ლეგიონის უქმეები: სანაკრებო მატჩების წინ არველაძეს ისევ გააქვს, პარუნაშვილი გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები ბოლო პერიოდში გატანილი გოლებით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისია "კორონას" ქართველი თავდამსხმელი ვატო არველაძე, რომელმაც ზედიზედ მეორედ გაიტანა.

მან ამჯერად "იაგელონიასთან" მოგებულ (3:1) მატჩში გაიტანა.

ესპანეთი
"კადისთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე "ლუგოს" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" კი "ელჩე" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და კლუბს, სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

იტალია
"ემპოლიმ" "ფროზინონე" 2:1 დაამარცხა. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა.

გერმანია
გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" დრეზდენის "დინამოსთან" ფრედ ითამაშა.
ქართველმა მეკარემ ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

აკაკი გოგიას "უნიონი" "ჰაიდენჰაიმთან" დამარცხდა - 1:2. გოგიამ 65 წუთი ითამაშა.

საფრანგეთი
ჯაბა ჯიღაურის "გრენობლმა" "ნანსის" 1:0 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 24 წუთი ითამაშა.

პორტუგალია
"ნასიონალი" მადეირაზე "რიუ ავესთან" დამარცხდა - 0:1. მატჩში მონაწილეობა არც გიორგი არაბიძეს და არც ავთო ებრალიძეს არ მიუღიათ. მეორე მათგანი ტრავმირებულია, არაბიძემ კი, ჩვენი ინფორმაციით, ტრავმა მოირჩინა.

"სეტუბალის" რიგებში 90 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი მაკარიძემ "ბრაგასთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში.

ბელგია
"გენტმა" "სენტ ტრუიდენი" 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო პლეი-ოფში ადგილი მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა განაცხადიდან თამაშის დაწყებამდე გამოიყვანა, გიორგი ქვილითაია კი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

რანგით მეორე ლიგაში კი ირაკლი ბუღრიძის "ბეერხოსტი" "მეხელენთან" 1:2 დამარცხდა და იუპერლიგაში ადგილი მეტოქეს დაუთმო. მატჩში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია ქართველ ნახევარმცველს.

პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონამ" "იაგელონია" 3:1 დაამარცხა, ქართველმა თავდამსხმელმა კი მატჩში ანგარიში გახსნა. მან ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. წინა ტურში მან დუბლი შეასრულა.


ვაკო გვილიას "გურნიკმა" სტუმრად 3:0 სძლია "ლეხს". ვაკო 75-ე წუთზე შეცვალეს.

ლუკა ზარანდიას გარეშე მოთამაშე "არკამ" ლუბინის "ზაგლებიესთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.

რაც შეეხება სოსნოვიეცის "ზაგლებიეს", ქართველების გუნდი "ლეხიასთან" 0:1 დამარცხდა. გიორგი ივანიშვილი 64-ე წუთზე გამოცვალეს, გიორგი გაბედავა კი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მეტოქის კარს საფრთხე ვერ შეუქმნა.

რუსეთი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "კრასნოდარი". საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე არ გამოსულა.

90 წუთი გაატარა მოედანზე ჯანო ანანიძემ, რომლის "კრილია სოვეტოვმაც" "ანჟი" 2:0 დაამარცხა და ქართველის მისვლის შემდეგ წარმატებულად ასპარეზობს.

ასევე სრული მატჩი ჩაატარა გია გრიგალავამ "არსენალის" რიგებში, რომელმაც "ენისეის" 2:0 სძლია.

ჯიმი ტაბიძის "უფა" "ახმატთან" 0:1 დამარცხდა. ქართველ მცველს არ უთამაშია.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" 1:0 სძლია ზაურ მახარაძის "ზორიას". ხოჭოლავამ სრული მატჩი ითამაშა, მახარაძე სათადარიგოთა შორის იყო.

ნიკა სანდოხაძის "კარპატიმ" კი საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა "მარიუპოლთან".

უნგრეთი
ოთხი ქართველიდან ორმა ითამაშა უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში.

ტრავმირებულია ლაშა დვალი, რომლის "ფერენცვაროშმაც" 2:0 დაამარცხა ბუბა დაუშვილის "ჰალადაში". ბუბამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ბაჩანა არაბულის "ბუშკაშ აკადემიამ" 3:2 დაამარცხა მტკ-ი. ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" 1:0 სძლია "კიშვარდას". ბერიძე მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.

ავსტრია
"შტურმმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა ვენის "ავსტრია". მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარია
ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. მის გარეშე მოთამაშე "ლუცერნმა" კი სტუმრად "თუნთან" ფრედ ითამაშა - 1:1.

90 წუთი გაატარა მოედანზე "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ, რომლის გუნდმაც მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" 2:1 დაამარცხა "ველიე". 82-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი მოედნიდან უხეშობის გამო გააძევეს.


საბა ლობჟანიძის "რანდერსი" კი "ოდენსესთან" მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

საბერძნეთი
90 წუთი ითამაშა გიორგი რეხვიაშვილმა ოფის-სთან წაგებულ (0:2) მატჩში და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

ლაშა შერგელაშვილი 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა "იანინასა" და აელ-ის მატჩში, რომელიც ფრედ - 0:0 დასრულდა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისმა" 1:0 დაამარცხა "პაფოსი". ორივე ჩვენებური სათადარიგოთა შორის იყო. ბექა მიქელთაძე თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო, ნიკა კაჭარავა კი მოედანზე 78-ე წუთზე შემოვიდა.

ირაკლი მაისურაძის "პარალიმნიმ" "ერმისს" 2:1 სძლია. მაისურაძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

ჩეხეთი
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" "ლიბერეცთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

ხორვატია
ლიდერ ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა (1:2) გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა". ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის იყო.

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეში" "სკენდერბეუსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ლატვია
სადებიუტო გოლი გაიტანა ლატვიის ვირშლიგაში ირაკლი ბიძინაშვილმა, რომლის კარგი თამაშის წყალობითაც "იელგავამ" "ვენტსპილსი" 2:1 დაამარცხა.

დავით სხირტლაძის "რიგამ" კი "მეტა" 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა.

86-ე წუთზე შევიდა მოედანზე ბექა ვაჩიბერაძე, რომლის "რიგასმაც" "სპარტაკსი" 3:2 დაამარცხა.

აზერბაიჯანი
90 წუთი ითამაშა დავით ვოლკოვმა "გაბალასა" და "ნეფთჩის" მატჩში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

სათადარიგოთა შორის იყო თამაზ ცეცხლაძე, რომლის "საბაილიც" "ყარაბაღთან" 1:2 დამარცხდა. რამდენიმე დღის წინ ცეცხლაძის თანაგუნდელი მაიკლ ესიენი გახდა.

აშშ
ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსემ", რომელიც "რედ ბულ არენაზე" "ნიუ იორკ რედ ბულსთან" 1:4 დამარცხდა.

გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ვაკო ყაზაიშვილი კი 78-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი
ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" "თარაზს" 4:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელები ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, კვეკვესკირი კი 78-ე წუთზე შეცვალეს.

კანკავამ საგოლე გადაცემა გააკეთა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. "თარაზის" რიგებში კი ლაშა კასრაძემ და ელგუჯა ლობჯანიძემ ითამაშეს. "თარაზის" "ერთადერთი" გოლი სწორედ ლობჯანიძემ გაიტანა 83-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით.

ირანი
90 წუთი ითამაშა ლუკა ნოზაძემ "რაშთის" რიგებში, რომელიც "პერსეპოლისთან" 1:3 დამარცხდა.

ასევე სრული მატჩი ჩაატარა ლაშა თოთაძემ "ნასაჯის" რიგებში, გიორგი გველესიანს კი არ უთამაშია "ესტეღლალთან" წაგებულ (0:1) წაგებულ მატჩში.

altჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, ქვილითაია არ ათამაშეს, "გენტმა" მოიგო

მკითხველის კომენტარები / 8 /
მლს ლიგაზე სან ხოსეს თამაშს ვუყურე.თუ მხოლოდ ეს არის,ძალიან დაბალი დონეა.მანდ წასულმა კაცმა,ვფიქრობ დიდ ფეხბურთზე ფიქრი დაამთავრა და მხოლოდ ფულზე ფიქრობს.
სოსო
15:47 18-03-2019
0
მგონი კარგი თავდამსხმელი ეზრდება ქართულ ფახბურთს, იმედია მამას და ბიძებს აჯობებს.
ლაშა
14:25 18-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული