დღეს, 15 მაისს გაიმართება უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა. ფინალში ფავორიტი, რა თქმა უნდა, დავით ხოჭოლავას "შახტარია", რომელმაც ფინალისკენ მიმავალ გზაზე თავის მთავარ კონკურენტს - კიევის "დინამოს" მოუგო. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, თასის მეორე ფინალისტი პირველი ლიგის ბინადარი "ინგულეცი" გახლავთ.
"ინგულეცი" არაფრით გამორჩეული კლუბია, უკრაინის პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია და პირველ ლიგაშიც მე-7 ადგილს იკავებს. ინგულეცი მდინარის სახელია; მდინარე, რომელიც დნეპრის ერთ-ერთი შენაკადია, ქალაქ პეტროვეში ჩამოედინება. თავად პეტროვე პატარა ქალაქია, დაახლოებით დუშეთის ტოლი. თუმცა პატარა და არც ისე მდიდარმა გუნდმა უკრაინის თასის ფინალში
გასვლა მოახერხა და გზიდან პრემიერლიგის 3 გუნდი ჩამოიცილა.
ეს გუნდი არაფრით იქნებოდა საინტერესო ჩვენთვის, რომ არა ერთი ფაქტი - პეტროვეს "ინგულეცის" ღირსებას ქართველი ნიკა სიჭინავა იცავს. 24 წლის სიჭინავა საქართველოში ბოლოს ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა, ხოლო 2016 წლიდან "ინგულეცის" ფეხბურთელია. უკრაინის პირველი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლით გამოიჩინა თავი, მათ შორის, ბოლო ტურში პრემიერლიგაში დაწინაურებულ "დნიპროს" გაუტანა. 5 შეხვედრაში 1 გოლით ნიკა თასზეც დაეხმარა საკუთარ გუნდს და ნახევარფინალურ შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკრაინის თასს ქართველი გამარჯვებული მაინც ეყოლება. რა თქმა უნდა, "შახტარი" ფავორიტია, თუმცა რა ვიცით, იქნებ პატარა ქალაქის გუნდის ოცნება რეალობად იქცეს.
უკრაინის თასის ფინალი ზაპოროჟიეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.