"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბების მიმართ ქართველი გულშემატკივრების მხრიდან დიდი ინტერესია. ბოლო პერიოდში ჭორ-მართალი არაერთი გუნდის დაინტერესებაზე გავრცელდა. 

კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს როგორც ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე, ასევე სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კვარაცხელიას მიმართ საუბრები იმატებს. თქვენგან გვინდა გავიგოთ, რა მდგომარებაა ახლა ხვიჩას ირგვლივ?
- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "რუბინში" არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ისინი  აქ გატარებულ დროს დადებითად მოიხსენიებენ და კლუბის პრეზიდენტ რუსტემ საიმანოვს ემადლიერებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.
ყაზანელები ევრთასებზე გავიდნენ და დიდი გეგმებიც აქვთ. ლეონიდ სლუცკი ევროპაშიც დაფასებული სპეციალისტია და მასთან მუშაობა ხვიჩასაც ბევრს აძლევს. 

ყველა ცდილობს, კვარაცხელია ტოპ-კლუბში გადაბარგდეს, მას ამისთვის გზა ხსნილი აქვს! ხვიჩას პროგრესს კლუბი არათუ ხელს არ შეუშლის, პრეზიდენტიდან დაწყებული, თითოეული წევრი მაქსიმალურად დაეხმარება.

კვარაცხელია კარგად ხედავს, როგორ ენდობა ხელმძღვანელობა; აფასებენ და უყვართ გულშემატკივრებს...

- განსაკუთრებით ასახელებენ "იუვენტუსს", "მილანსა" და "ლიდსს". შეგვიძლია თუ არა, კონკრეტული გუნდების ინტერესებზე უფრო მეტი გვესაუბროთ?
- იტალიისა და ინგლისის გუნდების საუკეთესო ხუთეული, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები - ხვიჩას თავისუფლად შეუძლია ამ დონესა და მასშტაბებზე იასპარეზოს.

კვარაცხელია უნდა წავიდეს მხოლოდ ტოპ-კლუბში! ნუ დაგვავიწყდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ეს მხოლოდ ინტერესებია და არა კონკრეტული წინადადებები.

ევროპული ჩემპიონატების დასრულებამდე ცოტა დროა. როცა ისინი დამთავრდება, წინადადებები უფრო გააქტიურდება.
დაინტერესება კი არაერთია - იტალიური, ინგლისური, ესპანური კლუბები. რუსული გუნდებიც მონდომებულები არიან, ხვიჩა სხვაგან არ გაუშვან. მაქსიმუმ 20-25 დღეში ყველაფერი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება. 

სადაც უნდა ითამაშოს, ხვიჩა ყველგან მაქსიმალისტი იქნება. თუკი "რუბინთან" ერთად ევროტურნირზე იასპარეზებს, ეცდება, იგი მოიგოს. მაგრამ ერთ რამეს ხაზგასმით ვამბობ - კვარაცხელიას დაბალი დონის ჩეპიონატში არავინ გაუშვებს!

- კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოსაზრებას ბევრი გამოთქვამს. მაგალითად, უკანასკნელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა: "როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა არ თამაშობ, კარგავ ფორმასა და დროს"...
- რა თქმა უნდა, რჩევას ყველასგან მივიღებთ, მაგრამ როცა "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადავიყვანეთ, ზოგიერთს მაშინ ეგონა, რომ ხვიჩა დავღუპეთ. ახლაც, თუკი გრანდში მოხვდა, შეიძლება სათამაშო დროის გამო დაიწუწუნონ; შედარებით სუსტ გუნდში თუ გადაბარგდება, ამას ხომ ისედაც საუბრები მოჰყვება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კვარაცხელია უნდა წავიდეს ტოპ-კლუბში! გარკვეული ადაპტაცია შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ მასაც იოლად დაძლევს. 

- თქვენ, როგორც აგენტს, როგორ წარმოგიდგენიათ, მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებულ იქნეს მომავალ კლუბში კვარაცხელიას სათამაშო დროზე საუბარი?
- გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?! ამას ემატება ხელფასები. ამ კლუბებისთვის კვარაცხელია ჩვენ ხომ არ შეგვითავაზებია? თვითონ ნახეს და ინტერესი გაუჩნდათ.

როგორ წარმოგიდგენიათ, ხვიჩამ "რეალის" წარმომადგენლებს ჰკითხოს - სათამაშოდ ხომ არ გჭირდებითო?! თუ დაამტკიცებს, რომ სხვაზე უკეთესია, დროს მიიღებს. ეს ასეც იქნება, კვარაცხელია მაქსიმალისტია და მასზე ამხელა იმედებს ამიტომაც ვამყარებ.

ხვიჩას ამ ასაკში ბადალი არ ჰყავს. ის ასახელებს საქართველოს და იქნება იმ დონეზე, როგორზეც ყიფიანი, გუცაევი, ქინქლაძე. ის, პირველ რიგში, დიდი ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი!

- რამდენიმე დღის წინ "როტორის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბელორუსმა ხაცკევიჩმა განაცხადა, რომ კლუბიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. მან აღნიშნა, რომ თქვენთან კონფლიქტი იმის გამო ჰქონდა, რომ კვირკველიას ძირითადში არდაყენების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდით. ასეთ საქმეებში აგენტები არ უნდა ჩაერიონო - თქვა მწვრთნელმა...

- ვოლგოგრადში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩასვლა სწორედ კვირკველიას გამო იყო. საბას ეროვნულ ნაკრებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და ამ დროს  უთამაშებელი იყო. მე ვკითხე კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს - რა არ მოგწონთ ჩემი ფეხბურთელის, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი ორჯერ გახდა?! 

ყველაფერი სწორად გავაკეთე, ჟარგონულად არ მისაუბრია. მიზეზებზე ვიკითხე და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ! მწვრთნელი ვარ და მე ვწყვეტო და მომდევნო ტურში ოთხი გოლი გაუშვეს. 

თანაც, სეზონის წინ კვირკველიას წამყვანი თურქული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ, კლუბის ხელმძღვანელობამა და ხაცკევიჩმა კი გვთხოვეს, საბას კლუბი არ შეეცვალა.

- თქვენ "როტორში" მიიყვანეთ გიორგი არაბიძე, რომელიც უთამაშებელი იყო. ბოლო პერიოდში იგი კლუბში არ გამოჩენილა და მიზეზიც არ სახელდებოდა...
- არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას უბრალოდ არ გაუმართლა - ხშირად ტრავმიანობს, ვირუსის გამოც კი ბევრი უცდება.

"როტორი" რომ არ გავარდნილიყო, გიორგის გუნდში დასარჩენად ყველა ღონეს ვიხმარდი. მას რეკომენდაციას რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერ კლუბში გავუწევდი!

- ზურიკო დავითაშვილზე წერენ, რომ თუკი კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს, ყაზანურ კლუბში დრო მხოლოდ ასე მიეცემა. მასზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? "როტორშია" ნიკა ყიფიანი, ჩარიცხვასთან ახლოს იყო ილია ბერიაშვილი...
- ზურიკო ძლიერი შემტევია, უბრალოდ, არ უმართლებს, გოლების გატანა ვერ მოახერხა - იქ მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი აუღო,  ძელს მოარტყა და ა.შ. 

დავითაშვილი დაბრუნდება "რუბინში" და სლუცკი მას აუცილებლად მისცემს სათამაშო დროს!

ყიფიანს აქვს ევროპული კლუბებისგან მიწვევები და კარგ გუნდშიც ვიხილავთ.

ილია ბერიაშვილი ყველას ძალიან მოეწონა, ლეგიონერების ლიმიტი შევსებული იყო და გუნდში ამიტომ ვერ დარჩა. სწორედ კვირკველია უნდა გადაბარგებულიყო ახალ კლუბში და ილიას ეთამაშა მის პოზიციაზე, თუმცა ზემოთ გითხარით, ეს რატომაც ჩაიშალა.

- ისევ თუ აკვირდებით ეროვნულ ლიგას და შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ ფეხბურთელები, რომლებიც თქვენი ინტერესის სფეროშია?
- "თელავის" ფეხბურთელ გიორგი ხაბულიანით სერიოზულად ვართ დაინტერესებულები. ველოდებით,  როდის გახდება სრულწლოვანი და მის ტრანსფერს აუცილებლად განვახორციელებთ.

ბათუმელი ირაკლი აზაროვი ძალიან კარგად გამოიყურება და დაინტერესებაც გვაქვს. საუბარია კიდევ ერთ თავდამსხმელზე, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. 

ბათუმის "დინამოსა" და "თელავში" ჩამოყალიბებული პრეზიდენტები არიან და მათთან კარგად ვთანამშრომლობ - არჩილ ბერიძე, ლადო დვალიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი ის ხალხია, რომლებიც ლოგიკურად საუბრობენ. 

- რამდენად თანამშრომლობთ სხვა ქართულ კლუბებთან და რა ურთიერთობა გაქვთ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობასთან?
- ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტთან საუბარიც კი არ შეიძლება, იმდენად არარეალური მოლოდინები აქვთ.

რაც შეეხება "დინამოსა" და რომან ფიფიას, კარგი საქმიანი ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს, განსხვავებული შეხდულებები გვაკავშირებს.

მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ვთქვა, რომ დასაფასებელი ადამიანია. ამისთვის მხოლოდ ის კმარა, "დინამოს" ამხელა და ძლიერი აკადემია რომ აქვს.

altჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა

alt"კვარაცხელია მცველებს კოშმარად ექცა" - რუსული მედია სეზონს აჯამებს

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩას ტრანსფერი არ შედგება! ჯუღელი თავს იზღვევს ყველა თავის ინტერვიუში.
მე
08:27 18-06-2021
1
Ashkarad shesacvlelia es kaci madloba naxvamdis:)
Georgia
18:12 15-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული