რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების მცველებმა საბა კვირკველიამ და ჯიმი ტაბიძემ ითამაშეს.
კვირკველიას "ლოკომოტივმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "როსტოვს" (მატჩს 30 127 მაყურებელი დაესწრო), 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზენიტს" 9 ქულით ჩამორჩება და 21 მარტს "ორენბურგს" უმასპინძლებს.
კვირკველიამ, რომელსაც გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს, ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად.
ტაბიძის "უფამ" ისევ ნულოვან ფრეს მიაღწია სტუმრად - ამჯერად ცსკა-სთან, 27 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და 22 მარტს "ტამბოვს" მიიღებს.
ტაბიძემაც კვლავ შეუცვლელად იასპარეზა და ისევე, როგორც "ზენიტთან" შეხვედრაში, უშეცდომოდ გაისარჯა.