ხვიჩა - 19 წლის ბიჭი ბურთს ქართულად აგორებს და გულშემატკივრები ეთაყვანებიან

AutoSharing Option
უკანასკნელ ხანს ძალიან გვახარებს თავისი ლაღი და ლამაზი თამაშით "რუბინის" 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ქართული ფეხბურთის დღევანდელი სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელია აუხსნა ჩვენს ქომაგს, რას ნიშნავს ბურთის ქართულად გორება, მაგრამ ძველ, სტაჟიან გულშემატკივარს ამის განმარტება არ სჭირდება.

"ორენბურგთან" მატჩში მან გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა გააკეთა და საერთოდაც, იმდენად ნაყოფიერად გაისარჯა, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კომენტარიც ჩამოართვეს, თუმცა აზრი ხეირიანად ვერ ჩამოაყალიბა - ეგ არაფერი, მთავარია, საფეხბურთო აზროვნება არ აკლია და ბურთთან თქვენობით არ არის.

"მატჩ პრემიერის" კომენტატორმა ჩვენებურის საგოლე
პასისას აღფრთოვნება ვერ დამალა: "ხვიჩამ ყველაფერი გააკეთა, ოთხი მეტოქე ჩამოიცილა და შესანიშნავად დაინახა თანაგუნდელი შორეულ ძელთან".

ყაზანური კლუბის საიტმა მიმოხილვაში კვარაცხელიას გამორჩეული ასპარეზობა აღნიშნა: "რუბინში" კვლავ ყველაზე შესამჩნევი ხვიჩა იყო, რომელიც თავის მარცხენა ფლანგზე მუდმივად მიდიოდა მეურვეების მოტყუებაზე და როგორც წესი, წარმატებულად. ერთ-ერთ ეპიზოდში ახალგაზრდა ქართველმა პირით ხაზთან ორი ოპონენტის გარემოცვიდან გარღვევა მოახერხა, კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ თავისი გუნდი გადაარჩინა. 65-ე წუთისთვის მასპინძლები საბოლოოდ დაეუფლნენ ინიციატივას და შეცვლაზე შესულმა დენის მაკაროვმა შორეულ ძელთან ხვიჩას გადაწოდებული ბურთი გაიტანა".

კვარაცხელია სხარტია, მსუბუქი, მოედანზე დაქრის, ტექნიკურია, მოედანს კარგად ხედავს. თუ გასულ სეზონში უმეტესად შეცვლაზე შეჰყავდათ, ახლა ფიზიკურადაც მოძლიერდა და უკვე თითქმის სრულად შეუძლია ითამაშოს - "ორენბურგთან" 83-ე წუთზე შეცვალეს.

Sportall.Ge

ცოტა სტაბილურობა აკლია, რაც ასაკთან ერთად აუცილებლად მოვა. "ურალთან" შეხვედრაში (2:1) გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო შემდეგ "ლოკომოტივთან" (0:2) და "უფასთან" (0:0) თავი არ გამოუჩენია. თუმცა, იმდენად მიგვაჩვია კარგ თამაშს, რომ მის მიმართ ცოტა ზედმეტად პრეტენზიულები გავხდით - "თავისი ბრალია", რადგან თამასას თანდათან სულ უფრო და უფრო მაღლა სწევს.

"ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შესახებ თქვა, რომ დღემდე განიცდის მის დაკარგვას, ბრწყინვალე ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი და მძიმე გაკვეთილი მიიღო.

"ლოკოს" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ურალთან" შეხვედრის შემდეგ ის ასე დაახასიათა: "ხვიჩამ "ურალთან" შესანიშნავად ითამაშა. ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ნიჭში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. კონტრაქტი რომ არ გაუფორმეს, ეს "ლოკომოტივის" დიდი დანაკლისი იყო.

შეუძლია თუ არა ხვიჩას მომავალში ევროპაში ითამაშოს? მას კარგი მომავალი აქვს. ფეხბურთისადმი მისი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეუძლია შორს წავიდეს და დიდ გუნდში ითამაშოს".

გულშემტკივრები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულნი არიან და კლუბის საიტზე მისი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ:

"კვარა საუკეთესოა, "საუკეთესოა! ეს უეჭველია!", "მალე "ზენიტი" წაგვართმევს", "ოღონდ კვარა არ წაგვართვან".

კარგია, როდესაც 19 წლის ბიჭი ფანების ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. ფეხბურთში, ისევე, როგორც საერთოდ ცხოვრებაში, ბევრი რამ შრომისმოყვარეობასა (რაც არ აკლია) და იღბალზეა დამოკიდებული. მოდით, ხვიჩას წარმატებები ვუსურვოთ და კიდევ მრავალჯერ გაეხარებინოს ქართველი (და არამარტო ქართველი) გულშემატკივარი.

