დღეს, 18 სექმტემბერს (22:45 სთ) იტალიის სერია "ა"-ს თანალიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-7 ტურის მატჩში "მილანს" ესტუმრება. ეს შინაურ ასპარეზზე ქართველი გარემარბისთვის პირველი ყველაზე მძლავრი მეტოქეა. გუნდებს (ისევე, როგორც "ატალანტას") თანაბარი, 14-14 ქულა აქვთ. რადგანაც პირველი ეტაპის ერთგვარი შეჯამებაა, ნეაპოლელთა განვლილ მატჩებს შეგახსენებთ - სტუმრად "ვერონასთან" (5:2) გამარჯვება, საკუთარ მოედანზე "მონცას" (4:0) ძლევა, ზედიზედ 2 ფრე ("ფიორენტინასთან" სტუმრად 0:0 და შინ "ლეჩესთან" 1:1),
კვარაცხელიამ ახალ კლუბში ძალიან თამამად, შედეგიანად, ხარისხიანად და ბევრი ლამაზი ეპიზოდით დაიწყო. ხვიჩა ყველა შეხვედრაში შესამჩნევია. ჩვენებურმა სადებიუტო მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა, "ლაციოსთან" კი გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. შიდა ასპარეზზე 4 გოლსა და 1 შედეგიანი პასს "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი დაუმატა, მისი გუნდი კი 6 ქულით იქაც შეუჩერებელია.
მოქმედ ჩემპიონ "მილანს" გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი უკვე დიდი ხანია უქმობს. ორიჯი, რებიჩი, კრუნიჩი და ფლორენციც ვერ ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. გერმანელ დემესა და "შარლერუადან" შეძენილ ფრანგ ზეგადკას მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ.
მილანელთა წინა ხაზზე ახლა ოლივიე ჟირუ ბრწყინავს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად უკვე 4 გოლი დაუგროვდა. სტეფანო პიოლის გუნდში 21 წლის ბელგიელის, შარლ დე კეტელაარის თამაში (გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ შეიძინეს) ერთი სიამოვნებაა.
21 წლის წამყვანი ძალა ნეაპოლელებსაც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ლევან მჭედლიძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომელსაც შეუძლია "მილანის" კარი აიღოს. მილანელთა რიგებში კი კახა კალაძემ 194 შეხვედრა გამართა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კარიერის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყოფილ კლუბს "ჯენოას" მაისურით დაუპირისპირდა.
ძალიან საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი სამი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:1) დასრულდა, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 2-ჯერ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს ბოლოს ნეაპოლში შეხვდნენ, სადაც 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ ზემოხსენებულმა ჟირუმ გაიტანა, მილანურ დაპირისპირებებში კი ზელინსკიმ გადამწყვეტი გოლები ჯერ პოლიტანოს, შემდეგ კი ელმასს გაატანინა.
ასე რომ, მშვენიერი შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ. ქართველ ფეხბურთელს უშუალო დაპირისპირება 25 წლის დავიდე კალაბრიასთან მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ჯერ "ტორინოს" უმასპინძლებს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - "აიაქსს", ხოლო სერია "ა"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.
თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...
Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა
მილანი იგებს ერთით ნულს და ათანაბრებს კვარა. მილანი იგებს ორით ერთს და კვლავ ათანაბრებს კვარა. ამის შემდეგ კვარაცხელია გაიტანს მესამე გოლს და ცოტახანში შეცვლიან კვარას, ხოდა მილანი ათანაბრებს თამაშს.
ჰა, რას იტყვით, მისაღები ვარიანტია?
პს: მილამთან არ ჩახვიდე დაცვაში, უბრახუნე კარში რაც შეიძლება მეტი და გაიტანე. დააყენე ყველანი ფაქტის წინაშე რო საუკეთესო ხარ და სპალეთიც იძულებული იქნება რომ მოკეტოს!!!
სხვათაშორის, თავის დროზე რომარიოს საყვედურობდნენ იგივეს - დაცვას არ ეხმარებაო. თუმცა ბრაზილიელი აპროტესტებდა, მე რომ ჩემი უშუალო მოვალეობა კარგად შევასრულო, დასვენებული ფეხები მჭირდებაო. არ ჩადიოდა დაცვაში, თუმცა იმდენ გოლს იტანდა რომ საბოლოოდ შეეშვნენ ))
მერე და მერე ეს წესად იქცა ბარსაში, შემტევებს დიდად არ სთხოვენ დაცვაში "პახაობას".
ამ ეტაპზე ხვიჩა დაცვაში თამაშით უბრალოდ გამოიფიტება. მერე და მერე კი ვნახოთ, რას როგორ მოერგება, როგორ გაძლიერდება ფიზიკურად და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები.