რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლოკომოტივმა" მოსკოვში 2:1 დაამარცხა "როსტოვი" და ამ მატჩში გამარჯვების გოლი საბა კვირკველიამ გაიტანა.
შეხვედრის წინ "ლოკოს" მწვრთნელმა იორი სიომინმა დაიჩივლა, თავდამსხმელები არა მყავს და მცველები თუ გაიტანენ გოლსო. ჰოდა, კვირკველიამ გაიტანა კიდეც - როდესაც 61-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, საბა კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მეკარე აბაევმა ბარინოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და დამატებაზე ყველას საბამ დაასწრო. მან 78-ე წუთზე საჯარიმოს წინ როსტოველთა თავდამსხმელი შამორუდოვი მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო.
რკინიგზელებმა წარუმატებელი სტარტის შემდეგ ქვეყნის პირველობაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს, კვირკველიამ კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
"ლოკომოტივი" 18 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 28 ოქტომბერს კრასნოიარსკში "ენისეის" ხვდება, იქამდე კი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუს" მასპინძლობს.