SPORTALL.GE 26 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.
- პირველ რიგში, რა მისცა საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგურმა მატჩებმა ისეთი, რისი შეძენაც სანიოლის სადებიუტო შეხვედრებში ვერ მოახერხეთ?
- ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად, მარტში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ და ის პერიოდი პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
ივნისის შეკრებაზე სანიოლმა ფეხბურთელების კარგად გაცნობა მოახერხა, ჩვენთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა. როცა ახალ გუნდს ვაშენებთ, მნიშვნელოვანია,
ერთმანეთზე გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს, სათანადოდ ვიცნობდეთ. გარდა ამისა, მწვრთნელმა ახალი ტაქტიკური სქემაც გამოსცადა.
- სანიოლმა ნახევარდაცვაში სხვადასხვა ფეხბურთელები განსხვავებულ პოზიციებზე ათამაშა. სად ხედავს უფრო მეტად თქვენს ადგილს და თავად სად გირჩევნიათ თამაში?
- ჩემი საყვარელი პოზიცია მოედნის ცენტრშია. როგორც"6 ნომრად“ ანუ - ჩამშლელი და ახალი შეტევის წამოწყები, ასევე "8 ნომრად“, ე.წ "ბოქს-ნახევარმცველად"თავს კარგად ვგრძნობ.
- რა დაგაკლდათ იმისთვის, რათა ნიდერლანდებთან დაპირისპირება ისეთივე გამოსულიყო, როგორიც ესპანეთის ნაკრებთან, სადაც ბოლოს, ბრძოლაში დავმარცხდით?
- იქედან გამომდინარე, რომ ახალ ტაქტიკურ სქემას ვამუშავებდით, ამან გარკვეული შეცდომები გამოიწვია, ასეთ დროს ეს ნორმალურია. ჩვენ მხარეს იღბალიც არ იყო. ესპანეთის ნაკრებთან შექმნილი მომენტი რომ გამოვიყენეთ, ამან თამაშის სცენარი შეცვალა.
პირველ ტაიმში ჩვენი ორი საგოლე მომენტი მახსენდება, ერთერთი მაინც რომ გაგვეტანა, დარწმუნებული ვარ, ნიდერლანდები მეტად შემოგვიტევდა, უფრო მეტი თავისუფალი ზონა დაგვრჩებოდა, რაც სახიფათო მომენტების შექმნას გაგვიადვილებდა.
ეს უკვე წარსულია. მასზე ბევრ საუბარს სწორი დასკვნების გამოტანა აჯობებს, რაც სექტემბრის ოფიციალურ თამაშებზე გამოგვადგება.
- საკმაოდ დიდი ხანია ნაკრებში ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამისთვის ცოტა დროა გასული, ვაისისა და სანიოლის ნაკრები რომ შეადაროთ, ამ ორ სპეციალისტს შორის რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ?
- ვაისი და სანიოლი განსხვავებული მწვრთნელები არიან - როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ფრანგი სპეციალისტი გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მასთან არავითარი ბარიერი არ გვაქვს და ჩვენს დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. ამავდროულად, სანიოლი დისციპლინას დიდ ყურადღებას ანიჭებს და წარმატება მასზე აგებით წარმოუდგენია.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ემოციებსაც უფრო აკონტროლებს და მინდვრის კიდესთანაც ბევრად გაწონასწორებულია.
- სადებიუტო გოლი კი გაიტანეთ, მაგრამ ისე ჩანს, ნაკრები თითქოს რამდენიმე მოთამაშის ინდივიდუალურობასა და შედეგიანობაზეა დამოკიდებული. როგორ უნდა შეიცვალოს ეს?
- ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, პოლონეთის ნაკრები რობერტ ლევანდოვსკის გარეშე რომ წარმოვიდგინოთ, სულ სხვა გუნდსა და შედეგებს მივიღებთ.
ასე რომ, იმაში, რომ შეტევაში ფეხბურთელის ინდივიდუალურობაზე დამოკიდებული იყო, გასაკვირი მაინც არაფერია.
- სატრანსფერო ამბებსაც შევეხოთ. არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. უკანასკნელად "ანორთოსისზე"დაიწერა, საუბრობენ თურქულ ვარიანტებზეც...
- "ანორთოსისთან"დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია, ჩემსა და ამ კლუბს შორის არავითარი კონტაქტი არ ყოფილა.
ჩემს საკლუბო მომავალს უახლოეს მომავალში გადავწყვეტ და მერე კონკრეტულად ვისაუბრებ.
- "კარტახენაში"თქვენს გამოსვლაზე რომ გვესაუბრო. რამდენად კმაყოფილი ხართ, როგორც პირადი მიღწევებით, ასევე კლუბის შედეგებით?
- "კარტახენაში"როგორც ჩემი, ასევე კლუბის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. სეზონის წინ დასახული მიზანი, ლიგაში ადგილის შენარჩუნება ოთხი ტურით ადრე შევასრულეთ
- "კარტახენაში"თქვენს თანაგუნდელ რუბენ კასტროზე საკმაოდ ბევრს წერენ, რომელიც ასაკის მიუხედავად, მშვენიერ ფორმაშია.
- რუბენ კასტრო ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა, ამაზე მისი კარიერაც მეტყველებს - 254 გოლი ლიონელ მესის შემდეგ, ლა ლიგის მასშტაბით საუკეთესო შედეგია. რუბენი უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომელიც მცირე შანსსაც კი გოლად აქცევს.
- "სევილიას"რანგის გუნდში ბევრი ვერ ირიცხება. რამ შეგიშალა ხელი იმაში, რომ ამ კლუბში ცოტა ხანი დაჰყავით...
- "სევილიაში"ჩარიცხვიდან ფაქტობრივად, პირველივე დღეებში ტრავმა მივიღე, რის გამოც 4 თვე გამიცდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს თაამაშზე.
ამის შემდეგ, "სევილიაში" ბევრი ცვლილება მოხდა - სპორტული დირექტორი მონჩი "რომაში" წავიდა, მთავარი მწვრთნელი სამპაოლი კი - არგენტინის ნაკრებში. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა.
- თქვენს ამ კლუბში ყოფნის პერიოდში "სევილიაში" არაერთი სახელოვანი მოთამაშე იყო - ჩიჩარიტო, ოკამპოსი, მურიელი... ვისთან გქონდა ყველაზე კარგი ურთიერთობა და რა შეგძინათ მათთან ერთად თამაშმა?
- ალბათ, კლუბში ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელი არგენტინელი ევერ ბანეგა იყო, მისგან ბევრის სწავლა შეგეძლო.
მეკარე დავით სორიასა და ვისენტე იბორასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა მქონდა.
- როგორ გახსენდება "ტვენტეში"გატარებული წლები და რატომ მოხდა, რომ ისევ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდით?
- "ტვენტეში"გატარებული წლები კარგად მახსენდება. იყო სხვადასხვა კლუბების ვარიანტი, მაგრამ ჩემთვისა და ჩემი ოჯახისათვის ესპანეთში დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებად მიმაჩნდა. მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრების შეფასებები - ვინ იყო საუკეთესო?!
ძველი პრობლემები, ახალი ხედვები, მომავლის კონტურები - ნიდერლანდებთან მატჩის გამოხმაურება