ლაშა დვალს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის დიდი იმედი აქვს

AutoSharing Option
ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრებში "დინამოს" ფრე (1:1) გაუგორა და თითქოს, ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ სახლში დამარცხდა (0:4) და ახლა ევროპა ლიგის პლეი-ოფში შედარებით ადვილ მეტოქეს, ლიეტუვის "სუდუვას" შეხვდება. ბუდაპეშტური გუნდის მწვრთნელი სერგეი რებროვი, რომელიც კიევის "დინამოს", "ტოტენჰემის" და უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჩვენებურთან ერთად მივიდა.

"ეს ბოლო წრეა და ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გველის. ყველანაირად მზადყოფნა გვმართებს. მეტოქის თამაშები ვნახე, კარგად იბრძვიან და სწრაფად უტევენ. ამ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე არ
არსებობს და შეუფასებლობით შეიძლება დიდი შეცდომა დავუშვათ. შანსები 50/50-ზეა", - განაცხადა რებროვმა.

"ჩვენს მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რთული შეხვედრები გველის, ადვილი გასეირნება ნამდვილად არ იქნება. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ. ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ოცნების შესრულება შეგვიძლია", - ციტირებს ლაშას კლუბის საიტი.

"ფერენცვაროშისა" და "სუდუვას" პირველი შეხვედრა 22 აგვისტოს მარიამპოლეში, საპასუხო კი 29 აგვისტოს ბუდაპეშტში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული