5 აგვისტოს ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ჩაატარეს.
ევროპა ლიგა
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" ვენაში 0:3 დამარცხდა "რაპიდთან". ქეცბაიამ კარში ასაფ ცური დააყენა და 59-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე გიორგი ლორია შეუშვა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. ლორიამ 62-ე წუთზე კრისტოფ კრანსმიულერის დარტყმული პენალტი მოიგერია, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაუშვა - პირველი შორიდან შუა კარში.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ გიბრალტარში შეუცვლელად ითამაშეს "ლინკოლნთან", 3:1 გაიმარჯვეს, ერთი გოლი კი კაშიამ გაიტანა. კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო.
კონფერენს ლიგა
"ტობოლი" სახლში 0:1 დამარცხდა "ჟილინასთან". მასპინძელთა გუნდში ელგუჯა ლობჯანიძე სათადარიგო იყო.
უკრაინული "კოლოსი" სახლში უგოლო ფრეს დასჯერდა ყარაგანდის "შახტიორთან". მასპინძელთა გუნდში 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა სიჭინავა.
"რაკუვისა" და "რუბინის" შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 0:0. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
"უიპეშტი" ბუდაპეშტში 1:2 დამარცხდა "ბაზელთან". მადიარული გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული გიორგი ბერიძე.
"გენტი" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 0:2-ს აგებდა "რიგასთან" და საბოლოოდ ფრეს მიაღწია - 2:2. გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში დაიწყო და იმედია, მალე თამაშსაც შეძლებს.
წინა ეტაპზე თბილისის "დინამოს" მძლეველმა "მაკაბიმ" ჰაიფაში 7:2 გაანადგურა ფარერების "ტორსჰავნი".