"მამარდა" "ბარსასთან", "კვარა" "სასუოლოსთან", ზურიკო "ბორდელეს" წინააღმდეგ - ქართველების შაბათი

AutoSharing Option
საფეხბურთო უქმეები გრძელდება, დღეს, 29 ოქტომბერს ქართველი გულშემატკივრების ყურადღება გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული, არ უნდა დავივიწყოთ ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა. წარმოგიდგენთ მატჩებს, რომლებიც შაბათს არ უნდა გამოტოვოთ.

"ნაპოლი" - "სასუოლო" (17:00)

სერია A-ს მე-12 ტური "ნაპოლისა" და "სასუოლოს" შეხვედრით გაიხსნება. "პარტენოპეი" საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს, 29 ქულით გათამაშების ლიდერია და ჯერ კიდევ არ დამარცხებულა. ნეაპოლელთაგან შედეგიანობით გამოირჩევიან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ქართველს ყველა ტურნირზე ჯამში 15 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე პასი
აქვს შესრულებული, ნიგერიელის ანგარიშზე კი 9 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხებათ "მწვანეებს", ალესიო დენისის გუნდი 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო ამირ რაჰმანი გამოტოვებს, თუმცა, გუნდს უბრუნდება ზამბო ანგისა. სტუმართაგან საეჭვოა მათი მთავარი ლიდერის, დომენიკო ბერარდის თამაში. "სასუოლომ" "ნაპოლი" ბოლოს 2 წლის წინ დაამარცხა, "დიეგო მარადონას" სტადიონზე უსიამოვნო სერიის დასრულება ურთულესი იქნება.

Sportall.Ge

"რანდერსი" - "კოპენჰაგენი" (18:00)

დანიის მე-15 ტურში დათა ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "რანდერსს" ესტუმრება. "დედაქალაქელები" ამ სეზონში არასტაბილურად გამოიყურებიან და უკანასკნელი 3 შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ მე-8 ადგილზე იმყოფებიან, მასპინძლები კი 23 ქულით მე-3 პოზიციას იკავებენ. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე "კოპენჰაგენი" "სევილიასთან" 3:0 დამარცხდა, დათამ კი 96-ე წუთზე უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა "რანდერსის" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. იმედი გვაქვს, ხოჭოლავა დღეს ჩვეულად დამაჯერებლად ითამაშებს და საკუთარ გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარება.

Sportall.Ge

"რაონი" - "მეცი" (20:00)

საფრანგეთის თასზე ლიგა 2-ის ბინადარი "მეცი" მეხუთე ლიგის ბოლოადგილოსანს "რაონს" დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფავორიტად სტუმარი გუნდი მიიჩნევა, მიუხედავად ბოლო პერიოდის არასახარბიელო ფორმისა, "მეცის" ერთ-ერთ ნათელ წერტილად გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევა, ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე საგოლე პასი შესრულებული. დღეს სტუმრებს დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდებათ, რათა 3 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტონ.

Sportall.Ge

"სტად ბორდელე" - "ბორდო" (22:00)

ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერი "ბორდო" "ბორდელეს" ესტუმრება. დიდი ალბათობით, ზურიკო დავითაშვილი ძირითად თერთმეტეულში იქნება, ქართველ გარემარბს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს შესრულებული. მისი გუნდი კი უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ისევე როგორც "მეცისგან" ჟირონდელებისგანაც დამაჯერებელ გამარჯვებას და ზურიკოს შედეგიან მატჩს ველოდებით.

Sportall.Ge

"ვალენსია" - "ბარსელონა" (23:00)

ლა ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზე" გაიმართება, სადაც "ვალენსია" "ბარსელონას" უმასპინძლებს. კატალონიელები ოთხშაბათს "ბაიერნთან" 0:3 დამარცხდნენ და პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ. "ღამურები" 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმითაა განპირობებული, ქართველი ხშირად ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია და აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსს" "მამარდას" გადაბირება სურს. გატუზოს გუნდი გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ 3 მატჩია ვერ ახერხებს, "ბარსასთან" კი უკანასკნელად 3 ქულა 2020 წელს მოიპოვეს. "ბლაუგრანას" დღევანდელ შეხვედრაში რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი, მემფის დეპაი და სერხი რობერტო ვერ დაეხმარებიან, მასპინძელთაგან კი შეხვედრას მუქტარ დიახაბი, ხაუმე დომენიკი, ილაიშ მორიბა და ნიკო გონსალესი გამოტოვებენ.

Sportall.Ge

წარმატებები ქართველ ფეხბურთელებს თავიანთ შეხვედრებში!


მკითხველის კომენტარები / 5 /
დავითაშვილი კიდე მოუმატებს ძაან დიდი პოტენციალი აქვს. მიდი ზურიკოოო დღეს გაიტან გოლს
გელაშვილი
13:01 29-10-2022
1
საფრანგეთში "ბორდელე" გაგიკვირდათ ?
ზაქრო
13:05 29-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული