"ნაპოლიმ" ისე დაიწყო და გააგრძელა, რომ მათ იერიშებს მხოლოდ
ქართველი გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი არიან, როცა სპალეტის კვარაცხელია მოედნიდან ადრე გაჰყავს. ეს იყო მატჩი, სადაც ხვიჩას მეორე ტაიმში დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურიც (გლაზგოში, "რეინჯერსთან") ახლოსაა და ლივერპულელებთან იმ დასამახსოვრებელი შეხვედრიდან სულ რაღაც 3 დღე იყო გასული. თანაც, "სპეციასთან" დაპირისპირება ძლიერ სიცხეშიც შედგა. ლუჩანო სპალეტისთან პრეტენზიები, თუ ასე შეგვიძლია ვთქვათ, იმასთან უნდა გვქონდეს, რომ ის "კვარას" მრავალფეროვან რესურსს ბოლომდე მაინც ვერ იყენებს და ამაზე "ლეჩესთან" მოუგებელი (1:1) მატჩის შემდეგაც დავწერეთ.
როცა "სპეციასთან" სასტარტო შემადგენლობა გაცხადდა, მასში ჩრდილომაკედონიელი ელმასის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც სპალეტი მარცხენა ფლანგზე იყენებს, დარჩა განცდა, რომ კვარაცხელიას მინდვრის შუა ნაწილიდან შეტევის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცემოდა. სასტარტო თერთმეტეული ისეთი იყო, პერიოდულად ქართველის ე.წ. ცრუფორვარდად თამაშიც კი არ იყო გამორიცხული. ამით გუნდს იქნებ უფრო შეექმნა ხიფათი და ამავდროულად, ოსიმენის გარეშე თამაშისას (დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში) "ნაპოლის" მეტი არსენალი ჰქონოდა. კვარაცხელია შუაშიც იწევდა და მარჯვნივაც კი ვნახეთ, თუმცა ის ბოლომდე თავის მარცხენა ფლანგზე დარჩა, სადაც მეორე ტაიმში "სპეციამ" დაცვა გააძლიერა და ხვიჩაც თამაშს ვეღარ ამწვავებდა. მას ბურთის მოპოვების პარალელურად, რამდენიმე დაკარგვაც დაუგროვდა, რაც მოწინააღმდეგეს კონტრშეტევის საშუალებას აძლევდა.
კიდევ ერთი საკითხი სტანდარტულ მდგომარეობებს ეხება. სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველს, კიმს, დასვენების საშუალება მიეცა. ის კუთხურებისა და ჯარიმების დროს ძალიან სახიფათოა და უკვე 2 გოლის ავტორიცაა, სხვა შემთხვევებში კი სპალეტის გუნდს ასეთი მომენტებიდან ხეირის გამოდნობა უჭირს. ვხედავთ გუნდის მიერ დამუშავებულ კომბინაციებს, რომელთა დროსაც კვარაცხელია შესაძლო მოგერიებულ/გადმოვარდნილ ბურთისთვის დგას, შედეგის მომტანი ნაკლებადაა. ხვიჩამ ასეთ დროს ერთხელ კარგად გაამწვავა თამაში, თუმცა ის ჩაწოდებითაც გამოირჩევა და თავითაც კარგად ურტყამს, შესაბამისად, სტანდარტული მდგომარეობების დროს მისი უფრო მეტად დატვირთვა და ზემოხსენებული როლის შეცვლა პერიოდულად მაინც ხომ შესაძლებელია?! აქაც სიახლეს ველით.
ასევე, მაინც ისე ჩანს, რომ მატიას ოლივერა ქართველთან ერთად ფლანგს შეტევაში უფრო აქტიურს ხდის, უკეთ კომბინირებს და სივრცეებსაც ქმნის, თუმცა მწვრთნელი დაცვაში უფრო საიმედო მარიო რუის ენდობა, რომელსაც გამწვავება კვლავ არ გამოუვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ პასის გაცემა უჭირს და შესაძლოა, "კვარასაც" ისე ვერ ეხსნება, როგორც თუნდაც, სიმეონე "ლივერპულთან", კარგად გამოჩნდა, რომ ოსიმენი შეტევაში მცველების დიდ ყურადღებას იქცევს, ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და მისი პირდაპირი შემცვლელი გუნდში არაა. რასპადორიმ გამარჯვების გაიტანა, თუმცა მას მეტი მრავალფეროვნება და უკეთესად თამაში მოეთხოვება. ირვინგ ლოსანო კი, რომელიც შეტევაში მაინც ყველაზე გამოცდილი და ცნობადი სახეა, საუკეთესო ფორმისგან აშკარად შორსაა. ახალწვეული ნდომბელეს როტაციამ კიდევ ერთხელ ვერ გაამართლა და კარგად ჩანს, რომ ლობოტკა-ზელინსკი-ანგისას სამეულზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ძალა, მნიშვნელობა და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. უბრალოდ, ის ყველა მატჩის ბედს ვერ გადაწყვეტს. მთავარია, "კვარა" ყოველ შეხვედრაში ფიზიკურად უფრო ძლიერი ვიხილოთ, რათა ამ დატვირთვებს ალღო სრულად აუღოს. მომავალ კვირას ნეაპოლელებს "მილანთან" სტუმრობა ელით (რასაც სანაკრებო პაუზა მოჰყვება). ეს იტალიის ჩემპიონატში ჩვენებურისთვის ჯერჯერობით ყველაზე დიდ გუნდთან დაპირისპირება იქნება. შეგახსენებთ, ქართველი შემტევის ანგარიშზე 6 ტურში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.
კვარაცხელიამ ამჯერად ვერ გაიტანა - "ნაპოლიმ" ძლივს მოიგო [VIDEO]