ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის თამაშს ყურადღებით ვაკვირდებით, ვგულშემატკივრობთ, რომელიც სასურველ გუნდში ვერ აღმოჩნდა, იმედგაცრუებულიცაა, არც უმართლებს, მაგრამ, ალბათ, საქართველოს ნაკრების წევრს მაინც მეტი მოეთხოვება.
უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში "ჩერნომორეცმა", რომლის ღირსებასაც წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე იცავენ, პოლტავაში ფრეს (0:0) მიაღწია ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ვორსკლასთან", რაც ამ გუნდების მდგომარეობის გათვალისწინებით, ოდესელთათვის ლამის გმირობის ტოლფასია. თუმცა, მოგებაც შეეძლოთ.
ვაჩიბერაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა, წიტაიშვილმა - კვლავ შეუცვლელად და ორი მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში მცველმა იავორსკიმ მეკარე რიზნიკს უკან პასი მისცა და გიორგიმ ვერ ისარგებლა, 89-ე
წუთზე კი ჩვენებურის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა საოცარ ნახტომში მოიგერია.
"მეზღვაურებმა" პირველად არ გაუშვა ამ სეზონში გოლი, პირველად მოიპოვა სტუმრად ქულა, მე-15 პოზიციაზეა და 6 ნოემბერს "რუხს" უმასპინძლებს.
გიოს 10 ჩატარებულ მატჩში ჯერ თავი არ გამოუჩენია და იმედია, მალე ნავსს გატეხს.