ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა შეჯიბრების საუკეთესო დრიბლიორთა სია, რომლის სათავეშიც საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილია.
სტატია, რომელსაც სათაურად ჰქვია - "ვინ არის MLS-ის საუკეთესო დრიბლიორი? გარემარბები და ნახევარმცველები, რომლებმაც 2019 და 2020 წლებში გაიბრწყინეს", მოცემულია, რომ ყაზაიშვილმა ამერიკული ლიგის 2019 წლის მთლიან სეზონსა და 2020 წლის 2 მატჩში, ჯამში, 100 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ვაკო დრიბლინგების 68,97%-ს წარმატებით ასრულებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კარლოს ველას (95 წარმატებული დრიბლინგი) მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია.
სამეულში ყაზაიშვილის თანაგუნდელი, არგენტინელი ესპინოზაც გახლავთ 81 წარმატებული დრიბლინგით.
ვაკომ MLS-ის გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მიმდინარე გათამაშების 2 მატჩში კი თავი ერთხელ გამოიჩინა.