Theanalyst-ის რჩეულები - ხვიჩა, "მამარდა", ჟესუსი, ჰოლანი, მბაპე, ვინისიუსი...

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, მოთამაშეები, რომლებსაც 2022 წელს უნდა დავაკვირდეთ, ვკითხულობთ theanalyst.com-ის სტატიაში.

ხვიჩა კვარაცხელია

"ნაპოლის" ახალწვეულს ახალი სეზონისთვის რთული მისია აქვს, 21 წლის ქართველი ვინგერი არის ფეხბურთელი, რომელიც კლუბმა ერთ-ერთი ლეგენდის, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად აირჩია. კვარაცხელიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის "დინამოს" რიგებში გაატარა, მას შემდეგ, რაც ომის გამო რუსულ კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა. საქართველოში დაბრუნებამდე ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგაში ბრწყინვალედ იასპარეზა.

მისი დებიუტი მოსკოვის "ლოკომოტივში" 2018/19 წლების სეზონში შედგა, შემდეგ კი მომდევნო ორ-ნახევარი სეზონი ყაზანის "რუბინში" გაატარა.
მას შემდეგ, რაც რუსეთში გადაბარგდა, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ამ ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. კვარაცხელიას მთავარი პლუსი დრიბლინგის განხორციელებაა. იგი ოპონენტს ტემპისა და ტექნიკის წყალობით მარტივად სჯაბნის.

ინსინიეს მსგავსად, ფანტასტიკურად მოქმედებს მარცხენა ფლანგიდან. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ნაკრების წარმატებების მთავარი შემოქმედი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა. "კვარამ" ივნისში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა, ნაკრებმა კი 3 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელაც ფრეს დასჯერდა. თუ კლუბის ახალწვეულს სერია A-ში სათამაშო დრო მიეცემა, "ნაპოლის" მისი სახით არსენალში საიდუმლო იარაღი ეყოლება.

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი

"ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი გასულ წელს თბილისის "დინამოდან" შეიძინა. ესპანურ გუნდში ფიქრობდნენ, რომ ქართველი გარკვეულ მომენტში კლუბს დაეხმარებოდა და კარის ხაზს გაამაგრებდა. თავდაპირველად 20 წლის მეკარე ერთწლიანი იჯარით მოიყვანეს. ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად, თუმცა თამაშობდა მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს. მამარდაშვილმა იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ სეზონის მიმდინარეობისას "ღამურებმა" მისი კონტრაქტი გამოისყიდა, ახლა კი უფრო აქტიურად ცდილობს ამ გარიგების გახანგრძლივებას და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 100 მილიონი ევროს ჩაწერას, რათა დიდხანს შეინარჩუნოს. მოვლენების ამგვარი განვითარება ტალანტის, იღბლისა და მომენტის გამოყენების შედეგია.

გიორგის კლუბში მისვლის შემდეგ ორმა ძირითადმა კიპერმა, ხაუმე დომენიკმა და იასპერ სილესენმა, ტრავმები სეზონის დაწყებამდე მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველი მეკარე გუნდის განაცხადში იძულების წესით მოხვდა, თუმცა მალევე შეუცვლელ გოლკიპერად იქცა და დღესდღეობით გუნდში უკონკურენტოა. 1.99 სანტიმეტრის სიმაღლის მოთამაშე მოწინააღმდეგის ფორვარდებს ცხოვრებას ურთულებს. მისი მთავარი პლუსი ყველაზე კარგად ერთი-ერთზე თამაშისას ჩანს, როდესაც მამარდაშვილი ფიზიკური მონაცემების წყალობით კარის ხაზს შესანიშნავად იცავს. ფეხბურთელი, რომელიც შარშანდელი სეზონის დაწყების წინ "ვალენსიას" ქომაგებისთვის სრულიად უცხო იყო, 2022/23 წლების სეზონში ჯენარო გატუზოს ახალი ფორმაციის გუნდის მთავარი დასაყრდენი იქნება. თუ შეძლებს განავითაროს კარის ხაზზე ფეხით თამაში, ისე, როგორც იტალიელი დამრიგებელი ითხოვს, მაშინ ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე ევროპაში.

გამოცემის სიაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პსჟ), კაი ჰავერტცი ("ჩელსი"), გაბრიელ ჟესუსი ("არსენალი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული