დღეს საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილია - ვრცელი ინტერვიუ დავით ხოჭოლავასთან

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის "ინსტაგრამ" გვერდის საშუალებით გულშემატკივრების კითხვებს ინტერვიუს ფორმატში უპასუხა.

Sportall.ge აღნიშნული კითხვა-პასუხიდან ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ.

-დავით, უკვე კარანტინის 51-ე დღეა უკრაინაში. რას აკეთებ ხოლმე სახლში?
-მწვრთნელები ჩვენ ახალ ვარჯიშებს გვთავაზობენ, ვიდეოზარის საშუალებით ვვარჯიშობთ. დიდ დროს ვატარებ ოჯახთან ერთად, საჭმელს ვამზადებ, წიგნებს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ. ფორტეპიანოზე დაკვრასაც კი ვსწავლობ. ჩემი მეგობარი გოგონა კარგად უკავს და ცოტას მეც მასწავლის. ჯერ-ჯერობით წარმატებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა იმედი მაქვს, მალე უკეთ გამომივა.

-როგორია კორონავირუსთან
დაკავშირებული სიტუაცია საქართველოში?
-იქ უფრო მკაცრი კარანტინია, რამდენიმე დღის წინ მანქანითაც ვერ გაივლიდი. ადამიანები საკმაოდ სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს და არა მხოლოდ პირბადეებს, პლასტმასის ნიღბებსას იყენებენ სახისა და ცხვირის დასაფარად. როგორც ვიცი, დღესაც კომენდანტის საათი მოქმედებს.

-გულშემატკივრისაგან ყველაზე უცნაური საჩუქარი რა მიგიღია?
-ეს სუფრის კოვზი იყო და ზედ ჩემი სახელი ეწერა. შეხვედრის შემდეგ გადმომცეს.

-შენი ნება რომ იყოს, რომელ წესს შეცვლიდი ფეხბურთში?
-რთული კითხვაა. მგონია, რომ არც არაფერს შევცვლიდი, მხოლოდ VAR-ს ამოვიღებდი.

-როგორი იყო შენი რეაქცია, როცა "შახტარმა" კონტრაქტი შემოგთავაზა?
-ვიცოდი, რომ "შახტარი" თვალს მადევნებდა და ჩემთან ხელშეკრულების გაფორმება სურდა. ოდესაში ვთამაშობდი, შეხვედრებს ესწრებოდნენ და მაკვირდებოდნენ. ასე რომ, სიახლე არ ყოფილა, მიჩვეული ვიყავი. ბუნებრივია გამიხარდა, თუმცა შოკი არ მქონია, რადგან, ვემზადებოდი კიდეც ამისთვის.

-"შახტარში" თავს ლეგიონერად გრძნობ?
-არა. ბევრი მეუბნება, როგორი ლეგიონერი შენ ხარო. ზოგჯერ ამის გამოყენება სასარგებლოა. მაგალითად, შვებულების შემდეგ ლეგიონერები 1 დღით გვიან ბრუნდებიან. მე კი სულ უკრაინელებთან ერთად მიწევს დაბრუნება. ექიმს ვურეკავ და ვეუბნები: "მე ხომ ლეგიონერი ვარ, კიდევ 1 დღე მომეცით!" პასუხი სულ უარყოფითია.

-რომელს აირჩევდი: მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად გამარჯვება თუ "შახტარის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება?
-ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის მოგების შანსი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე "შახტარს" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისა. თუ ასარჩევად მექნება საქმე, პირველ ვარიანტზე შევჩერდები. რადგან, "შახტარს" ისედაც აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი.

-ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება რომელია ქართულ ფეხბურთში?
-უახლოესი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. საქართველოს ნაკრებს დიდ შეჯიბრებაზე არასდროს უასპარეზია, ახლა კი ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს. მხოლოდ ორი მატჩის მოგება გვჭირდება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდის იქნება ეს თამაშები.

-ამბობენ, ქართველები სწრაფები და ტექნიკურები ეროვნული ცეკვების გამო არიანო. მართალია ეს?
-ახლა მივხვდი რატომ არ მაქვს სწრაფი ფეხები - ცეკვაზე არასდროს დავდიოდი. ბავშვობაში მხოლოდ კარატეს წრეში ვიყავი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის დამსახურებით სხეულის კარგი წყობა ჩამომიყალიბდა, რადგან იქ ძალის მომატებაზე ვვარჯიშობდი და მას შემდეგ კუნთების პრობლემა არასდროს მქონია.

-ხაჭაპური თუ ხინკალი?
-ოოჰ, რამდენი ხანია არ მიჭამია. ახლა ხაჭაპურს ავირჩევდი. ხინკლის ჭამა მხოლოდ ნახევარ წელიწადში ერთხელ შემიძლია, როცა თბილიში შვებულებისას ჩავდივარ. უკრაინაში არ ვეტანები, რადგან ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქართულს.

-რომელია შენი საყვარელი ადგილები თბილისში?
-კუს ტბა. ჩემს სახლთან ახლოსაა, დილით შეიძლება გასეირნება, სირბილი. კარგი კაფეა "სტამბა", სადაც ჩემი ბევრი ახლობელი და ნაცნობი იკრიბება. მესამე ადგილი კი, ბუნებრივია, სახლია.

-მომავალში რომელ მწვრთნელთან ისურვებდი მუშაობას?
-ალბათ კლოპთან. მომწონს, როგორც ის გუნდს განაწყობს, მისი მორალური მდგომარეობა.

-ვინ არის ტოპ 5 ცენტრალური მცველი ფეხბურთის ისტორიაში?
-მალდინი, ნესტა, რამოსი, ჩივაძე და კანავარო.

-ვინ არის, დღესდღეობით, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი?
-ვაკო ყაზაიშვილს დავასახელებ. ის ახლა აშშ-ში თამაშობს. მასთან ერთად 6 წლიდან ვთამაშობ და ვიცი რა შეუძლია მოედანზე. კიდევ ჩაკვეტაძე, ის ბელგიაში თამაშობს და 20 წლის ასაკში მისი შეძენა უკვე გრანდებს სურთ. ვფიქრობ, მალე მას წინ დიდი ფეხბურთი ელოდება.

-დაასახელე შენი 3 დადებითი და უარყოფითი საფეხბურთო ღირსება.
-დადებითი: ორთაბრძოლებში ძლიერი ვარ, თავით კარგად ვთამაშობ და ცენტრალური მცველის კვალობაზე, სწრაფი ვარ. მინუსები: შეტევის დაწყებაზე მჭირდება კიდევ მუშაობა, გრძელ გადაცემებსა და სტაბილურობაზე.

-დაასახელე იმ ფეხბურთელებიდან შემდგარი სიმბოლური გუნდი, ვისთან ერთადაც გითამაშია.
-პიატოვი, სრნა, კაშია, რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, მარლოსი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ტაისონი, ტეიშეირა.

-დაასახელე დღეს მოთამაშე ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი.
-ობლაკი, ალეკსანდრ-არნოლდი, რამოსი, ვან დეიკი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, მესი, რონალდო, სუარესი, აგუერო.

მომზადებულია shakhtar.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი ვერ ვხვდები პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვარის ამოღწბა რატომ უნდა ინატრო
საბა
21:39 03-05-2020
4
ცენტრალური მცველების სიაში პირველი ნომერი მურთაზ ხურცილავაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
aburjga
15:29 03-05-2020
9

სიახლეები პოპულარული