ხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში კომფორტული სატურნირო სიტუაციის მიუხედავად, "ნაპოლი" მოდუნებას არ აპირებს და ტროფეის კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. აქაურმა ემოციურმა გულშემატკივრებმა წარსული მწარე გაკვეთილის გამო თავშეკავება მაქსიმალურად გამოიჩინეს, თუმცა უკვე საჩემპიონო ტექსტების ამღერება დაიწყეს...

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს. ნიგერიელმა მე-16 გოლი გაიტანა, რითაც საუკეთესო ბომბარდირობისკენ კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიწია. ქართველი გარემარბის მიერ შესრულებული საგოლე პასის სრულად აღქმა კი სიტყვებით რთულია, ის მხოლოდ ექსტრაკლასის შემტევსა (მათგან ეს საქციელი უფრო დასაფასებელია) და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მოთამაშეს შეუძლია. ხვიჩას 17
მატჩში აქტივში 8 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. ჩემპიონთა ლიგასაც თუ ჩავთვლით - 22 მატჩი, 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. რაც შეეხება KO-ს, ანუ კვარაცხელიასა და ოსიმენის საერთო მონაგარს, მათ მონაწილეობა 27 გოლსა და 18 საგოლე მოქმედებაში მიიღეს!..

Sportall.Ge

"კვარას" ნეაპოლურ კარიერის საწყის ეტაპზე არაერთხელ დაგვიწერია, რომ ხვიჩა სტანდარტულ მდგომარეობებში კარგად მონაწილეობს და მისი ამ კომპონენტში გამოყენება გუნდისათვის სასარგებლო იქნებოდა. შეგახსენებთ, ერთ დროს ქართველ ფეხბურთელს ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ვხედავდით. დროთა განმავლობაში ჯარიმებსა და კუთხურებზე მეტად და შედეგიანად ჩართული კვარაცხელია ვნახეთ. ცალკე საუბარები თერთმეტმეტრიანებზე მიდიოდა. ნიშნულიდან "ნაპოლის" მოთამაშეები საკმაოდ სცოდავდნენ, შორიდან კი ისე ჩანდა, რომ "კვარადონა" საკუთარ მოპოვებულ პენალტებზე და არა მხოლოდ, დარტყმის უფლებას "სათანადოდ" არ ითხოვდა. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირდაპირ თქვა, რომ თერთმეტმეტრიანი კვარაცხელიას უნდა შეესრულებინა, თუმცა ბურთთან პოლიტანო მივიდა და ვერ გამოიყენა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენებურს ოსიმენმა თითქოს ბურთი დაუთმო, არადა, სპალეტის გადაწყვეტილებით, მასთან ისედაც 77-ე ნომერი უნდა მისულიყო. ხვიჩა თავის შანსს მოთმინებით დაელოდა, თანაგუნდელებთან თუ მწვრთნელთან "საქმის გარჩევა" არ უცდია, 11 მეტრიდან დარტყმის შესაძლებლობა მიიღო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქმე უკვე გადაიბარა. ვიმედოვნებთ, მის რეალიზებას მომავალშიც ასეთივე წარმატებით შეძლებს.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, "კვარადონას" თამაში, მისი დრიბლინგისა თუ არაორდინარული მოქმედების უნარი სტატისტიკურ მონაცემებზე მაღლა დგას, თუმცა ყოველგვარი მოწიწების გარეშე, დიდია შანსი, კვარაცხელია სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ და ამისთვის მნიშვნელობა ყველაფერს ექნება. აპოკალიფსური სცენარი რომ გამოვრიცხოთ, "ნაპოლი" ნანატრ სკუდეტოს უნდა ეზიაროს, ამ შემთხვევაში კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესოს წოდება ან ვიქტორ ოსიმენმა უნდა მიიღოს, ანაც ხვიჩა კვარაცხელიამ. ნიგერიელი ძალიან მაგარი ფორვარდია. ის აქაურებს მალე გონსალო იგუაინსაც დაავიწყებს და ედინსონ კავანისაც. "ცხრიანი" ბომბარდირი დამაჯერებელი უნდა გახდეს, თუმცა ჩვენ მაინც სუბიექტური ვართ და მთავარი ჯილდო ჩვენებურისთვის გვსურს. ამაზე საუბარი ადრეა და ჯერ კიდევ დაუჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ ასეა - "კვარას" ევროპის ტოპ-ლიგის სეზონის ფეხბურთელობისა და შესაბამისად, "ოქროს ბურთის" ყველაზე ცოტა, ათეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი მაქსიმალურად შორს გავა, მაშინ კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა იქნება. შედარებისთვის, გასულ სეზონში ლიონელ მესის 14 შედეგიანი პასი ჰქონდა, ახლა მისი ეს მაჩვენებელი ათს შეადგენს. "ბარსელონაში" საუკეთესო პერიოდში არგენტინელის "ასისტები" 21-იც ყოფილა. ეს ძალიან ღირებული და ზოგჯერ გოლზე დიდი მნიშვნელობის კომპონენტიცაა. 

"ნაპოლის" დატვირთული გრაფიკი გრძელდება, მალე ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ "აინტრახტთან" ორრაუნდიანი დაპირისპირებებიც ელით. უკანასკნელ მატჩში ბოლო დროს დაცვის ხაზში არსებული პრობლემები მინიმუმამდე იყო დასული და დაველოდოთ, უფრო ძლიერ მეტოქესთან რას ვნახავთ. მნიშვნელოვანია, გუნდისთვის ერთ-ერთმა საყრდენმა წერტილმა, სლოვაკმა სტანისლავ ლობოტკამ, თამაში ასეთივე წარმატებით გააგრძელოს და სპალეტის გუნდი მინდვრის ცენტრში არავის არაფერს დაუთმობს, მთავარი შემოქმედებითი ამბები კი ხვიჩა-ვიქტორის დუეტს წარმატებით აბარია!..

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა [VIDEO]

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას.არ გვინდა ხვიჩას განსაკუთრებული გამოყოფა. თვითონ ხვიჩა ძალიან თავმდაბალი და სასიამოვნო პიროვნებაა. ყველაფერი თავის სიტყვას იტყვის და შედეგს დადებს. მით უმეტეს არ გვინდა წნეხი 21 წლის ჭაბუკზე. წარმატებას ვუსურვებ, როგორც მთელი საქართველო. ვისურვებდი, რომ პარტნიორებმა ცოტა მეტი იფქრონ მასზე (როგორც ამას ოსიმენი აკეთებს), თუმცა ბურთს თუ ძალიან ხშირადაც არ მიაწოდებენ არც ეგ არის პრობლემა.დატვირთვები, რომლებიც ძალიან დიდია თანამედროვე ფეხბურთში უფრო რბილად და თანაბრად განაწილდება. შედეგიანი მოქმედებები, ხომ საკმარისად დიდია მით უმეტეს დებიუტისათვის.
გია
12:05 07-02-2023
1
პოლონელი გულშემატკივრები: "ნაპოლის ჟელინსკი მიათრევს".
ნიგერიელი გულშემატკივრები: "ნაპოლის ოსიმენი მიათრევს".
წინა სეზონში სად იყავით? რატომ არ მოიგეთ სკუდეტო?
ძალიან მინდა, რომ ManchesterUnited-მა ოსიმენი მალე იყიდოს. იქ ოსიმენი დაიკარგება. ნაპოლი კი უფრო კარგად ათამაშდება. მერე გამოჩნდება, ვინ მიათრევს ნაპოლის.
ქ. გ.
07:21 07-02-2023
4

სიახლეები პოპულარული