რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

AutoSharing Option
სანამ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება, ჩვენ პერიოდულად ჯერ კიდევ ძველი გავიხსენოთ, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპა გააოცა. 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ნეაპოლელებმა "ტორინო" (3:1) დაამარცხეს. ქართველი გარემარბის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი იყო, თუმცა ყველა საგოლე ეპიზოდში დიდი წვლილი შეიტანა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც გასული წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა...

როცა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური კარიერა შთამბეჭდავად (საწყის 2 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი) დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები ხშირად ობიექტურად, ზოგჯერ კი ნაკლებად, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიმართ სხვადასხვა მიზეზით იყვნენ
უკმაყოფილო - "კვარას" ნაადრევი შეცვლა, მისი საჯარო კრიტიკა, პენალტის არშესრულება... გავიდა გარკვეული დრო და ვხედავთ, ქართველი გარემარბი ყველა კომპონენტში უკეთესი ხდება და ამაზე ყოველთვის მივანიშნებდით - იმხელა ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელისგან, როგორიც ხვიჩაა, მწვრთნელები მუდამ სხვაზე ცოტათი მეტს მოითხოვენ. ლეონიდ სლუცკის ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კვარაცხელიას განვითარებაში მას თავისი სოლიდური წვლილი მიუძღვის.

Sportall.Ge

თუკი ხვიჩა ვინმეს მხოლოდ დრიბლინგის ხარჯზე გამორჩეული ეგონა, "ტორინოსთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "კვარას" ბევრი სხვა რამ შეუძლია ისეთი, თანამედროვე ფეხბურთში ასე რომ ფასობს. ჩვენ კი აქამდეც ვიცოდით და უშუალოდაც გვენახა, მაგრამ სპალეტი ახლა დანამდვილებით დარწმუნდა, რომ ქართველ შემტევს პასის კარგი კულტურა აქვს. ინდივიდუალისტ მოთამაშეებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ პარტნიორი "შეიმჩნიონ". ყველაფერთან ერთად, დრიბლინგისას დაკარგული ბურთი, შესაძლოა, გაშვებულ გოლად დაგიჯდეს, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა, ამა თუ იმ ფებურთელის მიერ თამაშის საკუთარ თავზე აღება, გამწვავება და გატანა რომ არა, გამარჯვება მხოლოდ რისკის მინიმუმამდე დაყვანით მოხერხდება?!

ტურინელებთან დაპირისპირება იყო ის მატჩი, სადაც კვარაცხელიას თითქოს მაქსიმალურად კარგად იცავდნენ. ქართველს წარმატებული დრიბლინგები, თვით "ლივერპულის" მცველებს თავბრუ რომ დაახვია, არ გამოუვიდა, მაგრამ თამაშის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ტაქტიკურ ნიუანსებში აშკარად უკეთ განსწავლულ ჩვენებურს ვხედავთ, რომელიც გუნდურ მექანიზმში ძალიან კარგად ჯდება.

"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.

მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.

Sportall.Ge

მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია, ყველა ტურნირზე ერთად მას 33 წაუგებელი შეხვედრა აქვს, სადაც 20 გოლი გაიტანა და მატჩი, ფაქტობრივად, არ ჩაუგდია, ყველგან გამორჩეულია...

იტალიური ამბების დაწყების შემდეგ კვარა უფრო და უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდება. შემთხვევითი შეიძლება იყოს, რომ მისი შეცვლის დრომ ასე გადაიწია? სანაკრებო პაუზის შემდეგ მოთამაშეები გადაღლილები არიან და ამ დროს ხვიჩას ტიპის ფეხბურთელის ადრევე დასვენება ყველაზე ლოგიკურია ხოლმე, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე კარგად გრძნობს, კვარაცხელიას ფიზიკურად კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია. ისიც ვიცით, მოთამაშეები შეცვლას თავად ითხოვენ. ჩვენებურის შემთხვევაში ასეთი არ გვახსოვს, თავადაც დიდ ენერგიას გრძნობს.

ადრეც დავწერეთ, კვარაცხელიას ართმევები იგივე ესპანეთის ნაკრებთანაც გვინახავს და მალე ამ მხრივ სასაყვედურო არავის ექნებოდა და ხვიჩასგან მასაც შევეჩვიეთ, ისევე, როგორც მას მინდვრის ცენტრში და მარჯვნივ. ობიექტურად დავუშვათ, რომ საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე მატეო პოლიტანო იქნებ უფრო მეტი ბურთის მოპოვებას ახერხებს, შეტევაში ის ისეთივე პროდუქტიულია, როგორც ხვიჩა? შეცვლაზე შემოსული ირვინგ ლოსანოსგანაც საოცარი ვარდნა ვნახეთ, მაგრამ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ლიდერად მოაზრებული მექსიკელი საკუთარ ფლანგზეც კი უალტერნატივო აღარაა...

Sportall.Ge

მაინც ვილი სანიოლის ნათქვამს დავუბრუნდეთ და ხვიჩა "ცაში" ბოლომდე არ ავიყვანოთ. რატომ გვგონია წარმოუდგენელი, "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოს და ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს? - ჰოდა, თუკი ასე არ მიგვაჩნია, მაშინ სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვხედავთ, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უკვე გაუმჯობესებული აქვს, ცოტა ხანში უფრო თამამსა და კარგი გაგებით, სპორტულად "თავხედს" ვნახავთ, ძირითადი კი არ შეიცვლება - ის ისეთივე თავმდაბალ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და კეთილ ბიჭად დარჩება.

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

მკითხველის კომენტარები / 25 /
უნაკლო სტატია,ვერაფერს დავამატებ აი Ჟურნალისტი,ყოᲩაᲦ.
გადადექი
03 ოქტომბერი 2022 14:19
2
მომეწონა კარგი სტატიაა ნამდვილად. მჯერა უფრო უკეთესებსაც წავიკითხავთ რადგან უკვე ყველანი დარწმუნებული ვართ მწვერვალზე ხვიჩა უნდა ვიხილოთ. ეს ჩანს ყოველ ახალ ტურში და რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო გვიმტკიცდბა ეს აზრი. ჯერ სრულად მე-5-ც არ უთამაშია იმ დიდი მარათონისა რაც სერია A-ში და ლიგაზე იქნება.
G.LA
03 ოქტომბერი 2022 14:13
1
თანამედროვე ფეხბურთი იმ უამრავი წვრილმანი მამაძაღლობისგან შედგება, რომელსაც ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ხშირად მიმართავს, იქნება ეს მსაჯთან გამუდმებული წუწუნი, სიმულაცია, დროის გაყვანა, ბარათის მოთხოვნა, ამ ბოლო დროს უსაშველოდ გახშირებული და ყოვლად სამარცხვინო ხელის აწევა, აქაოდა ბურთი ჩემგან კი არა, მეტოქისგან გადავიდაო და სხვა. ხვიჩას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ყველა ამ ცდუნებას ღირსეულად უძლებს და საუკეთესო გაგებით იმ მორაგბესავით იქცევა, უკადრებელს რომ არასდროს იკადრებს.. თუმცა ხანდახან ჟესტიკულაციით მაინც გამოხატავს უკმაყოფილებას (უმეტესწილად სამართლიანს) მსაჯის გადაწყვეტილების გამო, უფრო არა საკამათოდ, არამედ თითქოს ერთგვარად თავს იმართლებს ბურთის დაკარგვის გამო... ესეც მინიმუმამდე უნდა შეამციროს და დროთა განმავლობაში საერთოდ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს, რაც საშუალებას მისცემს იმ უპირობო ავტორიტეტად ჩამოყალიბდეს მოედანზე, რომლის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა უკვე ნებისმიერ მსაჯს გაუჭირდება, ნებისმიერი მცველი კარგად დაფიქრდება, სანამ მის წინააღმდეგ იუხეშებს, ვეღარავინ გაბედავს მისთვის ისეთი "რაზბორკ"-ის მოწყობას, მილანელმა კრუნიჩმა რომ იკადრა და მის წინააღმდეგ ერთადერთი ხერხი, ალბათ, ზიდანისთვის მარკო მატერაცისეული ვიგინდარობაღა შერჩებათ, ამისთვისაც მზად უნდა იყოს... ეს ყველას არ შეუძლია და შესაბამისად, არც მოეთხოვება, ხვიჩას კი შეუძლია, რადგან ღირსება და პატიოსნება - არც ერთი ისწავლება, მას კი ბუნებრივად აქვს და მოსდგამს...
ვოოტ
03 ოქტომბერი 2022 14:07
2
ავთანდილ ღოღობერიძე!თბილისის დინამოს ლეგენდარული კაპიტანი!საბჭოთა და შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც ერთადერთი ფეხბურთელი იყო,ვის წინააღმდეგ უხეშობასაც,თვითონ,მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები უკრძალავდნენ,საკუთარ ფეხბურთელებს.ეს პატივისცემა დაიმსახურა უაღრესად ტექნიკური და ამავე დროს, კორექტული თამაშისათვის.
სოსო
23 დეკემბერი 2022 11:03
0
ხვიჩამ 70- 80 იანებში დააბრუნა ჩემი თაობა.
როგორ ველოდებოდით მატჩის დღეს, რა საზეიმო განწყობა იყო ამ დღეს, რამდენა ენთუზიაზმი, ფეხბურთისა და ჩვენი ფეხბურთელებისადმი რამდენა სიყვარული გვქონდა.
აი, ის ბედნიერი დღეები დაგვბრუნა ხვიჩამ
ეს კაცი ღმერთისგან არის ჩვენთვის გამოგზავნილი
თენგო
03 ოქტომბერი 2022 14:03
2
თუ რას წარმოადგენს ხვიჩა ჩვენთვის, როგორ ვაფასებთ და გვეამაყება, ამაზე აღარ დავწერ. ობრალოდ არ მინდა ვინმემ ცუდათ გამიგოს, ანდა უზრდელობად ჩამითვალოს, მაგრამ … გოლის აღნიშვნა თავზე მიდებული ხელებით ვითო ყურებია (თუ როგორც არის) არ უხდება სამწუხაროდ.
გიორგი
03 ოქტომბერი 2022 13:55
13
შემთხვევით დისლაიქზე დამეჭირა, ლაიქს ვწერდი. ამაში გეთანხმებით, უბრალოდ ემოციებია მაგარი და ჩანდა, თვითონ შეცვალა ეგრევე :)
კაპიტან გარდენბურგი
03 ოქტომბერი 2022 15:48
4
მომეწონა სტატია. მეც ყველაზე მთავარი , რაც მის თამაშების შემყურე მახარებს ისაა, რომ ხვიჩას მიმართ ადამიანური კეთილგანწყობა გიჩნდება საოცარი. ღირსეული ადამიანია, თავმდაბალი და შინაგანად სწორი. ძალიან ძნელი იქნება ასეთ პოპულარობასთან გამკლავება, მაგრამ თითოეული ადამიანური, თავშეკავებული, მართალი ქმედება მოედნის გარეთ, უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისთვისაც. კვარა ფაქტიურად სახე გახდა ისეთი ქართველის, რომელიც ევროპელებშიც და ჩვენშიც სტერეოტიპებს ანგრევს. თურმე შეიძლება ასე თამაშობდე და იყო ჯენტლმენიც, ღირსეულიც და კეთილიც. ბავშვებთან ავტოგრაფების ვიდეო მომწონს მაგრად :) ყველანაირი ზედმეტი გადაპრანჭვის მაგივრად მეგობრულად რომ მიუდგა. რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა ფეხბურთელზე. იმედია მიბაძავენ
კაპიტან გარდენბურგი
03 ოქტომბერი 2022 13:53
1
კარგი სტატიაა.
რაც შეეხება რუსეთში "ჩავარდნილ" ბოლო სეზონს, არსებობს მარტივი მიზეზები:
a) რაც უფრო კარგად თამაშობდა რუბინში, უფრო უმატებდა ფასს რუბინი;
b) რაც უფრო კარგად თამაშობდა რუბინში, უფრო მაგრად ურტყამდნენ ფეხებში გამწარებული რუსი მცველები.
ამიტომ მეც და ბევრმა სხვა გულშემატკივარმაც ურჩია (და თვითონაც მიხვდა): "რუსეთში თავი დაზოგე; ნუ ცდილობ; ნაკრებში გამოიჩინე თავი".
ცუდ ფორმაში არ იყო. ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობდა.
ქ. გ.
03 ოქტომბერი 2022 12:05
2
კარგი ანალიზია ვეთანხმები ყველაფერში ! ხვიჩა მაგარია , ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კლასის ფეხბურთელები და სპორტსმენები !
გიორგი ვარშავიდან
03 ოქტომბერი 2022 11:43
2
კვარაცხელიას ლაპარაკს, თავის დაჭერას, მოქმედებებს, მის ფეხბურთს რომ ვუყურებ არა მგონია ის ბიჭი იყოს (თუმცა ამაში ცუდი არაფერია)?! ვფიქრობ ხვიჩა პირდაპირ კაცად გააჩინა მისმა დედიკომ!
aburjga
03 ოქტომბერი 2022 10:40
1
3-0 რომ დარჩენილიყო პირველი ტაიმის შემდეგ,ვფიქრობ სპალეტი მასაც ადრევე დაასვენებდა,მაგრამ 3-1 იყო,ტორინო კიდევ ცდილობდა ანგარიშის შეცვლას,პოლიტანომ კი,ტრავმის გამო დატოვა მოედანი.სპალეტიმ, უბრალოდ, ვეღარ გარისკა,ხვიჩას დასვენება,რადგან მეტოქის დაცვას ბოჭავდა და წინ თამამად წასვლის საშუალებას უსპობდა.თვითონ ხვიჩაც ვეღარ იღებდა ბურთს,მაგრამ მისგან საფრთხეს სულ გრძნობდა მეტოქე და ეს იყო მთავარი.შეცვლა მაშინ განხორციელდა,როცა სპალეტი დარწმუნდა,რომ ორბურთიან უპირატესობის აღმოფხვრას,ტორინო ვეღარ მოასწრებდა და ტრავმა მოშუშებული ლოზანოც, საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში.მთელი მეორე ტაიმი,ნაპოლიმ,ენერგიის დაზოგვით,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშში ჩაატარა.შუა კვირაში ხომ,ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის.ჰოდა ხვიჩას მოედანზე ყოფნა,საუკეთესო საფრთხობელა იყო,ტორინოსათვის.მისი გოლის შემდეგ კი,კიდევ უფრო მეტად.
სოსო
03 ოქტომბერი 2022 10:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული