ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერს 1 ადამიანი გადაწყვეტს - თურქებს ფეხბურთელი არველაძემ ურჩია

AutoSharing Option
როგორც თურქული გამოცემა milliyet-ი იტყობინება, სტამბულის "ბეშიქთაშის" წარმომადგენლები შოთა არველაძეს დაუკავშირდნენ და სწორედ მან ურჩია "შავ-თეთრებს" ნიკა ნინუას კანდიდატურა.

თავად შოთამ თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველის შესახებ გამოცემასთანაც გააკეთა კომენტარი და ნინუა შეაქო.

"მინდა გითხრათ, რომ "ბეშიქთაშმა" სამიზნეში ძალიან კარგი ფეხბურთელი ამოიღო. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ნიკას რისკიანად თამაში უყვარს, როგორც გამოცდილ ფეხბურთელებს შეეფერებათ.

ის ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს და ბრწყინვალედ შეუძლია შეტევის წარმართვა. თუკი "ბეშიქთაში" ნინუას შეუთანხმდება, კლუბი საკუთარ რიგებში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს მიიღებს", - განაცხადა ტაშკენტის "ფახთაქორის" დამრიგებელმა.

საქართველოს ნაკრების
ექსფორვარდმა კომენტარი იმის პოზიციის შესახებაც გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ჩემპიონატი თურქეთის სუპერლიგასთან შედარებით სუსტია და ნინუას იქ თამაში გაუჭირდება.

"რა, მე და არჩილი საიდან მოვედით თურქეთში? სწორედაც რომ საქართველოს ჩემპიონატიდან და არა ბუნდესლიგიდან. ყველა ლიგაში თამაშობენ კარგი ფეხბურთელები.

ნიკა ახალგაზრდა მოთამაშეა. სადაც უნდა წავიდეს, ყველგან მოუხდება იქაური სტილის ფეხბურთთან შეგუება. თუ "ბეშიქთაში" მის ტრანსფერს გადაწყვეტს, მისი სახით გუნდს ძალიან ბევრს შემატებს, როგორც ნინუა მიიღებს "ბეშიქთაშისაგან" ბევრს", - თქვა შოთამ.

თავად გამოცემა კი წერს, რომ "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობა ნინუას ტრანსფერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

კვირის შუაში კლუბის პრეზიდენტი აჰმეთ ნურ ჯები, სპორტული დირექტორი ერდან თორონოღულარი და გუნდის მთავარი მწვრთნელი შერგენ იალჯინი შეხვედრას გამართავენ. თუ იალჯინი თანახმა იქნება, ნინუას კონტრაქტის გასაფორმებლად სტამბულში მიიწვევენ.

ავტორი ბექა ბექაური


მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებებს ვუსურვებ ნინუას, მაგრამ მეეჭვება თურქულ გრანდში თავისი სიტყვა თქვას. ვერც შოთას დავეთანხმები - ის და აჩი საბჭოთა "დინამოს" აღზრდილები იყვნენ. ორიოდე სეზონი ითამაშეს ისეთ საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ყველანი საბჭოთა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები იყვნენ და ის ჩემპიონატი დონით ბევრად ჯობდა დღევანდელს. მერე კი წავიდნენ თურქეთში და მაშინდელი თურქული ლიგა ახლანდელთან ახლოსაც ვერ მოვა. ასე რომ, სხვაობა თვალშისაცემია.
korben dallas
15:40 29-06-2020
3
ცხვრის ფასად ყიდულობენ კიდე ტირიან
gela
18:22 29-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული