საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი ნახევარი დაასრულა.
როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში პაუზა გამოცხადდა. კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა და Sportall.ge-მ ფეხბურთელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გადაიტანეთ?.. თქვენ დიდი პერიოდი გაგიცდათ და ვერ ვარჯიშობდით...
- სიმართლე გითხრათ, დაბრუნების შემდეგ პირველი ორი ვარჯიში რთული იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და ჩემს საუკეთესო ფორმასთან ახლოს ვარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- სეზონის პირველი ნახევარი რუსეთში დასრულდა. როგორ შეაფასებდით უშუალოდ თქვენს
ასპარეზობას?
- ჩემ თავზე საუბარი არასდროს მიყვარს. სჯობს ჩემი თამაში გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა შეაფასონ.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდის თამაშს, ვფიქრობ, პირველმა ნახევარმა კარგად ჩაიარა. "რუბინი" აგრძელებს იმ მიზნისთვის ბრძოლას, რაც სეზონის დასაწყისში გვქონდა დასახული.
- რუსული მედია თქვენზე მუდამ დადებითად საუბრობს და ადგილობრივი პრემიერლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი ხართ...
- ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს. გმართებს, რომ თამაშიდან თამაშამდე მოუმატო და უფრო მეტი იშრომო.
ყოველდღე ვვარჯიშობ და ვშრომობ იმისთვის, რომ ეს დადებითი შეფასება, რაც ჩემ მიმართ არის, დამსახურებული იყოს.
- როდემდე აპირებთ რუსეთის ჩემპიონატში თამაშს? როგორც ვიცით, თქვენით არაერთი გუნდია დაინტერესებული...
- მოდით, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. ჯერჯერობით "რუბინში" ვარ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება...
- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ... ისტორიული მატჩის წინ გაიგეთ, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული...
- ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი. ვცდილობდი, რომ სახლიდან საერთოდ არ გავსულიყავი და მხოლოდ ვარჯიშებზე დავდიოდი, მაგრამ ასე მოხდა, რაც ძალიან საწყენი იყო.
გული ძალიან დამწყდა, რადგან მინდოდა, რომ ბიჭებს მოედანზე მივხმარებოდი. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნებები, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს აქვს, აუცილებლად ახდება...
- რას იტყვით ვლადიმირ ვაისის შესახებ, როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
- ამ ადამიანზე მხოლოდ დადებითად ვისაუბრებ. სიმართლე გითხრათ, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე.
ის არა მარტო კარგი სპეციალისტი, არამედ კარგი ადამიანიცაა და სწორედ ამიტომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.
- მთელი საქართველო იმედის თვალით გიყურებთ და თქვენს წარმატებას ელოდება. რას ეტყოდით გულშემატკივარს, რას გააკეთებს ხვიჩა კვარაცხელია იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს?..
- თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ თავს არ დავზოგავ მოედანზე და მოედნის გარეთაც რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებს იმედები არ გავუცრუო.
ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას ჩემი ეიმედება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარული ყოველთვის მექნება, რადგან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ერთი დღე ყაზანში?
- ყველაფერი აბსოლუტურად ფეხბურთს უკავშირდება. მივდივარ ვარჯიშზე და ძალიან ბევრს ვშრომობ. შემდეგ აღდგენითი პროცედურები მიდის...
შემდეგ ან ვიძინებ, ან რაიმე ფილმს ვუყურებ... ფეხბურთით ვცხოვრობ და ჩემთვის სხვა რამე მიუღებელია.
- როგორც ცნობილია, კლუბის ბაზაზე ცხოვრობთ. რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?
- ბაზაზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და იქ ყველაფერი მაქვს, ფეხბურთელს რაც სჭირდება განვითარებისთვის. ვფიქრობ, ამის გამოყენება აუცილებელია.
- რომელია თქვენი ოცნების გუნდი?
- ბევრი გუნდია, სადაც თამაშს ვიოცნებებდი, მაგრამ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ვარ...
- ბოლოს საუკუნის კითხვასაც დაგისვამთ... რონალდო თუ მესი?
- ძალიან რთულია ამ ფეხბურთელების შედარება. როდესაც ამ კითხვას მისვამენ, მინდა, რომ ვთქვა ორივე, მაგრამ არ გამოდის...
მესი არის დაბადებული იმისათვის, რომ ხალხს ანახოს სანახაობა. ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე შოუს დგამს. მეორე მხრივ არის რონალდო, რომელმაც უდიდესი შრომით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მესის არცერთ ასპექტში არ ჩამოუვარდება და პირიქით, ბევრში სჯობს კიდეც.
რონალდო ჩემთვის მისაბაძი ადამიანია და ვფიქრობ, თითოეული სპორტსმენი ასე ფიქრობს.
უფალო!წარმატებული ატარე ეს ბიჭი თავის არჩეულ დიდ გზაზე.