მიდი, ხვიჩა, მიდი, შენ ეს შეგიძლია! შენ ეს უნდა გააკეთო!

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები.ულევი ჯანმრთელობა და გამართლება ცხოვრებაში!!! დალოცვილი იყავი ღმერთისგან და კაცისგან!!!
ნუკრი
06 ივლისი 2020 08:10
0
მიდი ჯიგარო!!!
Dappto
06 ივლისი 2020 08:16
0
დიდი ფეხბურთის თამაში, ეს 1% ტალანტი და 99% შრომაა. უფალზე რაც იყო დამოკიდებული (ტალანტი), ხვიჩამ მიიღო, ჯერი მის შრომისმოყვარეობაზეა და მან ეს არ უნდა დაიზაროს. ქართველებს მასზე ტალანტიურებიც გვახსოვს, მაგრამ სიზარმაცე ვერ დაძლიეს და დღეს მათი გვარი ფეხბურთში, აღარავის ახსოვს. იმედია, ახალი თაობა, გვაკმარებს რაც დავკარგეთ და ქართული ნიჭის სადიდებლად ყველაფერს გააკეთებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
06 ივლისი 2020 12:18
1
სასიხარულოა ხვიჩას პროგრესი. დიდი შრომა და მიზანდასახულობაა მთავარი დიდ წარმატებისათვის. გისურვებ რწმენას და წარმატებას.
G.LA
06 ივლისი 2020 09:42
0
თორნიკეზე ვენები, რომ გადაიჭერი, ხვიჩა რუსულ გუნდში არ თამაშობს და რუსი მწვრთნელი არ ყავს? ეს როგორ გავიგოთ? სირცხვილი შენ და შენაირ "ურა პატრიოტებს" (ეს უკვე თქვენი კლიჩკააა)
g.la-s ????
14 ივლისი 2020 09:17
0
ძალიან ნიჭიერია. ეხლა თავდაუზოგავი შრომაა მთავარი და მერე, ცოტა ხანში, კარგი აგენტი, რომ ევროპაში მისთვის შესაფერის გუნდში წაიყვანოს. მანდ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება. ღმერთმა ნუ ქნას, ასათიანის, კვირკველიას, ანანიძის და სხვების ბედი გაიზიაროს. წარმატებები!
გაიტანეთ გრენლანდია
06 ივლისი 2020 11:28
0
მანგარჲ ბოშჲ რექჷ ჯიმა,მანგარჲ
ბაჩი
06 ივლისი 2020 12:14
6
ახლა ხვიჩაზე დაიწყეს დააცადეთ ამ ბიჭს ისე არ ქნათ, როგორც ჩაკვეტაძეზე ყოველდღე რო ტვინს ბურღავდით ხან სად გადადიოდა ხან სად
raJdeni
06 ივლისი 2020 09:28
5
ხვიჩა და ზურიკო ძალიან მონდომებულები არიან და ისეთი მწვრთნელი ჰყავთ სლიცკის სახით ვინც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა და აუცილებლად დაუფასებს შრომას და ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში და საერთოდ არაა გამორიცხული თუ ხვიჩამ ასე გაგრძელა მომავალ სეზონში ზენიტში ვიხილოთ,მაგრამ ამასთან იქნებ მოგვაწოდოთ უფრო მეტი ცნობები გიორგი ქოჩორაშვილზეც რადგან ეს ბიჭი უკვე ლევანტეს განაცხადში ხვდება და რა გეგმები აქვს მას და მის კლუბს მასთან დაკავშირებით ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია იქნებ მასზეც მოგვაწოდოთ ცნობები 21 წლის ფეხბურთელი ჩემი აზით დუბლებისთვის უკვე დიდია და რას აპირებს რა გეგმები აქვს იქნებ მოიძიოთ ამაზეც ინფორმაცია.
Giorgi
06 ივლისი 2020 16:38
0
დრიბლინგი კარგი აქვს,მოედანსაც ხედავს მთავარია ფიზიკას მოუმატოს და ივარჯიშოს.მეცოდება რუსეთის ჩემპიონატისთვის.
თემო
06 ივლისი 2020 12:11
4
მიდით ლომებო თქვენი იმედი გვაქვს. დავითაშვილიც კარგი ბიჭია. უნდა წამოვიდეს ახალი თაბა. ტყუილად არ გვეძახდნენ კავკასიელ ბრაზილიელებს.
ჯიმა
06 ივლისი 2020 13:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული