სპალეტი სწორს ამბობდა, ხვიჩა ისევ გაახარებს ქართველებსა და ნეაპოლელებს

AutoSharing Option
ცხოვრება შავ-თეთრ ბილიკს ჰგავს. თეთრი ბილიკი წარმატების სიმბოლოა, როდესაც ყველაფერი იმ გეგმით მიდის, როგორც შენ გინდა. შავი? შავი ის დროა, როდესაც შენს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი შემოდის და ერთგვარ გამოცდას გიწყობს, რამდენ ხანში დააბრუნებ ყველაფერს უკან, თეთრი ბილიკისკენ.

დღეს მინდა გესაუბროთ საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლის ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ამ მომენტისთვის ოპტიმალური ფორმისგან ცოტა შორსაა და მედიის კრიტიკასთან ყველაზე ახლოს. ქართველმა გარემარბმა 2023 წელს მილანის "ინტერთან" და "სამპდორიასთან" გოლი ან საგოლე გა
დაცემა ვერ მიითვალა და უცხოური მედიაც "ამუშავდა", ხვიჩას თავს დაატყდნენ და რა აღარ დაწერეს...

მიუხედავად ყველაფრისა, მუნდიალამდე "პარტენოპეის" მატჩის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო, იტალიური გუნდი ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებდა ყველას, განურჩევლად სათამაშო ოსტატობისა და კლუბის სახელისა. მაგალითად: 4:0 "სასუოლოსთან", 6:1 "აიაქსთან", 4:1 "ლივერპულთან" და ა.შ. ასევე იმარჯვებდა სერია A-ს ტიტულისთვის გარკვეულწილად გადამწყვეტ შეხვედრებში, როგორებიცაა "სან სიროზე" "მილანის" დამარცხება (2:1), "სტადიო ოლიმპიკოზე" - "რომასი" (1:0) და "ლაციოსი" (2:1); ბერგამოში, "გევისის" მოედანზე "ატალანტასთან" გამარჯვება (2:1) და სხვა მატჩები, რომლების ჩამოთვლაც არ ღირს, რადგან ძალიან შორს წავალთ.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის შეგირდები ჩინებულად გამოიყურებოდნენ, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო. შემდეგ "ენფილდზე" მიღებული ტრავმა, ერთ თვეზე მეტხნიანი "საკლუბო" ფეხბურთის პაუზა. ამ ყველაფერმა არა მხოლოდ ჩვენებურს, არამედ "პარტენოპეის" პერფორმანსს დაღი დაასვა... "ნაპოლი" ძველებურად აღარ ბრწყინავს და იმედია, ეს ყველაფერი დროებითია... თუმცა ეს არაერთხელ გვინახავს (ეხება როგორც ინდივიდუალურ ფეხბურთელს, ასევე გუნდს), ხვიჩაზე დიდი ფეხბურთელებიც ამოვარდნილან სათამაშო ფორმიდან, ვეღარ გაჰქონდათ გოლები, ვერ აკეთებდნენ ასისტებს, ეს ყველაფერი კი დროებითი იყო, რადგან ტრავმა/იძულებითი პაუზა საფეხბურთო კონდიციებიდან გაგდებს, ხოლო სანამ უკან დაუბრუნდები, გარკვეული დროა საჭირო. ნეიმარის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, რთულია თქვა, მაგრამ ბრაზილიელი ვირტუოზი ხშირად საფრანგეთის ლიგაში მიღებული დაზიანების შემდეგ რამდენიმე შეხვედრას მაღალ დონეზე ვერ თამაშობს, რადგან საფეხბურთო კარიერაც ცხოვრებას ჰგავს, ხან დაღმასვლა გაქვს და ვერ თამაშობ, ხანაც ფრთებს მოისხამ და საუკეთესო კონდიციებში შედიხარ. რადგან ვახსენეთ ნეიმარი, აქვე ვთქვათ, რომ "სელესაოს" ლიდერისა და ხვიჩას თამაში რაღაცით წააგავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნეიმარი მოედანზე ბევრად ლამაზად თამაშობს (არცაა გასაკვირი, ბრაზილიური წარმოშობა ყველაფერს ცხადყოფს), თუმცა ხვიჩა ფიზიკური კონდიციებიდან, ჩინებული ტექნიკითა და სისწრაფით მეტოქის ფეხბურთელებს მარტივად ატყუებს, რის გამოც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს ლიდერის შესაჩერებლად გარკვეული სვლების ან ტაქტიკური სქემის შემუშავება უწევთ. როგორც წესი, ეს სქემა უხეშობაზე გადის...

Sportall.Ge

"სამპდორიასთან" ნაკლებად, მაგრამ "ჯუზეპე მეაცაზე" აშკარად გამოჩნდა, რომ "ინტერის" ფეხბურთელებს სიმონე ინძაგისგან დავალებული ჰქონდათ, რომ ქართველი გარემარბი არაფრის დიდებით არ უნდა გაეტარებინათ, ეთამაშათ ბარათის ზღვარზე და მაქსიმალური უხეშობა გამოევლინათ, რადგან ამ დროს ასპარეზზე ფსიქოლოგიაც ერთვება, როდესაც ფეხში რამდენიმე წუთის წინ ძლიერად მოგხვდა, ცდილობ ისე ითამაშო, რომ ის ტკივილი კიდევ რამდენიმე წუთი არ შეიგრძნო... გარემარბებისთვის ეს დაზიანების მომენტში ყველაზე მეტად აისახება, რადგან უხეშობა მათი მიმართულებით ყოველთვის მეტისმეტი და გადამეტებულია. სწორედ ასეთი დაცვითი სტილი შეიმუშავა სიმონე ინძაგიმ, სიმონე სოძამ კი ფეხბურთელებს ამის შესაძლებლობა მისცა და ყვითელი ბარათებით განზრახ უხეშობისთვის არ დააჯილდოვა...

თუმცა ხვიჩას ხასიათი ყველამ კარგად გაიცნო. გავიხსენოთ ამსტერდამში, "იოჰან კრუიფის არენაზე" (6:1) დუშან ტადიჩმა კვარაცხელიას კინაღამ ფეხი მოტეხა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ქართველი წამოდგა, გოლი გაიტანა და ცვლილება შემდეგ მოითხოვა. სხვათა შორის, ეს გოლი 18-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო ქართველის შესრულებით.

"ინტერთან" მატჩის შემდეგ იტალიური მედიის დამოკიდებულება ორად გაიყო. ერთი მხარე ღიად წერდა, რომ კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო, მეორე კი იცავდა და მოუწოდებდა მსაჯებს, რომ მსგავსი სტილის ფეხბურთელები მოედანზე დაეცვათ.

მოგეხსენებათ, ხვიჩას სეზონის სტარტი როგორი გამოვიდა, იტანდა გოლებს, აკეთებდა ასისტებს, სადებიუტო თვეში საუკეთესო ფეხბურთულად დასახელდა; მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს თავგზა აბნეული ჰქონდათ, არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ ის, რადგან ასეთი სტილის გარემარბები სერია A-ში რაფაელ ლეაოსთან ერთად გამორჩეული არიან. დროის გასვლის შემდეგ კი ერთადერთი გეგმა უხეშობა აღმოჩნდა, რაც სამწუხაროდ, გარკვეულწილად ამართლებს...

Sportall.Ge

თუმცა ხვიჩას მყარი ხასიათი აქვს, როგორც უკვე გითხარით, არ ტყდება, პირიქით, ბოლომდე იბრძვის, ვარჯიშობს და ოცნებებს რეალობად აქცევს. გიორგი მამარდაშვილთან და სხვა გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად საქართველო მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა; "პარტენოპეი" მარადონას შემდეგ ყველაზე მეტად ახლა უახლოვდება ნანატრ სკუდეტოს, რომელიც 1989-90 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია... "კვარა" აუცილებლად ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში, აღიდგენს ძალებს, გაისწორებს სამიზნეს და კვლავაც გაიტანს გოლებს და გადააწოდებს საგოლე გადაცემებს თანაგუნდელებს. ამ ბიჭმა ყველა აალაპარაკა, მისცა იმედი ნეაპოლელებს და დაგვიბრუნა ოცნება ქართველებს, რომ მსოფლიოს ან ევროასპარეზზე ვითამაშოთ.

გახსოვთ, თავდაპირველად ლუჩანო სპალეტი ჟურნალისტებს რომ მოუწოდებდა თავშეკავებისკენ? მართალი ყოფილა, ბევრი კი აკრიტიკებდა, რას აღარ უწოდებდა. დღეს ის ხვიჩას პირველი დამცველია, ხვდება, რომ ქართველს ახლა რთული დრო უდგას, მწვრთნელის ვალდებულება კი მისი დაცვა და ფსიქოლოგიურად მყარად დგომაში დახმარებაა. იტალიელმა სპეციალისტმა პირდაპირ ჟურნალისტების წინ თქვა, რომ კვარაცხელიას პირველი დამცველი ის არის. სწორედ ამიტომ, ლუჩანომ იცოდა, რომ ხვიჩა ერთ სიმაღლეზე სეზონს ვერ ჩაატარებდა და ის აღმაფრენა აუცილებლად შეიცვლებოდა გაუთავებელი კრიტიკით და ეს დროც დადგა...

მალე, 13 იანვარს, ხვიჩა და "ნაპოლი" სერია A-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტურინის "იუვენტუსთან" ჩაატარებენ. მოგეხსენებათ, "პარტენოპეი" უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მორიგ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს სკუდეტოსკენ... ხვიჩა ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მედგრად უნდა შეხვდეს, ითამაშოს, გაგვახაროს და გაახაროს ნეაპოლელები...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაფრისგან "საგიჟეთს" რატომ აწყობთ.
ვისაც ეხება
08:31 11-01-2023
0
ხვიჩამ სერიოზული ტრამვა მიიღო.მითუმეტეს არასწორად უმკურნალეს.ორი-სამი თვე კიდევ ჭირდება.თბილისში არის ქართული პრეპარატი "ლილე" თუ ამ წამალს გამოიყენებს ორ კვირაში მწყობრში იქნება.
ბახტრიონი
22:36 10-01-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული