ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ გასულ უქმეებზე 7 ქართული გოლი გავიდა. აქედან მხოლოდ ერთია ეროვნული ნაკრების წევრზე - საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მეექვსე გოლი შეაგდო...

წარმოგიდგენთ ქართველი ლეგიონერების მიმოხილვას.

იტალია
სერია A-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" სტუმრად "იუვენტუსთან" 0:1 წააგო. მჭედლიძემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2-ში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" სტუმრად "ალკორკონს" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გერმანია
II ბუნდესლიგაში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" შინ "ჰაიდენჰაიმს" დაუზავდა - 0:0. ლორიამ კარი "მშრალად" შეინახა.

III ლიგაში ლუკას ჰუფნაგელის (90 წუთი, გააფრთხილეს)
"უნტერჰახინგი" შინ "ჰალეშერს" დაუზავდა - 0:0.

საფრანგეთი
ლიგა 2-ში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" სტუმრად "ტრუასთან" 1:2 დამარცხდა. ჯიღაური განაცხადში არ ყოფილა.

პორტუგალია
მადეირულ დერბიში ქართველთა "ნასიონალი" სტუმრად "მარიტიმუსთან" დამარცხდა - 2:3. ავთო ებრალიძე ტრავმირებულია, გიორგი არაბიძე განაცხადში არ ყოფილა.

ბელგია
საჩემპიონო ჯგუფში "გენტმა" სტუმრად "ბრიუგესთან" მძიმე მარცხი განიცადა - 0:3. გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.

პროქსიმუს ლიგაში ირაკლი ბუღრიძის (სათადარიგო) "ბეერსხოტი" "ვესტერლოს" ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ქართველ შემტევს დებიუტი ჰქონდა - ის თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო.

შვეიცარია
სუპერლიგაში ოთარ კაკაბაძის (სათადარიგო) "ლუცერნი" შინ 0:1 დამარცხდა "ბაზელთან". ლევან ხარაბაძის (90 წუთი) "ციურიხი" კი სტუმრად ამავე ანგარიშით "სიონთან" დამარცხდა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" შინ "ზანკტ პოლტენთან" დამარცხდა - 0:1. კიტეიშვილი 59-ე წუთზე გამოცვალეს.

ერსტე ლიგაში ლევან ელოშვილის (52-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგი" შინ 0:3 დამარცხდა "ლიფერინგთან".

დანია
საჩემპიონო ჯგუფში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" სტუმრად "კოპენჰაგენთან" დამარცხდა - 0:1. ქართველი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებული იყო.

ქვედა ჯგუფში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად "ოლბორგს" მოუგო - 2:1. საბამ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაიტანა - ის მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი მე-6 გოლია ჩემპიონატში.


პოლონეთი
ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ 0:1 დამარცხდა "ზაგლებიესთან". ქართველი ლეგიონერი 72-ე წუთზე შევიდა.

ვაკო გვილიას "გურნიკი" შინ "კრაკოვიასთან" 0:1 დამარცხდა. გვილიამ შეუცვლელად ითამაშა და ის გააფრთხილეს.

ქართველთა "სოსნოვიეცმა" სტუმრად "ლეგნიცას" 2:0 მოუგო. მე-18 წუთზე გიორგი გაბედავამ ახლო მანძილიდან გაიტანა პირველი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში. გაბედავა 77-ე წუთზე გამოცვალეს. 97-ე წუთზე გიორგი ივანიშვილიც გამოჩნდა.

ლუკა ზარანდიას (ავად იყო) "არკა" შინ 0:2 დამარცხდა "შლიონსკთან". ვატო არველაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "კორონა" შინ "ლეხს" დაუზავდა - 0:0.

I დივიზიონში გუგა ფალავანდიშვილის "პოდბესკიძიე" სტუმრად 0:3 დამარცხდა ლკს-სთან. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ჩეხეთი
I ლიგაში ვახტანგ ჭანტურიშვილის (64-ე წუთზე შევიდა) "ზლინმა" შინ 0:2 დათმო "სიგმასთან".

შვედეთი
I ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სტუმრად "ესკილსტუნასთან" დამარცხდა - 1:3. ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

უნგრეთი
OTP ლიგაში ტრავმირებული ზაქარია ბეგლარიშვილის "ჰონვედი" სტუმრად "მეზოკოვეშდთან" დამარცხდა - 1:3.

ბაჩანა არაბულის (62-ე წუთზე შემოვიდა) "პუშკაშ აკადემია" სტუმრად "ჰალადაშთან" განადგურდა - 0:3.

გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა (გააფრთხილეს).

ლაშა დვალმა მოასწრო გამოჯანმრთელება და "ფერენცვაროშის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა. მისმა გუნდმა სტუმრად "კიშვარდას" მოუგო - 1:0. გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" სტუმრად 2:0 მოუგო "პაკშს". ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" სტუმრად 2:2 დაუზავდა "ოსიეკს". მჭედლიშვილი მოედანზე 94-ე წუთზე შევიდა.

საბერძნეთი
სუპერლიგაში გიორგი რეხვიაშვილის (90 წუთი) "ლევადიაკოსი" შინ ლაშა შერგელაშვილის (90 წუთი) "იანინასთან" დამარცხდა - 0:2.

კვიპროსი
ირაკლი მაისურაძის (90 წუთი) "პარალიმნი" შინ "პაფოსთან" 1:2 დამარცხდა.

ალბანეთი

ირაკლი ძარიას "კუკესი" შინ 1:1 დაუზავდა "პარტიზანს".

მალტა

გეგი კეკუას (75-ე წუთზე შევიდა) "პიეტა" სტუმრად "გზირასთან" 2:5 დამარცხდა.

რუსეთი
ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი" 2019 წელს პირველად დამარცხდა, სამარაში 0:1 წააგო ტულის "არსენალთან". წაგებულთა რიგებში 74-ე წუთამდე ითამაშა ანანიძემ (5.5 ბალი "ჩემპიონატისგან"), ხოლო გამარჯვებულებში გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა (6 ბალი "ჩემპიონატისგან"). სწორედ გრიგალავამ დაიწყო საგოლე კომბინაცია.

მოსკოვის დერბიში ქართველთა "ლოკომოტივმა" სტუმრად "დინამო" დაამარცხა - 1:0. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 54-ე წუთზე შევიდა. კვირკველიას "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა, კვარაცხელიას - 6.5.

ნაკრებში ტრავმირებული ჯიმი ტაბიძის გარეშე მოთამაშე "უფა" სტუმრად ცსკა-ს დაუზავდა - 2:2.

I დივიზიონში ირაკლი კვეკვესკირის (90 წუთი) "სკა ხაბაროვსკმა" შინ 1:0 მოუგო "კურსკს".

ბელორუსი
ვისშაია ლიგაში აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "მინსკს".

გიორგი ქანთარიას "ნემანმა" სტუმრად 3:2 მოუგო "გომელს". 23-ე წუთზე ქანთარიამ 2:0 გახადა, თუმცა 45-ე წუთზე ამას მისივე ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.


ლიეტუვა
ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასმა" შინ 2:0 მოუგო "სუდოვას" - ჩვენებური პირველ ტაიმში გააფრთხილეს, მეორეში მან 78-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 92-ე წუთზე გამოცვალეს. 4 ტურში მაჭარაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.


ლატვია
ვირშლიგაში ბექა ვაჩიბერაძის (76-ე წუთზე შევიდა) "რიგასმა" 2:1 მოუგო ირაკლი ბიძინაშვილის (70-ე წუთზე შეცვალეს) "იელგავას".

მათე ვაწაძის (55-ე წუთზე შევიდა) "ლიეპაია" შინ "სპარტაკსთან" დამარცხდა - 0:1.

დავით სხირტლაძის (სათადარიგო) "რიგა" შინ "ვალმიერასთან" დამარცხდა - 0:1.

აზერბაიჯანი
თამაზ ცეცხლაძის (სათადარიგო) "საბაილმა" სტუმრად "ზირას" 2:1 მოუგო.

ყაზახეთი
ქართველთა "თარაზმა" "ატირაუს" 2:0 მოუგო - 71-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა მასპინძელთა პირველი გოლი. მან შეუცვლელად ითამაშა, როგორც კაპიტანმა ლაშა კასრაძემ.

ქართველთა "ტობოლმა" სტუმრად 1:0 მოუგო ყარაღანდის "შახტიორს". ჯაბა კანკავა ჯერ კიდევ მე-4 წუთზე გააფრთხილეს, თუმცა მან მატჩი ჩაამთავრა. ნიკა კვეკვესკირმაც შეუცვლელად ითამაშა.

კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად "ოკჟეტპესს" დაუზავდა - 0:0. ქართველი მწვრთნელის გუნდმა ჩემპიონატში პირველად დაკარგა ქულები.

უზბეკეთი
ქართველთა "ყიზილკუმმა" შინ აგმკ-ს 3:1 მოუგო. ელგუჯა გრიგალაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო გიორგი კვესიეშვილს არ უთამაშია.

შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად "ბუნიოდკორი" დაამარცხა.

კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანა" სტუმრად "ნასაფთან" დამარცხდა - 1:3.

აშშ
MLS-ში ქართველთა "სან ხოსე" კალიფორნიის დერბიში შინ 0:5 განადგურდა "ლოს ანჯელესთან". ვაკო ყაზაიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სატირალია რა.. ან ზამენაზე არიან ან განაცხადს მიღმა და პაცოდუ ყველას გუნდი თითქმის აგებს.. თან სად თამაშობენ და მაინც ზზამენის ზამენები არიან.. განა ვინმე რამეს მოთხოვდათ? რომ არ ბაქიბუქობდნენ და არ ეგონოთ თავი ვარსკვლავები? არაბიძე გაიბუტა ზამენაზე რატომ ვარ ნაკრებშიო და კლუბებში ვაბშე ყველგან დუბლებშია..
ქართველი
12:59 01-04-2019
2
არადა სათაური რა იმედის მომცემი იყო! :)))
რა ლიგების რა გუნდებში თამაშობენ და იქაც არ ათამაშებენ. ქართველის რამდენმა გუნდმა გაიმარჯვა? ასე რეკლამირებულ არაბიძეს ნასიონალში ძირითადს არ აკარებენ, იცით რომელ დგილზეა ნასიონალი?
Irakli
12:16 01-04-2019
2

სიახლეები პოპულარული