ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სასტარტოში არ დააყენა და უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა თამაში უმალ გაამწვავა, გაახალისა და მისი იუველირული პასით ირვინგ ლოზანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. შემდეგ კვარას გატანა ორჯერ მეკარემ არ დაანება. კონტრშეტევაზე კი ნეაპოლელთა მეკარესთან ბურთზე ბრძოლაში მარიო ბალოტელი წაიქცა (ისიც შეცვლაზე შევიდა), მსაჯმა ცოტა არ იყოს საკამათო პენალტი დანიშნა და „დაზარალებულმა“ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ნეაპოლელთა მცველმა ოლივეირამ მეტოქე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და იუსუფმა თურქული გუნდი წინ გაიყვანა. თუმცა ბოლოს ლოზანომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს „მალიორკასთან“ გამართავს.