ამ ტრანსფერმა უამრავი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია, რადგან "ხიმნასტიკის" მცველის სახელს ლა ლიგის კლუბს უკავშირებდნენ და მისი პრიმერა დივიზიონში გადასვლის ალბათობა თავად ოთარმა 50-50-ზე შეაფასა.
რატომ შვეიცარია და მით უმეტეს, არცთუ ისე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი "ლუცერნი"? ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ.
ცნობილია, რომ ჩვენებურს ტარაგონულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე აკავშირებდა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი "ხიმნასტიკს" მისი გაშვება უსასყიდლოდ მოუწევდა.
რამდენიმე დღის წინ ესპანური
მანვე აღნიშნა, რომ ოთარით არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული და დიდი ალბათობით, 31 აგვისტომდე მისი ტრანსფერი მოესწრებოდა. ამით მან მიანიშნა, რომ "ხიმნასტიკს" არ სურდა, კაკაბაძე უფასოდ გაეშვა და მისი ტრანსფერით თანხის გამომუშავება სურდა.
თავდაპირველად, ქართველი მცველის ღირებულებად 1 მილიონი ევრო სახელდებოდა, თუმცა "ლუცერნი" მას მხოლოდ ნახევარი მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს.
აღნიშნულ პრაქტიკას კი მრავალი კლუბი მიმართავს. ოთარს არასდროს განუცხადებია, რომ "ხიმნასტიკიდან" წასვლა სურდა, თუმცა, დიდი ალბათობით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ის ტარაგონელებთან ახალ შრომით ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.
ამ დროს კი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, სანამ დროა, ფეხბურთელი გაუშვას და თავისი ხაზინა შეავსოს. თავად კაკაბაძემ ჩვენთან კომენტარში აღნიშნა, რომ მის ტრანსფერს ლა ლიგაში წინ ბევრი პრობლემა ჰქონდა.
ერთმანეთში უნდა შეთანხმებულიყვნენ აგენტები, გუნდები და ასევე, კონტრაქტის პირობები უნდა შეთანხმებულიყო. როგორც ჩანს, პრიმერას გუნდთან შეთანხმება არ შედგა. ესპანური პრესა წერდა, რომ ეს გუნდი "ხეტაფე" იყო. მადრიდელებმა ქართველის პოზიციაზე მცველი დაიმატეს, ანალოგიური ტარაგონელებმაც გააკეთეს და ახლა უკვე საჭირო კაკაბაძისთვის ახალი გუნდის ძიება იყო. დიდი ალბათობით, ყველაზე კარგი პირობები ჩვენებურს "ლუცერნმა" შესთავაზა და მანაც "ხიმნასტიკში" დარჩენას შვეიცარიაში გადაბარგება არჩია. მით უმეტეს, ვაკო გვილიას გუნდს მარჯვენა მცველი ძალიან ესაჭიროებოდა და ოთარიც, დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.
ბოლოსკენ იმაზეც ვთქვათ, არის თუ არა "ლუცერნში" გადასვლა წინ ან უკან გადადგმული ნაბიჯი კაკაბაძისთვის. ქართველი ამჟამად 23 წლისაა და გასულ წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ლუცერნი" შვეიცარიაში გრანდი არაა და ევროტურნირებისთვის ბრძოლაც კი უჭირს. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ჩემპიონატი ბევრი ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ყოფილა.
სწორედ ამ ქვეყნის პირველობაზე გამოჩნდა მოჰამედ სალაჰი, შერდან შაჩირი, გრანით ჟაკა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. კაკაბაძეს რომ შრომა არ ეზარება, ეს ცნობილი ფაქტია. ის ყოველთვის ამბობს, რომ მთავარია, ფორმაში იყოს და მოსახდენი მაინც ყველა შემთხვევაში მოხდება.
ოთარს თავისი შრომით შეუძლია ბევრს მიაღწიოს და ტოპ-კლუბები კიდევ უფრო დააინტერესოს. ახლა მისი მთავარი საზრუნავი კი საქართველოს ნაკრების წარმატება იქნება, რომელიც ერთა ლიგის გათამაშებას 6 სექტემბერს, ყაზახეთში იწყებს.
ოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან
4-4-2.Com: ოთარ კაკაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და "ლუცერნი" მას მალე წარადგენს