გამოცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთი. პრემიუმლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილმა 4 ტურში 3 გოლი გაიტანა - "ფლორამ" 5:0 გაანადგურა "პარნუ", ხოლო ზაქარიამ (90 წთ) 43-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. მართალია, მას საგოლე პასი არ მიუთვლია, მაგრამ სამ სხვა გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (ერთხელ პენალტი გამოიმუშავა).


ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართული დაპირისპირება არ შედგა "ორდაბასისა" და "ყიზილ-ჟარის" შეხვედრაში (2:1), რადგან მასპინძელთა ახალბედა ჯაბა ჯიღაური სათადარიგო იყო, "ყიზილ-ჟარის" სამივე ჩვენებური სასტარტოში იყო - გოგიტა გოგუა (გააფრთხილეს), შოთა გრიგალაშვილი (71-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ფოფხაძე (შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ავტოგოლი მიითვალა).

ქართველთა "ტობოლი" შინ ყარაღანდის "შახტართან" დამარცხდა - 0:1. ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს.

ლაშა კასრაძის "ჟეტისუ" შინ "ასტანასთან" 0:2 დამარცხდა, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

უზბეკეთი. სუპერლიგა. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივი" სტუმრად "ნავბაჰორთან" დამარცხდა - 0:2.

შოთა არველაძის "ფახთაქორმა" "ოლმალიქს" 2:1 მოუგო. შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ნაკრებში თურქი მესხი თემურ კაპაძე დანიშნეს და ორი მატჩით მის სამწვრთნელო შტაბში შოთა არველაძეც შეიყვანეს, რადგან კაპაძეს სამწვრთნელო გამოცდილება არა აქვს.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა ამერიკაში. მან 34-ე წუთზე ჯერ თავით სცადა გატანა, მაგრამ მცველმა მოიგერია, თუმცა ვაკომ იქვე დაამატა და "კანზას სიტის" კარი აიღო. ამით ქართველმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ, მისმა "სან ხოსემ" 2:3 დათმო. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წინასანაკრებოდ ჩვენი ლეგიონერები შედეგიანობით გამოირჩევიან. ძალიან მაინტერესებს როგორ ითამაშებენ ნაკრებში,ასეთ კარგ ფორმაში ჩვენი ლეგიონერები ბოლოს როდის იყვნენ არ მახსენდება. აღსანიშნავია გვილიას პროგრესი,მის მისვლამდე ლუცერნი ბოლოსწინა ადგილზე იყო ახლა მე-4 ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგაზე გასვლის პერსპექტივა აქვს. ვაისმა თუ არ დაგვაღალატა ამ ფეხბურთელებით ევროპაზე მოხვედრა სრულიად შესაძლებელია და არც იქ ვიქნებით ხელწამოსაკრავი მეტოქეები!
kika
12:42 19-03-2018
2
კაჭარავაზე - "მოატყუა მეკარეცო" - ტყუილს რატომ წერთ?! ვიდეოს მაინც ვერ ვხედავდეთ.
კი არ მოატყუა, არამედ თანაგუნდელი, რომელიც ცარიელ კარში ეხსნებოდა, შედარებით უკეთეს შემთხვევაში ვერ შენიშნა და უარეს შემთხვევაში ეგოისტური გადაწყვეტილება (კარში დარტყმა) მიიღო, რომელიც თავის მხრივ უკლასოდ შეასრულა და ვერ გაიტანა. რომ არა გამართლება, გოლი რომელიც აუცილებლად გასატანი იყო, შეიძლება არ გასულიყო.
იმედია, ობიექტურ კრიტიკას არ დაბლოკავთ და გამომიქვეყნებთ კომენტარს.
Burton
16:11 19-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული