რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სახლში ლიდერ "ზენიტს" 2:1 სძლია.
გასულ ტურში "სპარტაკის" დამარცხების (2:0) შემდეგ "რუბინმა" "ზენიტთანაც" მაგრად იბრძოლა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო. პეტერბურგელები უხეშობას არ ერიდებოდნენ. მე-18 წუთზე ექსრუბინელ აზმუნთან შეჯახების შემდეგ მუსაევს სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.
41-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე აზმუნმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 90+6-ე წუთზე "რუბინის" მეკარე დიუპინმა ძიუბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, "ზენიტის" მცველები ეუხეშებოდნენ და ლოვრენს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
"რუბინმა" 8 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ზენიტს" ერთ სეზონში ორივე მატჩი, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "უფას" დაუპირისპირდება.