დავით ხოჭოლავა: სახლის პირობებში ვარჯიში ძნელია

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ კორონავირუსით გამოწვეული კარანტინისას კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა:

- დავით, კარანტინის პერიოდში რითი ხარ დაკავებული?
- როგორც უმეტესობა, მეც სახლში ვზივარ. მომენატრა ფეხბურთი და გუნდთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში დადებითი მომენტები უნდა მონახო. კარანტინი ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით დატკბობის შესანიშნავი საშუალებაა.

- ეპიდემიაზე რას ფიქრობ?
- მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. მინდა ვირწმუნო, რომ მალე ვირუსის გავრცელება შეჩერდება და ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო, რომლებიც პანდემიას ებრძვიან და საკუთარ სიცოცხლეს
რისკის ქვეშ აყენებენ.

- საქართველოშიც რთული სიტუაციაა. რას გიყვებიან ახლობლები და მეგობრები?
- დიახ, ჩემს სამშობლოში ახლა რთული ვითარებაა. კომენდანტის საათი შემოიღეს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, რათა ქუჩაში ხალხის მოძრაობა მაქსიმალურად შეიზღუდოს. ყველას, ვისაც ვესაუბრები, სახლშია და ცდილობენ, გარე სამყაროსთან კონტაქტს მოერიდონ. აგრეთვე, სოციალურ ქსელებში ქმნიან ჯგუფებს, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, რათა ასაკოვან ადამიანებს პროდუქტების შეძენასა და სხვა საქმეებში დაეხმარონ, რომ მათ ქუჩაში გასვლა არ მოუწიოთ. ვფიქრობ, ეს სწორი და კარგი ინიციატივაა.

- შენს ოჯახში უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავთ?
- ყველაფერი სტანდარტულად: ხშირად ვიბანთ ხელებს და აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავდივართ.

- რთულია სახლის პირობებში ვარჯიში?
- ბუნებრივია. ვარჯიშებს, რომლებსაც მოედანზე ვასრულებთ, სახლში ვერ შეასრულებ. ყველას ვარჯიშის გეგმა გვაქვს, მწვრთნელები ვიდეოკონფერენციით ყველაფერს აკონტროლებენ. ჯერ ასე ვმუშაობთ და მაქსიმალურად კარგი ფორმის შენარჩუნებას ვცდილობთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული