კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „მალიორკას“ დაუზავდა - 1:1. ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ, 72-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
მივყვეთ თანმიმდევრობით: „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, თამაში აქტიურად დაიწყო და მისი წამოწყებული შეტევა პარტნიორებმა ვერ დააგვირგვინეს. შემდეგ მეტოქე უეხეშა და სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა მალევე დაბრუნდა მოედანზე, ოსიმენს ჩინებული პასი გაუკეთა, რომელმაც დაახანა და მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ შეძლო. ესპანური გუნდი ძალიან ხისტად თამაშობდა, ლოზანოც წააქციეს, მერე კი მსაჯმა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა. მე-17 წუთზე ხვიჩამ ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, მერე შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ტაიმის დასასრულს კი დრიბლინგი წამოიწყო და საჯარიმოს წინ მცველმა მოცელა.
შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და რაილომ თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, „ნაპოლი“ კვლავ დაეუფლა ინიციატივას. ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა და 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
მორიგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ გამართავს.
კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - მალიორკა 1:1
გოლები: 1:0 ოსიმჰენი (8, პენ), 1:1 რაილო (55)