ლაშა დვალი: სიმართლე გითხრათ, პოლონელებს ჩემი გაშვება არ უნდოდათ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბის "საბურთალოს" ვებგვერდი "ფერენცვაროშის" ახალწვეულს ლაშა დვალს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

შეგახსენებთ, რომ დვალი "საბურთალოს" სკოლის აღზრდილია და სწორედ აქედან დაიწყო მისი უცხოური კარიერა.

- ლაშა, გილოცავთ ახალ კლუბში გადასვლას. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში?
- ყველაფერი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. მივიღე საინტერესო შეთავაზება და გადაწყვეტილებაც მალე მომიწია. "ფერენცვაროში" ტრადიციული და ისტორიული კლუბია, რომელსაც დიდი მიზნები და გეგმები აქვს.

- პოლონელები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, სადაც ბოლოს თამაშობდით?
- სიმართლე გითხრათ, არ უნდოდათ ჩემი გაშვება.
თუმცა, დაველაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობას, ყველაფერზე ვისაუბრეთ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემთვის, "ფერენცვაროშში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. შანსია იმისა, რომ განვითარდე და კარგად წარმოვაჩინო თავი. საბოლოოდ გამიგეს პოლონელებმა და წარმატებები მისურვეს.

- უნგრეთის პირველობაზე რამდენიმე ქართველს უთამაშია. ჩვენებურები იქ ახლაც ასპარეზობენ. ქართველ ფეხბურთელებთან ხომ არ გქონდათ საუბრები?
- ბაჩანა არაბულს ვესაუბრე და ვკითხე აზრი, ასევე ველაპარაკე ჩემს ყოფილ გუნდელს. ორივე მათგანმა უნგრეთის ჩემპიონატი კარგად დამიხასიათა. რაც შეეხება კლუბს, "ფერენცვაროშზე" გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია მეც მქონდა.

- ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ რაზეც შეაჩერეთ არჩევანი ისიც იქნებოდა, რომ 18 ტურის შემდეგ, კლუბი ლიდერობს პირველობას და შანსი აქვს ქვეყნის ჩემპიონი გახდეს…
- მართალია, ჯერ ადრეა პირველობაზე საუბარი, თუმცა შანსი იმისა, რომ "ფერენცვაროში" ქვეყნის ჩემპიონი გახდეს, საკმაოდ დიდია. ამ დროისთვის 5 ქულით ვუსწრებთ მეორე ადგილზე მყოფ კლუბს. ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება. იმედია, შანსს გამოვიყენებთ.

- "საბურთალოზე" ხშირად საუბრობთ-ხოლმე, სადაც თქვენ ბავშობაში რამდენიმე წელი გაატარეთ. რას იტყვით თბილისური კლუბის ჩემპიონობაზე?
- სოციალური ქსელის საშუალებით, "საბურთალოს" ჩემპიონობა მივულოცე, თუმცა ვისარგებლებ შემთხვევით და "საბურთალოს" ვებგვერდის საშუალებით კიდევ ერთხელ მივულოცავ მთლიანად კლუბს ამ დიდ წარმატებას. ეს გამარჯვება ჰაერიდან არ მოსულა, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია.

"საბურთალო" კიდევ უნდა გაძლიერდეს და პროგრესი განაგრძოს. მთავარია სტაბილურობა. მონდომება გუნდს არ აკლია. ხელმძღვანელებმა კლუბის განვითარება კარგად იციან. მალე არც ის გამიკვირდება, რომ, "საბურთალომ" რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული