გთავაზობთ 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონის ქართული ლეგიონის პირველ მიმოხილვას.
პოლონეთი. ექსტრაკლასა
ლაშა დვალის "პოგონი" "ლეგნიცას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ლუკა გუგეშაშვილის "იაგელონია" შინ 0:1 დამარცხდა "ლეხიასთან". ქართველი მეკარე განაცხადში არ ყოფილა.
ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "ვისლას" დაუზავდა - 0:0. ქართველი ლეგიონერი 90-ე წუთზე გამოცვალეს.
ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად "გურნიკს" დაუზავდა - 1:1. ქართველი ახალწვეული სათადარიგო იყო.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" 1:2 დამარცხდა "ლეხთან". ქართველი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და გოლიც გაიტანა - ის 58-ე წუთზე შევიდა, ხოლო
77-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და სტუმართა კარი დალაშქრა.
I დივიზიონი
გუგა ფალავანდიშვილის (85-ე წუთზე შევიდა) "პოდბესკიძიემ" სტუმრად 1:0 მოუგო გკს-ს.
შვედეთი. ოლსვენსკანი
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სტუმრად "სირიუსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესოც იყო. ჯერ მის მიერ მოპოვებული პენალტით გახსნეს ანგარიში, შემდეგ, 37-ე წუთზე ხარაიშვილი რობენის სტილში ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ისე დაარტყა დაბალ კუთხეში - 0:2.
"გეტებორგმა" არათუ ვერ შეინარჩუნა ეს უპირატესობა, სულაც დამარცხდა, ხარაიშვილს კი გატანა კიდევ ერთი-ორჯერ მართებდა. 21 წლის ქართველს ლიგაში სამი გოლი აქვს გატანილი.
დანია. სუპერლიგა
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" შინ 2:3 დამარცხდა "ვენდსისელთან". ქართველი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან შეუცვლელად ითამაშა.
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ჰორსენსს" სტუმრად დაუზავდა - 1:1. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
შვეიცარია. სუპერლიგა
"ლუცერნმა" I ტურში შინ "ქსამაქსთან" 0:2 დათმო. ვაკო გვილია მასპინძელთა სათადარიგო სკამზე იჯდა.
ავსტრია. თასი
ლევან ელოშვილის "კაპფენბერგმა" სტუმრად 5:3 მოუგო "რაიხენაუს". შეცვლაზე 69-ე წუთზე შესულმა ელოშვილმა 75-ე და 93-ე წუთებზე გამარჯვებულთა მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა. "კაპფენბერგი" შემდეგ ეტაპზეა.
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა
ჩემპიონმა წაგებით დაიწყო - ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" სტუმრად "სენიცასთან" 0:1 დამარცხდა.
უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა
"პუშკაშ აკადემია" შინ "დებრეცენთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა ახალწვეული ბაჩანა არაბული, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
ნორვეგია. I დივიზიონი
ბელორუსიდან ნორვეგიაში გადაბარგებულმა ოთარ ჯავაშვილმა "ფლორიოს" შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისი გუნდი სტუმრად "კონგსვინგერთან" 1:5 განადგურდა, ჯავაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 16 ტურის შემდეგ 11 ქულით "ფლორიო" ბოლო ადგილზეა.
ფინეთი. კაკონენი
ირაკლი სირბილაძის JIPPO სტუმრად "მიკელინთან" დამარცხდა - 1:3. ქართველი ვეტერანი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.
რუსეთი. I დივიზიონი
ნიკა ძალამიძის (55-ე წუთზე გამოცვალეს) "ბალტიკა" შინ "ტამბოვთან" დამარცხდა - 1:2.
უკრაინა. სუპერთასი
"შახტარმა" კიევის "დინამოსთან" სუპერთასისთვის დაპირისპირება 0:1 დათმო, დავით ხოჭოლავა კი "შახტარის" განაცხადში არ ყოფილა.
პრემიერლიგა
ზაურ მახარაძის (90 წუთი) "ზორიამ" შინ 2:1 მოუგო "მარიუპოლს".
ბელორუსი. ვისშაია ლიგა
გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ "სლუცკთან" 0:3 განადგურდა.
ლატვია. ვირშლიგა
გურამ ლუკავას (90 წთ) "ელგავა" სტუმრად "სპარტაკსთან" დამარცხდა - 1:4. გიული მანჯგალაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "ვენტსპილსმა" 4:1 გაანადგურა "ვალმეირა".
ქართველთა "რიგასმა" სტუმრად 2:0 მოუგო "მეტას". ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა ვაჩიბერაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე 66-ე წუთზე გამოჩნდა.
ესტონეთი. პრემიუმ ლიიგა
მე-19 ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის (70-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" "ტულევიკს" 4:0 მოუგო. ზაქარია 17 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეა. ამ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე საგოლე პასია.
ყაზახეთი. პრემიერ ლიგა
ლაშა კასრაძის გარეშე მოთამაშე "ჟეტისუ" შინ "აქტობესთან" დამარცხდა - 1:2. ქართველთა "ტობოლი" "ირტიშს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს.
კახა ცხადაძის "ორდაბასიმ", რომლის რიგებშიც აღარ ირიცხება ჯაბა ჯიღაური, შინ 2:1 მოუგო "ქაირათს". სხვათა შორის, ცხადაძე სწორედ "ქაირათის" ყოფილი მწვრთნელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"