ახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" თითოეული მატჩის წინ ყველას ერთი სურვილი გვამოძრავებს, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატაროს და ვარსკვლავობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას. ამ წადილის ასრულებას ძალიან იოლად ვახერხებთ - ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში ქართველი გარემარბი ორივე გუნდში საუკეთესოდ დასახელდა.

უკვე შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ჩვენებურთან მიმართებით ზედმეტი თავმდაბლობის საჭიროება სულაც არ გვიდგას. რადგანაც თამასა ასე მაღლა ავწიეთ, იმასაც ვაკვირდებით, თითოეულ საფეხბურთო ასპექტში "კვარა" როგორ იხვეწება და რა სიახლეებს გვთავაზობს. უფრო სწორი ასე იქნებოდა, რა სიახლეებს ხედავს საფეხბურთო ევროპა და ის სახელოვანი კლუბები,
კვარაცხელიას გუნდში აყვანა რომ ვერ გარისკეს. ჯერ სად ვართ - "კვარადონას" კიდევ მეტ კომპონენტში თავის გამოჩენა შეუძლია და მათ უფრო გააკვირვებს.

Sportall.Ge

აკი ყოველთვის ვამბობდით, ხვიჩას პასის კულტურა მაღალ დონეზე აქვსო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში ზედმეტი ინდივიდუალურობის გამოჩენამ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სხვაგვარად დააფიქრა. რა თქმა უნდა, კრიტიკასაც სწორად გამოყენება უნდა და ის ე.წ. "გასაღები" პასები, რაც ქართველმა შემტევმა "ბოლონიასთან" შემოგვთავაზა, ძალიან მაღალი დონისა იყო. რა თქმა უნდა, არ ვადარებთ კლასს, კვალიფიკაციას, გამოცდილებასა თუ სტაბილურობას, თუმცა ასეთი პასებით მომარაგება ბელგიელი ვარსკვლავის, კევინ დე ბრუინის სტილია. არ დაგვავიწყდეს, რომ კვარაცხელია გარემარბია და მისი მთავარი ღირსება უფრო დრიბლინგი, სისწრაფე და ტექნიკაა, ამის პარალელურად კი თანაგუნდელებისთვის საგოლე შანსების შექმნა პლეიმეიკერის სტილშიც შეუძლია.

რაც შეეხებათ გარემარბებს, დღეს პირველ რიგში ვინ გვახსენდება? - "რეალელი" ვინისიუსი, კიდევ ერთი ბრაზილიელი, ნეიმარი, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს. შესაძლოა, მათ ტექნიკის საოცარი დემონსტრირება გვაჩვენონ, მეტოქეებს თავბრუ დაახვიონ, რამდენიმე მათგანის ყურადღების ცენტრში იყვნენ, თუმცა დაცვით ფაზაში ისეთი აქტიურები და პროდუქტიულები არიან, როგორაც კვარაცხელია? იმ მოსაზრებასაც წავაწყდით, პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" ჯეკ გრილიშის ადგილი (მარცხნივ ფილ ფოდენიც გამოდის) "კვარასთვის" ხომ იდეალური იქნებოდაო...

Sportall.Ge

როცა მოედანზე შესასვლელად ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მოემზადა, აქამდე ტრადიციულად, ვიფიქრეთ, რომ კვარაცხელია დაგვტოვებდა. ასე რომ მომხდარიყო, ძალიან გასაკვირი იქნებოდა, რადგან კარგად ჩანდა, დაძაბულ შეხვედრაში და მაშინდელ საყაიმო (2:2) ანგარიშზე გადამწყვეტი სიტყვა ისევ ხვიჩას უნდა ეთქვა და ერთხელაც მისი მშვენიერი პასები საგოლედ უნდა ქცეულიყო. ასეც მოხდა. სპალეტის გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი ქულა მოიპოვოს და კონტრშეტევებისა თუ მარცხის შიშით უარს მოსაგებად თამაშზე არ ამბობს და სატურნირო თვალსაზრისით არცთუ მიუღებელ ფრეს არ ნებდება. ნეაპოლელებს ფუფუნება აქვთ, შეუჩერებელ ფორმაში მყოფი "კვარა" სრულად გამოიყენონ. თუკი ადრე მის დასვენებას თითქოს, საჭიროება მოითხოვდა, ახლა ასე არაა...

რასაც მთავარი მწვრთნელი ხვიჩას მისამართით საჯაროდ ამბობდა, ახლა სხვების მიმართ უშუალოდ თქმა მოუწევს. კვარაცხელიას თანაგუნდელების მხრიდან
ზოგიერთ ეპიზოდში ეგოიზმი შეინიშნებოდა და პასი უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს არ გაუკეთეს. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ მეკარე ალექს მერეტის მხრიდან აშკარა შეცდომები ვნახეთ. ისიც გამოჩნდა ან ზამბო ანგისას არყოფნამ გამოაჩინა, რომ სტანისლავ ლობოტკა ყველა შეხვედრას ერთ დონეზე მაინც ვერ ჩაატარებს. მის ნაცვლად გერმანელი დემე შემოვიდა, თუმცა "კვარასი" არ იყოს, ლობოტკას სათანადოდ შეცვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია, ისევე, როგორც ცენტრალურ მცველ კიმის.

"ნაპოლი" რომ ძალიან გუნდურად ასპარეზობს, გოლების ავტორებზეც მოწმობს. მოწიმააღმდეგეთა კარი 15-მა ნეაპოლელმა აიღო, რაც მართლაც შთამბეჭდავი და იშვიათია. რაც შეეხება კვარაცხელიას - 14 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას. ამავდროულად, ადამიანური ფაქტორები, რაც თუნდაც, ვაკის პარკში თანატოლების გადასარჩენად დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილისთვის მატჩის მიძღვნაში გამოიხატა.

altდიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხვიჩა კი ამარაგებდა საგოლე პასებით, მაგრამ თანაგუნდელებმა ბევრი ვერ გამოიყენეს თორემ ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა
0
სლუცკი: კვარას შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს! ყველაფერი ნათელია დღესავით, ჯანმრთელად გვყავდეს ჩვენი ხვიჩა და ნიჭი ღმერთმა დააფერთხა ! ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ნაპოლის თამაშებს და დავტკბეთ ჩვენი ოქროს ბიჭით!
Zizu
19:35 17-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული