"ნასიონალი", ტრავმები, თურქეთი, ნაკრები - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/garabidze

ტრავმა და უიღბლობა - ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც გიორგი არაბიძის კარიერას მუდამ თან დასდევს. 21 წლის ფეხბურთელს ახლაც ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პერიოდს თურქეთში გადის. მოგეხსენებათ, ის პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა და "ადანასპორში" იჯარის წესით თამაშობს. როგორც თავად გვეუბნება, გასულ ზაფხულს ჩემი მთავარი მიზანი პორტუგალიიდან წასვლა იყოო.

გიორგის მიზანია, რომ უფრო მაღალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში ითამაშოს. დანარჩენს კი ქვემოთ მოყვანილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც Sportall.ge-მ არაბიძესთან ჩაწერა.

გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ვიცით,
ტრავმა გაწუხებდათ...

- მოგესალმებით. სამწუხაროდ, ასეა და ახლაც ტრავმა მაქვს. იმედია, სერიოზული არაფერია. კოჭი მაქვს დაზიანებული და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენი ხანი გამიცდება.

დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ნოემბერს) მესამედ გადავიღე სურათი და პასუხს ველოდები.

როგორ შეეგუეთ "ადანასპორს"? რას იტყოდით თურქეთის მე-2 ლიგის დონეზე?
- შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთის მე-2 ლიგა საკმაოდ კარგ დონეზეა. რაც შეეხება შეგუების ფაქტორს, ადაპტაცია არ გამჭირვებია...

საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ თურქეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადახვედით...
- ეს გადაწყვეტილება სათამაშო პრაქტიკის გამო მივიღე და ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი თამაშია და ამ გუნდში მე სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად მექნება.

"ადანასპორის" გარდა, სხვა შემოთავაზებები თუ გქონდათ?
- სიმართლე გითხრათ, სხვა არც არაფერი... ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი და "ნასიონალი" ვის რას ეუბნებოდა, ეგ სხვა საკითხია. ბევრს ჩემით ვეცადე და ბევრიც შევაწუხე, მაგრამ არავინ არაფერში დამეხმარა და "ადანასპორის" ვარიანტი კი გამოვიდა.

უბრალოდ, პორტუგალიაში დარჩენა აღარ მინდოდა და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე.

- "ნასიონალში" საკმაოდ მცირე სათამაშო პრაქტიკა გქონდათ...
- მინდა ვთქვა, რომ არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. წლის ბოლოს მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ სეზონში იმ ფეხბურთელებს ვენდე, რომლებმაც მე-2 ლიგიდან უმაღლესში გადმოგვიყვანეს, თორემ შენთან პრობლემა არ მაქვს და მომავალი სეზონიდან უფრო მეტს ითამაშებო!

სამწუხაროდ, გავვარდით და მეც გუნდიდან წასვლა მომიწია. კონფლიქტი რომ მქონოდა, იმ დროსაც არ დამითმობდნენ, რაც მოედანზე გავატარე.

ამ სეზონის შემდეგ "ნასიონალში" დაბრუნება გიწევთ...
- არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარეთ და შვეიცარიას ულამაზესი გოლიც გაუტანეთ...
- მთავარი ნაკრების წარმატებაა. ძალიან კარგი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის და მჯერა, რომ ამისთვის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს. გოლს ვინ გაიტანს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ვლადიმირ ვაისთან კომუნიკაცია თუ გაქვთ?
- ბოლო პერიოდში მასთან არანაირ თემაზე არ მისაუბრია. ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორიც მწვრთნელსა და ფეხბურთელს უნდა ჰქონდეთ.

ახალგაზრდულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში, ალბათ, ვერ დაეხმარებით...
- როგორც უკვე ვთქვი, ტრავმის სირთულე არ არის ცნობილი, მაგრამ დიდი ალბათობით, იქამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოვასწრებ.

- დაბოლოს, რა არის თქვენი საფეხბურთო მიზანი?
- მაგ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუ რა და როგორ იქნება. მიზანი შემდეგ წელს უმაღლესი ლიგის ნორმალური დონის ჩემპიონატის ბინადარ გუნდში თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ავტორი: "ტრავმა და უიღბლობა - ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც გიორგი არაბიძის კარიერას მუდამ თან დასდევს"
კარგი რა ავტორ კარგი რა, რაის უიღბლობა. არავის რატო არ გინდათ სიმართლის თქმა და ყველა რატომ აფარებთ ხელს ამ ქართველ ფეხბურთელებს ვერაფრით ვერ ვხვდები რა. უიღბლობა კი არა ბიძია უდისციპლინობა და ცუდი აღზრდა ქვია მაგას მარა ვერც თვითონ ხვდება მაგას და თქვენც იმის მაგივრად სიმართლე უთხრათ კიდევ თავზე ხელს უსვამთ. მიდი აბა დალოკეთ, ემანდ ვინმეს არ ეწყინოს.
ერთი ესაა უიღბლო და მეორე ჭანტურია და ოქრიაშვილი
superman
15:28 11-11-2019
2
გიო, მეტი იმუშავე საკუთარ თავზე და ყველაფერი გამოგივა. დიდი ხანია შენს გაბრწყინებას ველით და გული არ გაგვიტეხო. წარმატებები
ნახალოვკელი
19:48 11-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული